ორი მათგანი უკვე გავიდა ფიცარნაგზე. 62 კილოში 18 წლის ქუთაისელმა შოთა მიშველიძემ, რომელსაც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე ავარჯიშებს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა: აიტაცა 126 კილო, 155 აკრა და ორჭიდში 281 კილოგრამი მოაგროვა. სამივე შედეგი უფროსებში ჩვენი ქვეყნის ახალი მიღწევაა. საგულისხმოა, რომ მიშველიძემ ორი წლის წინათ ვალენსიაში ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე (56 კილოში) ორჭიდში 229 კილოგრამით მე-3 ადგილი დაიკავა, ატაცში (103 კგ) ვერცხლი
ეილათში 62 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფავორიტმა - რუმინელმა ელორინ გროიტორუმ ორჭიდში 289 კილოგრამით (123+157) ოქროს მედალი დაიმსახურა, მოლდოველმა იონ ტერნამ 276 კილოგრამით (121+155) მესამე ადგილი დაიკავა.
სამი წლის წინათ ეილათმა ჭაბუკთა ევროპის პირველობას უმასპინძლა. მაშინ ქუთაისელმა გიორგი ლომთაძემ (მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე) ჩემპიონობა მოიპოვა. რიონისპირელი ჭაბუკი შარშან 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე კვიპროსში 307 კილოგრამით (140+167) ვერცხლის მედალს დასჯერდა.
4 დეკემბერს გიორგიმ 69 კილოში ეილათის ფიცარნაგზე ასპარეზობა ისევ ოქროთი დაიწყო: ამჯერად უმაღლესი სინჯის მედალი ატაცში ერგო - სამივე ცდა გამოიყენა და 143 კილოგრამით საქართველოს რეკორდიც დაამყარა.
აკვრა 167 კილოგრამით დაიწყო. სამწუხაროდ, მომდევნო ორი ცდა გაუცუდდა, რამაც კონკურენტებს დაწინაურების შანსი მისცა. ლომთაძემ ორჭიდში 310 კილოგრამით (ესეც საქართველოს რეკორდია) მესამე ადგილი დაიკავა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აზერბაიჯანელი ფირიდუნ გულიევი (316=136+180) ავიდა, მეორე ადგილი მოლდოველ არტიომ პიპას (314=142+172) ხვდა.
ეილადში 20-წლამდელთა პირველობაზე კიდევ სამი ქართველი ძალოსანი მოსინჯავს ძალებს: ხვალ ზურიკო თავაძე (85) და ვილიამინ ალექსიძე (94) იასპარეზებენ, 8 დეკემბერს კი ქვეყნის სპორტულ ღირსებას მძიმე წონაში ლაშა ტალახაძე დაიცავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"