ვალენსიაში ევროპის პირველობაზე ექვსმა სპორტსმენმა იასპარეზა. თავი გამოიჩინა ყოფილი ძალოსნის კობა ტალახაძის ვაჟმა, მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ. საჩხერელმა ათლეტმა ატაცში (158 კგ), აკვრასა (187) და ორჭიდში (345) ოქროს მედლები მოიპოვა, თან თანატოლებში საქართველოს სამი რეკორდი დაამყარა. 17 წლის ყმაწვილმა საკუთარი მაჩვენებლები ხუთიოდე თვეში საგრძნობლად გააუმჯობესა - ქუთაისში საქართველოს თასის გათამაშებაზე 165 კილო აიტაცა და 191 კილოგრამი აკრა. ლაშას გადაწყვეტილი აქვს,
ვალენსიაში ევროპის პირველობაზე ქუთაისელმა შოთა მიშველაძემაც (56) იყოჩაღა, რომელმაც ერთი ვერცხლისა (ატაცში - 103 კგ) და ორი ბრინჯაოს (აკვრაში - 126, ორჭიდში - 229) მედალი მოიპოვა. ორჭიდში ვერცხლი მხოლოდ პირადი წონით დათმო.
სპეციალისტები ოქროს უწინასწარმეტყველებდნენ ჭაბუკებში შარშანდელ ჩემპიონ ვილიამინ ალექსიძეს (აჭარა, 94), მაგრამ მას ატაცში არ გაუმართლა - 135 კილოთი მხოლოდ VII იყო, სამაგიეროდ, აკვრაში დაჯაბნა მეტოქეები - 181-კილოგრამიანი შტანგა დაძლია და მცირე ოქროსთან ერთად ორჭიდში ბრინჯაო ერგო. ამავე შეჯიბრებაზე ჯაბა ჩიბურდანიძემ (აჭარა) და ზურაბ თავაძემ (ქუთაისი), შესაბამისად, VII-VIII ადგილები დაიკავეს, ხოლო ზუგდიდელი თემურ პერტაია XI იყო. ზემოაღნიშნული ადგილები ზუსტად ვერ ასახავს ამ ბიჭების რეალურ შესაძლებლობებს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ, მაგალითად, ჩიბურდანიძემ ევროპის პირველობიდან სამი თვის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე ვალენსიაში ნაჩვენები შედეგი ორჭიდში 19 კილოგრამით გააუმჯობესა.
20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე გიორგი ლომთაძემ (69), რომელიც ჭაბუკებში კონტინენტის 2009 წლის ჩემპიონია, აკვრაში 164 კილოგრამი დაიმორჩილა, რითაც ამ მოძრაობაში ბრინჯაო ერგო და უფროსებში საქართველოს რეკორდსაც გადაამეტა. ორჭიდის ჯამში კი მხოლოდ 2 კილოთი ჩამორჩა მესამეადგილოსანს და მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა. ცხადია, გულდასაწყვეტია, მაგრამ მას ამ ასაკში კიდევ ორჯერ მოუწევს ძალების მოსინჯვა, რადგან ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. მედალს უგეგმავდნენ ზუგდიდელ დავით გოგიასაც (105). მანაც უნაკლოდ გამოიყენა ექვსივე ცდა, აკვრასა (163) და ატაცში (205) საუკეთესო შედეგებიც აჩვენა, თუმცა ორჭიდში ბრინჯაო პირადი წონით დათმო და მეოთხე ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, 23-წლიანებში ორი ბრინჯაოს მედალი (ატაცში-157, ორჭიდში-342) ქუთაისელმა რაულ ცირეკიძემ (85) დაიმსახურა.
- ახალგაზრდების წარმატებები გვახარებს, რადგან საქართველოს ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი საზრუნავი მაინც მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, რომელსაც ანტალიამ უმასპინძლა, - გვითხრა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ, - ეს შეჯიბრება ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულებს იძლეოდა. საბოლოოდ 57 ქულა მოვაგროვეთ.
ეს ჩვენთვის კარგი შედეგი იყო მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრები თითქმის გაგვინახევრდა: იცით, რომ პეკინის ოლიმპიადის დამთავრებისთანავე პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად და დღეს ამ ქვეყნის სპორტულ ღირსებას იცავს არსენ კასაბიევი. გამოგვაკლდა ალბერტ კუზილოვიც, რომელმაც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ დოპინგკონტროლისას აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და ოთხი წლით დისკვალიფიკაცია მისცეს. ყოველივეს მიუხედავად, ანტალიაში ნაჩვენები შედეგები გვაიმედებს, რომ ოლიმპიადის 3 საგზურს მაინც მოვიპოვებთ. თუმცა ყველაფერს გაისად პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატი გასცემს პასუხს. ჩვენი ბიჭები შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე იმაღლებენ ოსტატობას და იმედია, არც მომავალში გაგვაწბილებენ. გია მაჭავარიანის (105), ირაკლი თურმანიძის (მძიმე წონა), დავით გოგიას, რაულ ცირეკიძის, თემურ გოგიას, გიორგი ლომთაძის ბოლოდროინდელი შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.
- ქუთაისში გამართული საქართველოს თასის გათამაშება გაქვთ მხედველობაში?
- დიახ, საქართველოს თასის გათამაშებაც და ეროვნული ჩემპიონატიც, რომლებშიც ყველა ძალოსანმა იასპარეზა. ამ შეჯიბრებებში ნაკრების ბევრმა წევრმა პირადი შედეგები გააუმჯობესა. ჭაბუკებში მარტო ლაშა ტალახაძემ წლეულს 9 რეკორდი დაამყარა. ძალიან სწრაფად იზრდება ეს ბიჭი. აღნაგობითაც გოლიათს დაემსგავსა - 193 სანტიმეტრის სიმაღლისაა და 132 კილოს იწონის. 2010 წელს ორჭიდში თავისი შედეგი 110 კილოგრამით (!) გაზარდა, რაც პირადი მწვრთნელის ავთანდილ გახოკიძის დამსახურებაა. გაისად, ალბათ შეჯიბრებებში არ გამოვიყვანთ, რადგან აუცილებელია, ფიზიკურად მომძლავრდეს. ტრავმების თავიდან აცილების მიზნით შედეგებზე არ ვიქნებით ორიენტირებული.
წლევანდელ წარმატებებში განსაკუთრებით იმანაც შეგვიწყო ხელი, რომ 10 სპორტსმენი გლდანის ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტში ცხოვრობს და იქვე ემზადება გამოცდილი მწვრთნელების მეთვალყურეობით. უნდა ვაღიაროთ, რომ მართლაც კარგი მწვრთნელები გვყავს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, შეიძლება ითქვას, დარბაზებში ათენ-აღამებენ. იცით, რომ ლიგის პირველობასაც ვატარებთ, სადაც საუკეთესო მწვრთნელებსა და სპორტსმენებს სინკლერის ცხრილის მიხედვით ვავლენთ. წლეულს მწვრთნელებში 1865,5 ქულით პირველ ადგილზე (ხუთი საუკეთესო სპორტსმენის შედეგთა ჯამით) ზუგდიდელი ბეჟან ჭიჭინაძე გავიდა. მას 11,3 ქულით ჩამორჩა თბილისელი ავთანდილ გახოკიძე. 1810,1 ქულით მესამე ადგილი აბესალომ ბასილაიამ (აჭარა) დაიკავა. ასევე აღსანიშნავია ქუთაისელი გია ცირეკიძის და თბილისელების - მალხაზ ლომთაძისა და ზურაბ ანთაურის ნაყოფიერი მუშაობა. ეროვნულ ნაკრებს სათავეში უდგას ახალგაზრდა სპეციალისტი ალეკო ნოზაძე. მას სპორტსმენებთან კარგი ურთიერთობა აქვს, შეგირდებს სჯერათ მისი, რაც წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- მატერიალური-ტექნიკურ ბაზაზე არაფერი გვითქვამს.
- ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი დუშეთის ძალოსნობის დარბაზის გახსნა იყო. იგი იაპონური "იუსაკას" ფირმის საუკეთესო ინვენტარითაა აღჭურვილი. იქ ყოველგვარი პირობაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწვრთნელი პროცესის ჩასატარებლად. დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს დავით ბეჟუაშვილსა და ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ასანიძეს. სწორდე მათი ინიციატივითა და თანადგომით ჩადგა მწყობრში დუშეთის ბაზა და გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრის ძალოსნობის დარბაზი; გაისად დამთავრდება ვაკის ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა და ქუთაისის დარბაზის რეკონსტრუქცია. წყალტუბოში შენდება სპორტის სასახლე, რომელშიც ჩვენს სახეობას 150 კვადრატული მეტრი ფართობი დაეთმობა. ყველა მათგანი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.
- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
- მომავალი წლის კალენდარი 24 დეკემბერს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დამტკიცდება. უამრავი შეჯიბრება მოგველის. როგორც გითხარით, ყველაზე გამორჩეული სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. ასევე დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ ჭაბუკთა, ახალგაზრდებისა და 23-წლამდელთა ევროპის პირველობებზე წარმატებით გამოსვლას, რომ ბოლო ორი-სამი წლის მონაპოვარი არ დავთმოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"