სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩვენებურთაგან საუკეთესო თურმანიძე იყო

AutoSharing Option
ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში დამთავრდა ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 72 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისთვის.

აზიურ ფიცარნაგზე საქართველოს ექვსმა ათლეტმა მოსინჯა ძალები. სხვებზე უკეთ მძიმე წონაში (+105) ევროპის ბრინჯაოსპრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ იასპარეზა: მან 195 კილო აიტაცა და 227 კილო აკრა, ორჭიდში 422 კილოგრამი მოაგროვა და მე-6 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებს 19 სალიცენზიო ქულა მოუტანა. ატაცში ბრინჯაომდე 4 კილო დააკლდა - მე-4 ადგილის დასჯერდა. ამ წონაში მედლები რუსლან ალბეგოვმა (რუსეთი, 462=210+252), ბეჰდად სალიმიკორ დაშიაბმა (ირანი, 457=206+251) და ატია მოჰამედ ეშან
მასუდმა (ეგვიპტე, 436=193+243) გაინაწილეს.

1045 კილოში ორი ჩვენებური გავიდა ფიცარნაგზე. გია მაჭავარიანმა ორჭიდში 363 კილოგრამით (168+195) 22-ე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 2 სალიცენზიო ქულა მოინაგრა.

ალბერტ კუზილოვმა 170 კილოგრამი აიტაცა, მაგრამ აკვრაში საწყისი წონა - 205-კილოიანი შტანგა ვერ დაიმორჩილა და შეუფასებელი დარჩა ისევე, როგორც 77 კილოში გიორგი ლომთაძე. პირველ-მესამე ადგილებზე გავიდნენ: 1. ილია ილინი (ყაზახეთი, 432=190+242), 2. რუსლან ნურუდინოვი (უზბეკეთი, 432=193+239. ყაზახი მეტოქე მასზე 430 გრამით მსუბუქი აღმოჩნდა), 3. დავიდ ბეჟანიანი (რუსეთი, 427=187+240).

შეგახსენებთ, რომ 62 კილოში რამინ შამილიშვილმა მე-20 ადგილი დაიკავა და გუნდს 5 ქულა შესძინა.

სულ საქართველოს ნაკრებმა 29 ქულას მოუყარა თავი და 26-ე ადგილზე გავიდა, რაც ჩვენს გუნდს რიოს 2016 წლის სამი ლიცენზიის მოპოვების შანსს უნარჩუნებს.

დოპინგის მიღების გამო დასჯილ 4 ქართველ ძალოსანს დისკვალიფიკაციის ვადა მომავალი წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე უმთავრდება და ფიცარნაგზე გასვლის საშუალება მიეცემა.

ეს კი საგრძნობლად გაზრდის საქართველოს ნაკრების შანსებს, 18 საუკეთესო გუნდში მოხვდეს და 2016 წლის ოლიმპიადაზე 4 სპორტსმენით გაემგზავროს.

ალმათიში გუნდური პირველი ადგილი 139 ქულით ჩინელებმა დაიკავეს. მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, მასპინძლებსა (136 ქულა) და კორელეებს (135 ქულა) ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული