გია მაჭავარიანი - მედლის ერთ-ერთი კანდიდატი

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე 6 აგვისტოს 105-კილოგრამიანი წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვლენ.

მედლის ერთ-ერთი კანდიდატია გია მაჭავარიანი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სამი საგზური მოეპოვებინა.

ქართველი ათლეტისთვის, რომელიც ხარაგაულში დაიბადა და გაიზარდა, ყველაზე წარმატებული 2011 წელი აღმოჩნდა.

ყაზანში ევროპის ჩემპიონატზე ერთბაშად სამი ვერცხლის მედალი დაიმსახურა: ექვსიდან ხუთი ცდა გამოიყენა: 183 კილოგრამი აიტაცა და მხოლოდ ხაჯიმურატ აკაევს (რუსეთი) ჩამორჩა.

ამ უკანასკნელმა 195-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა. აკაევი 2011 წლამდე 94 კილოში გამოდიოდა. ათენისა და
პეკინის ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ყაზანში არა მარტო ატაცი მოიგო, არამედ აკვრაშიც პირველი იყო და, ცხადია, ორჭიდში ოქროს მედალიც მას ერგო.

მაჭავარიანმა 217 კილოგრამი აკრა და, როგორც ამ მოძრაობაში, ისე ორჭიდშიც ვერცხლის ჯილდოები ხვდა.

რუსებს ამ წონაში კიდევ ერთი სახელოვანი ათლეტი ჰყავთ - დმიტრი კლოკოვი. 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე, 423 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა (ჩემპიონობა ბელარუსმა ანდრეი არამნაუმ მოიპოვა. იგი ლონდონში არ გამოვა); 2005 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, მსგავს შეჯიბრებებზე ორ-ორჯერ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვს დამსახურებული, 2010 წელს ევროპის ჩემპიონატზე იყო პირველი; შარშან ყაზანში არ უასპარეზია, სამაგიეროდ, პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსინჯა ძალები.

მედლებისთვის იქ, ფაქტობრივად, სამი ძალოსანი იბრძოდა - აკაევი, კლოვოკი და მაჭავარიანი. ხაჯიმურატმა საფრანგეთის დედაქალაქში 198 კილოგრამი აიტაცა, 232 კილოგრამი აკრა და ორჭიდში 430 კილოგრამით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

გამარჯვებულს 4 კილოთი ჩამორჩა მისი თანაგუნდელი კლოკოვი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობა უმთავრესად მაჭავარიანსა და პოლონელ ბონკს შორის მიმდინარეობდა.

ბოლო მომენტში კიდევ ერთი კონკურენტი გამოჩნდა - უკრაინელი ოლექსეი ტოროხტი. მაჭავარიანმა 187 კილოგრამი აიტაცა და აკაევ-კლოკოვის შემდეგ მესამე იყო; თან, უმთავრეს მეტოქეებს საგრძნობლად უსწრებდა. ამიტომაც აკვრაში ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ მეტად ფრთხილი პოლიტიკა აირჩია: მაჭავარიანმა ასპარეზობა 212 კილოგრამით დაიწყო და 222 კილოგრამით დაასრულა. ორჭიდში 409 კილოგრამით მესამე ადგილზე იყო.

ბონკმა 221 კილოგრამზე მეტი ვერ დაძლია და მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. ტოროხტიმ, რომელსაც დასაკარგავი არაფერი ჰქონდა, 229 კილო შეუკვეთა, რაც მანამდე არასდროს დაეძლია. ბოლო, მესამე ცდაზე უკრაინელმა ეს წონა დაიმორჩილა და ორჭიდში 410 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა. მაჭავარიანს მეოთხე ადგილი ხვდა.

პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გია მაჭავარიანი მონდომებით ემზადებოდა ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის.

წლეულს, მაისში, ეროვნულ ჩემპიონატზე მოსინჯა ძალები. შარშან საფრანგეთში 187 კილოგრამი რომ აიტაცა, ამით 1999 წელს მუხრან გოგიას მიერ დამყარებული ეროვნული რეკორდი გაიმეორა, ზუგდიდში კი გიამ ეს მიღწევა 5 კილოგრამით დაამძიმა, აკვრაში 225-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდში 417 კილოგრამით, ანუ საქართველოს რეკორდით ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.

ლონდონში გამგზავრებამდე ვარჯიშებზე პირადი მიღწევა მან კიდევ გააუმჯობესა. ამდენად, ქართველ ძალოსანს რეალური შანსი აქვს, სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეებს, მით უმეტეს, რომ ფავორიტები ლონდონში აღარ გამოვლენ: რუსეთის სპორტის მინისტრის - ვიტალი მუტკოს განცხადებით, დმიტრი კლოკოვი, მედიკოსების დასკვნით (უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია რუსი სპორტსმენის ჯანმრთელობაზე არ მოგვეპოვება), 2012 წლის ოლიმპიურ ფიცარნაგზე ვერ იასპარეზებს. ოლიმპიური თამაშების წესების შესაბამისად, კლოკოვის სხვა ძალოსნით შეცვლა უკვე აღარ შეიძლება.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთს ამ წონაში წარმომადგენელი საერთოდ არ ეყოლება, რადგან ზურგის ტრავმის გამო ქვეყნის სპორტულ ღირსებას ვერც ხაჯიმურატ აკაევი დაიცავს.

ფავორიტების შეჯიბრებამდე ჩამოშორების მიუხედავად, მაჭავარიანს უკრაინელი ოლექსეი ტოროხტის, პოლონელების - მარჩინ დოლეგას და ბართლომეი ბონკის, ირანელი ჰავაბ ნასირშელალისა და სხვათა სახით არანაკლები სიძლიერის კონკურენტები ეყოლება და როგორ გაუწევს მათ წინააღმდეგობას, 6 აგვისტოს ეს ლონდონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე გამოჩნდება.

ჩვენებური A ჯგუფში ისპარეზებს, სადაც პაექრობები 22 საათზე დაიწყება.

ფავორიტები გია მაჭავარიანს შეჯიბრებამდე ჩამოშორდნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიცენზიანტი. გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებას გისურვებ გია, გამარჯვებული დაბრუნებულიყავი საქართველოში.
gizog
14:43 06-08-2012
0
წარმატებას გისურვებ გია, გამარჯვებული დაბრუნებულიყავი საქართველოში.
gizog
14:43 06-08-2012
0

სიახლეები პოპულარული