ალბათო, იმიტომ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გუნდის საბოლოო შემადგენლობას მხოლოდ მაისის მიწურულს, ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ დაასახელებს.
ჩაქველმა სპორტსმენმა დივიდენდები ევროპის ჩემპიონატზე საგრძნობლად გაზარდა - სახელოვან ათლეტებთან პაექრობისას ორჭიდში (423 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ატაცში (195) კი ოქრო დაიმსახურა.
"შარშან ყაზანში ევროპის ჩემპიონატზე ატაცში მეორე ადგილი დავიკავე, ორჭიდში კი მეოთხე ვიყავი, ამიტომ ანტალიაში გამგზავრებამდე ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელებიც მძიმე წონაში
იმის მიუხედავად, რომ ჩემს წონაში ტიტულოვანი ძალოსნები გამოდიოდნენ, მათ შორის - პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი და ევროპის ჩემპიონატების სამგზის პრიზიორი გერმანელი მატიას შტაინერი, ევროპის ჩემპიონი რუსლან ალბეგოვი, ფიცარნაგზე გასვლის წინ შიში არ მქონია. ატაცში სამივე ცდა გამოვიყენე. მე და სომეხმა ჰაიკ აკობიანმა 195-195 კილო დავძლიეთ, მაგრამ პირადი წონით მასზე ნაკლები ვიყავი და ოქროც მე მერგო.
- მედლის მოპოვება აკვრაშიც შეგეძლო...
- გეთანხმებით, მაგრამ საწყის წონას - 220 კილოს უყურადღებოდ მოვეპყარი. ეს წონა ვარჯიშებისას ხშირად თავისუფლად მქონდა დაძლეული. დასტურად მეორე მისვლაც გამოდგება.
პირველი ცდა რომ არ გამეფუჭებინა, შესაძლოა, ორჭიდში ვერცხლიც ამეღო, რადგან მეორე ადგილზე გასულ შტაინერს მხოლოდ კილოგრამით ჩამოვრჩი. ალბეგოვის გასწრება კი ამჯერად შეუძლებელი იყო, რადგან მან 238 კილო აკრა და ორჭიდში 429 კილოგრამით ჩემპიონობა მოიპოვა.
ყოველივეს მიუხედავად, ანტალიის ფიცარნაგზე ატაცში ოქროსა და ორჭიდში მოპოვებულ ბრინჯაოს ურიგო არ ეთქმის. თუმცა მიღწეულით არ დავკმაყოფილდები. კარს მოგვადგა ოლიმპიური თამაშები და, თუ ნაკრების ხელმძღვანელები მენდობიან, ბრიტანეთის დედაქალაქშიც წარმატების მისაღწევად არაფერს დავიშურებ.
- ქომაგებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, ძალოსნობა რატომ აირჩიე?
- შემთხვევით მოხდა. ჩემმა პირველმა მწვრთნელმა ბესო ბასილიამ რატომღაც თანატოლებში გამომარჩია და ძალოსნობის დარბაზში მიმიყვანა. რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს მშობლიურ ჩაქვში აჭარის შიდა ტურნირი ჩატარდა. პირველი ადგილი რომ დავიკავე, მედლითა და თასით დამაჯილდოვეს. შეჯიბრებას თანაკლასელებიც ესწრებოდნენ - შემაქეს და შემაგულიანეს. მას შემდეგ უფრო მონდომებით განვაგრძე ვარჯიში. მაშინ 15 წლის ვიყავი.
- წარმატებები კი უფრო გვიან მოვიდა...
- 2007 წელს თბილისში ჩამოვედი და იმ დარბაზში დავიწყე მეცადინეობა, სადაც გიორგი ასანიძე ემზადებოდა მორიგი შეჯიბრებისთვის. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ყურადღება მომაქცია, რჩევა-დარიგებებს მაძლევდა. მისი ინიციატივით დამტოვეს თბილისში. 2009 წელს საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი, პირველად ბატონმა გიორგიმ წამიყვანა უცხოეთში შეჯიბრებაზე - კორეაში მსოფლიოს ჩემპიონატზე. მერე 2010-11 წლების სალიცენზიო მსოფლიოს პირველობებზეც გამოვედი და ეროვნულ ნაკრებს ჩასათვლელი ქულები მივეცი.
- ყველა სპორტსმენს თავისი კერპი ჰყავს. ჭაბუკობისას შენ ვის ბაძავდი?
- შორს წასვლა არ დამჭირვებია. მაშინ მთელ მსოფლიოში სახელოვანი ძალოსნების - კახი კახიაშვილის და გიორგი ასანიძის სახელები ქუხდა. განსაკუთრებით კახიაშვილი იყო ყველასთვის სამაგალითო. ბარსელონაში დაძლეული 235 კილოგრამით მან ქართველებს მენტალიტეტი შეგვიცვალა. დაგვარწმუნა, რომ მონდომების შემთხვევაში შეუძლებელიც კი შესაძლებელია.
- სპორტის გარდა, რა გიტაცებს?
- ჩაქვში დაბადებულსა და გაზრდილს ცურვა რომ არ მიყვარდეს, სირცხვილია. ტელევიზორში ფეხბურთსაც სიამოვნებით ვუყურებ, რაგბისა და კალათბურთსაც.
- ძალოსნებს მადიანი ჭამა გიყვართ. წონის პრობლემა ხომ არ გაწუხებს?
- მძიმეწონოსნები, ამ მხრივ, გამორჩეულები ვართ - ოღონდ გემრიელი საჭმელი იყოს და არაფერს ვიკლებთ. პირადად მე, აჭარული ხაჭაპურით დაწყებული, არაფერს ვიწუნებ, თუმცა, განსაკუთრებით, ქართული კერძები მიყვარს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"