უკვე ვწერდით ქუთაისელი რაულ ცირეკიძის წარმატების შესახებ: 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ატაცსა (165) და აკვრაში (200) მცირე ვერცხლის მედლები დაიმსახურა, ორჭიდის ჯამში (365) ყველას აჯობა და დიდი ოქროთი დაიმშვენა მკერდი.
ასპარეზობის ბოლო დღეს ფიცარნაგზე ირაკლი თურმანიძე (აჭარა, +105) გავიდა. მან ატაცში ყველა ცდა წარმატებით გამოიყენა, ისევე, როგორც სომეხმა ჰაიკ ჰაკობიანმა.
ორივე სპორტსმენმა მესამე ცდაზე 195 კილოგრამი აიტაცა. ქართველი ათლეტი მეტოქეზე ოთხი
აქ უძლიერესი იყო რუსი რუსლან ალბეგოვი, რომელსაც თურმანიძემ ატაცში ოთხი კილოთი გაუსწრო. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მესამე ცდაზე 238-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში 429 კილოთი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
ხუთი კილოთი ნაკლები (424=190+234) მოაგროვა გერმანელმა მათიას შტეინერმა, რომელმაც ორჭიდში კილოგრამით აჯობა თურმანიძეს (423=193+228) და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ირაკლის დიდი ბრინჯაო ერგო.
105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ალუდა მანაგაძე, რომელიც ორჭიდში 376 კილოგრამით (170+206) მე-8 ადგილს დასჯერდა. საპრიზო ადგილები აქ ასე განაწილდა: 1. დავიდ ბეჟანიანი (რუსეთი, 405-185+220), 2. მაქსიმ შეიკო (რუსეთი, 401-185+216), 3. მიხაილ აუძეიეუ (ბელარუსი, 395-180+215).
ევროპის ჩემპიონატზე 34 ქვეყნის წარმომადგენლები ცდიდნენ ძალებს. მათგან მედლები მხოლოდ 17-მა მოიპოვა ორ-ორი ოქრო-ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოთი საქართველო მეხუთე ადგილზეა. ჩვენებს რუსებმა (6, 3, 2), აზერბაიჯანელებმა (5, 0, 1), თურქებმა (3, 3, 2) და მოლდოველებმა (2, 4, 4) გაუსწრეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"