სათაური შემთხვევითი არ ყოფილა - მართლაც, საქართველოს დელეგაციის მესვეურებმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა მათემატიკური სიზუსტით გამოთვალეს, თუ როგორ უნდა ასულიყო რიონისპირელი ჭაბუკი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. როგორ მოხდა ეს, თავად ჩემპიონი გიამბობთ.
- ატაცი 160 კილოთი დავიწყე და 165-ით დავასრულე, რამაც მცირე ვერცხლის მედალი მომიტანა. ერთი კილოგრამით გამისწრო მასპინძელმა ფათიხ ბაიდარიმ. თუმცა იგი აკვრაში ვერ
თუმცა იქამდე ურთულესი პაექრობები იყო - ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც. ოლიმპიურმა ჩემპიონმა გია ასანიძემ ვანო გრიქუროვთან, რომელიც მაშინ დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე იმყოფებოდა ნაკრების წევრებთან, სატელეფონო საუბრით და ანტალიაში მყოფ ნაკრების წევრებთან შეთანხმებით ზუსტად გათვალა, რომ მედლისთვის საწყის წონად 193 კილოგრამი ამეკრა.
არ გამჭირვებია - მე ხომ ვარჯიშებისას 203 კილოგრამიც მქონდა დაძლეული. რუმინელი ორი კილოგრამით უფრო მძიმე შტანგას მოერია და ორჭიდში კილოთი გამისწრო. თურქმა მხოლოდ მე-3 ცდაზე დაიმორჩილა 193 კილო. სინჩრაიანს 198 კილოზე მეორე და მესამე მისვლა გაუცუდდა.
ეს ყველაფერი შეჯიბრების შემდეგ შევიტყვე, რადგან მწვრთნელებმა მთხოვეს, ასპარეზობის მსვლელობისთვის თვალყური არ მედევნებინა და მხოლოდ ჩემს წონაზე მეფიქრა. ესეც სწორი გათვლა იყო, რადგან რომელიმე სინჯის მედლის განაღდების შემთხვევაში, შესაძლოა, მოვდუნებულიყავი და მესამე ცდაზე 200 კილო ვერც დამეძლია.
მწვრთნელების გათვლით კი, სწორედ ამ წონას უნდა ავეყვანე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. თუმცა რჩებოდა ერთი რეალური მეტოქეც - გერმანელი ტომ შვარცბახი. ატაცში 10 კილოთი კი ჩამოვიტოვე, მაგრამ შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მან 205-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა.
გერმანელი ანტალიაში უწინდელ შედეგს ორი კილოთი თუ გააუმჯობესებდა, მე კი 200 კილოს ვერ დავძლევდი, ჩემპიონი ის გახდებოდა. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დამთავრდა და ორჭიდში 365 კილოთი (165+200) ოქროს მედალი დავიმსახურე...
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1997 წელს 10 წლის ყმაწვილი მამამ - ყოფილმა ძალოსანმა გია ცირეკიძემ რკინას დააჭიდა. შვიდი წელიწადი მონდომებით ვარჯიშობდა. შიდა შეჯიბრებებში თანატოლებს კი ჯაბნიდა, მაგრამ საერთაშორისო სარბიელისკენ მას შემდეგ გაიკაფა გზა, რაც 2004 წლის ათენის ოლიმპიადის შემდეგ თბილისში ვანო გრიქუროვთან გადმოვიდა სავარჯიშოდ.
2007 წელს ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მერე იყო პეკინის ოლიმპიადა, რომელიც ატაცში 143 კილოთი და მხრის ტრავმით დაასრულა. ოპერაციის შემდეგ იარების მოშუშებას ორი წელიწადი დასჭირდა.
2010 წლის ნოემბერში ფიცარნაგზე დაბრუნება 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედლით აღნიშნა. 2010-11 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრებს სალიცენზიო ქულები შესძინა და ლონდონის ოლიმპიადის 3 საგზურის მოპოვებაში პირადი წვლილი შეიტანა. და აი, სპორტული კარიერის გვირგვინი - წონაში კონტინენტზე უძლიერესის სახელი.
- ანტალიაში გამგზავრებამდე თუ ფიქრობდი ოქროზე?
- ისეთი მომზადება გავიარე, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც სამეულში მოსახვედრად მზად ვიყავი. ასე რომ, შემთხვევით არაფერი მომხდარა. ყველაფერი ჩემი მწვრთნელების დამსახურებაა. შეჯიბრების მოსაგებად მარტო ძალა და ტექნიკა არ კმარა, ზუსტი სტრატეგიაცაა საჭირო.
- ჩვენი დროშის აღმართვისას ძველი ჰიმნი დაუკრეს...
- არ ვიცი, როგორ მოუვიდათ ორგანიზატორებს ეს შეცდომა. დაჯილდოების დამთავრებისთანავე ჩვენს პროტესტზე თურქეთის ძალოსნობის ფედერაციამ ოფიციალურად მოგვიბოდიშა და დარბაზშიც გამოაცხადა. მართალი გითხრათ, ჩემპიონობის მოპოვებით ისე ვიყავი აღელვებული, მაშინღა მივხვდი, ძველ ჰიმნს რომ უკრავდნენ, როცა მუსიკა შეწყვიტეს.
- წინ ოლიმპიადაა...
- დიახ, მაგრამ მანამდე, მაისის ბოლოს, ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მას შემდეგ დაასახელებს იმ სამი ათლეტის ვინაობას, ვინც ლონდონში გაემგზავრება.
- სპორტსმენებს ხშირად ეკითხებიან კერპების შესახებ. შენთვის ვინ იყო მისაბაძი?
- ისეთ დროს დავიწყე ძალოსნობაში ვარჯიში და სპორტის ლაბირინთებში გზის გაკვლევა, როცა საერთაშორისო სარბიელზე ჯერ კახი კახიაშვილის, შემდეგ კი გიორგი ასანიძის სახელები ქუხდა. სხვა ვინ უნდა მყოლოდა მისაბაძად? ჩემს საძინებელ ოთახში დღემდე მათი სურათები ჰკიდია. ყოველთვის ვოცნებობდი, ოდესმე მათ მიღწევებს მივახლოვებოდი. მომავალშიც ვეცდები, ბავშვობის სურვილები რეალობად ვაქციო.
- ძალოსნობის გარდა, რა გიტაცებს?
- ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი. ბავშვობისას თანატოლების დონეზე ჭადრაკსაც კარგად ვთამაშობდი. ცურვა მიყვარს ძალიან, მე ხომ რიონის პირას გავიზარდე.
- ძალოსნებს ჭამა უყვართ. წონის პრობლემა ხომ არ გაქვს?
- მართალი გითხრათ, ჭამა კი მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ თავის შეკავებაც მიწევს, რადგან წონის "დაჭერა" აუცილებელია. აი, ჩემს მეგობარს - ირაკლი თურმანიძეს, ამ მხრივ პრობლემა არ აქვს.
- სასმელებს თუ ეტანები?
- სანამ აქტიურ სპორტში ვარ, ცხოვრების ჯანსაღი წესით ვიცხოვრებ.
- ხშირად მეკითხებიან, ირაკლი ცირეკიძის ნათესავი ხომ არ არისო?
- არა, უბრალოდ მოგვარეები ვართ, მაგრამ ერთი კუთხის შვილებს აუცილებლად ძირიც ერთი გვექნება. ვმეგობრობთ კიდეც. მოგვარე და თანაქალაქელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონიც მისაბაძ მაგალითად მყავს. ასე რომ, ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა თუ მომიწევს, შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა ვაჩვენო, რომ ქომაგები არ გავაწბილო...
ანტალიაში ევროპის ჩემპიონატს ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ასანიძეც ესწრებოდა.
- რაულ ცირეკიძე შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული სპორტსმენია, - გვითხრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა. - მას ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ ნებისმიერ შეჯიბრებაზე, მათ შორის - ოლიმპიურ თამაშებში, მედლის რეალური კანდიდატი იყოს. ის ჯერ 25 წლისაა. ამიტომ იმ მომავლის გუნდშიც მოიაზრება, რომელსაც ვანო გრიქუროვი რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ქმნის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"