საქართველოს პირველობა: ოცი წლისას ძალაც გერჩის

AutoSharing Option
20-წლამდელ ძალოსანთა საქართველოს პირველობაში რეგიონების 100-ამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის - ყველა, უძლიერესი საჩხერელი ლაშა ტალახაძისა და ზუგდიდელი ბაჩანა ქუხილავას გარდა. ისინი ეროვნულ ნაკრებში დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე სპეციალური პროგრამით ემზადებიან.

განსაკუთრებით მძაფრი ორთაბრძოლა გაიმართა 69 კილოში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონსა და პრიზიორ გიორგი ლომთაძესა და კონტინენტის პრიზიორ შოთა მიშველიძეს შორის. ლომთაძემ სამიოდე თვის წინათ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ჯერ კიდევ ვერ არის ჩვეულ სპორტულ ფორმაში.

ამის მიუხედავად, ორჭიდის ჯამში 280 კილოგრამი ურიგო შედეგი არ არის, აი, მიშველიძემ სპეციალისტებიც კი გააკვირვა:
მან 130 კილო აიტაცა და 160 კილო აკრა, ორჭიდში 290 კილოგრამი მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. არადა, თავად 65 კილოა და 69 კილოში დებიუტი ჰქონდა.

85 კილოში უკონკურენციო იყო ზურიკო თავაძე, რომელმაც ორივე მოძრაობაში მხოლოდ თითო ცდა გამოიყენა (131+154), რაც ოქროსთვის საკმარისი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, დუშეთში საკონტროლო ვარჯიშზე 147 კილოგრამი აიტაცა და აკვრაში 180-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა. 105 კილოში ასევე უკონკურენციო იყო ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ვილი ალექსიძე. ორჭიდში მან ვერცხლისმედალოსან ირაკლი ბენდელიანს 120 კილოთი აჯობა.

- შეჯიბრების მთავარი მიზანი პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და 20-წლამდელთა წლევანდელი ევროპის პირველობისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატების შერჩევა იყო, - გვითხრა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ. - მართალია, ამჯერად მონაწილეთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ბევრად არ გაზრდილა. სამაგიეროდ, შედეგები გაუმჯობესდა საგრძნობლად. დიდი ხანია, გუნდური პირველობისთვის ქუთაისელი და აჭარელი ძალოსნები იბრძვიან. ამჯერადაც ასე იყო.

საქართველოს ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად ძირითად არტერიას სწორედ ეს ორი რეგიონი წარმოადგენს. წლების განმავლობაში თბილისელი ძალოსნები საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში ვერ ერეოდნენ, მაგრამ მეორე წელიწადია, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა.

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ ძალოსნობის მწვრთნელების მატერიალურად წაახალისა, დედაქალაქში სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. თბილისელ ათლეტთა წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს - თემურ ჯანჯღავას, გურამ ფარულავას და ზურაბ ანთაურს. ასევე - ერთი წლის წინათ დაფუძნებულ დედაქალაქის ძალოსნობის ფედერაციას, რომელსაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი ხელმძღვანელობს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია საჩხერელთა წარმატებები გიორგი გაბრიჭიძის თავკაცობით. წლევანდელ პირველობაზე ისინი მესამე ადგილზე გასულ თბილისელებს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩნენ. არადა, როგორც ზემოთ ვთქვით, საპატიო მიზეზით არ უასპარეზია საჩხერელთა ლიდერს მძიმე წონაში ლაშა ტალახაძეს. წლის ბოლომდე იმერელ ძალოსნებს ოლიმპიური ჩემპიონის - გიორგი ასანიძის სახელობის ახალი დარბაზი ექნებათ, კარგი სპეციალისტებიც ჰყავთ, რაც მომავალ წარმატებათა გარანტი იქნება.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე, ორჭიდში - 141 კგ), 2. შოთა ომარაშვილი (თბილისი, 130), 3. გოგი კაკიაშვილი (აჭარა, 120).
56 კგ. 1. რამინ შამილიშვილი (აჭარა, 213), 2. გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი, 168), 3. შოთა ბენიძე (ქუთაისი, 150).
62 კგ. 1. ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე, 243), 2. ლერი ბენდელიანი (ქუთაისი, 208), 3. ვახტანგ ვეკუა (ზუგდიდი, 185).
69 კგ. 1. შოთა მიშველიძე (290), 2. გიორგი ლომთაძე (ორივე - ქუთაისი, 280), 3. ნუგზარ ლორთქიფანიძე (აჭარა, 230).
77 კგ. 1. ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა, 288), 2. თემურ პერტაია (ზუგდიდი, 281), 3. ზაზა გაბედავა (ქუთაისი, 232).
85 კგ. 1. ზურიკო თავაძე (285), 2. ლაშა კოპალიანი (ორივე - ქუთაისი, 283), 3. სოსო ხუცინაშვილი (თბილისი, 257).
94 კგ. 1. უჩა ინაძე (285), 2. დავით ბეროზაშვილი (ორივე - თბილისი, 267), 3. მამუკა ჯორბენაძე (აჭარა, 255).
105 კგ. 1. ვილიამინ ალექსიძე (აჭარა, 320), 2. ირაკლი ბენდელიანი (ქუთაისი, 200), 3. გოჩა ჯაბნიძე (აჭარა, 200).
+105 კგ. 1. რაულ ისმაილოვი (თბილისი, 215), 2. პაპუნა ბოჭორიშვილი (ქუთაისი, 195), 3. ბაკურ დევაძე (აჭარა, 177).

გუნდური: 1. ქუთაისი (120 ქულა, მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე), 2. აჭარა (112, აბესალომ ბასილია), 3. თბილისი (105, თემურ ჯანჯღავა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული