თბილისი 2015. ევროპის ჩემპიონატი: ჩემპიონმა ტიტული შეინარჩუნა

AutoSharing Option
ფოტოზე: სოფიო მუქათარიძე
16 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 69 კილოგრამი წონითი კატეგორიის ქალები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეჯიბრებაში კიდევ ერთმა ქართველმა გოგონამ - სოფიო მუქათარიძემ იასპარეზა. იგი ორი წელიწადია, ძალოსნობაში ვარჯიშობს. სადებიუტო ტურნირზე მან 65 კილო აიტაცა, 80 კილო აკრა და პაექრობა ორჭიდში 145 კილოგრამით დაასრულა.

ამ წონაში ფავორიტი იყო ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზინა საზანავეცი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კონტინენტზე უძლიერესია.
Sportall.Ge
ფოტოზე: ზინა საზანავეცი
ბელორუსმა სპორტსმენმა 115 კილო აიტაცა, 140 აკრა და ორჭიდში 255 კილოთი ტიტული შეინარჩუნა. გამარჯვებულს
რუსი ლანა კონდრაშოვა 20 კილოთი ჩამორჩა. აზერბაიჯანელ ანასტასია იბრაჰიმლის 233 კილოთი ბრინჯაო ერგო.

მამაკაცები 85 კილოში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ატაცში 172 კილოთი მოლდოველი იური ბულატი დაწინაურდა. 166 კილოთი მეორე იყო მიკალაი ნოვიკაუ (ბელორუსი), 165 კილოთი კი მესამე-მეოთხე ადგილებს მოლდოველი ალექსანდრუ დუდოღლუ და ფრანგი ბენჟამენ ენეკინი იყოფდნენ. ფრანგმა აკვრაში იყოჩაღა და 367 კილოთი ჩემპიონობა მოიპოვა.

მეორე-მესამე ადგილებზე დუდოღლუ (364) და ნოვიკაუ (361) გავიდნენ. 357 კილოგრამით ბულატს მე-4 ადგილი ხვდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ბენჟამენ ენეკინი

ევროპის ჩემპიონატი. კვარცხლბეკი
ქალები. 69 კგ
1. ზინა საზანავეცი (ბელორუსი)-255 (115+140)
2. ლანა კონდრაშოვა (რუსეთი)-235 (105+130)
3. ანასტასია იბრაჰიმლი (აზერბაიჯანი)-233 (103+130)
15. სოფიო მუქათარიძე (საქართველო)-145 (65+80).

კაცები. 85 კგ
1. ბენჟამენ ენეკინი (საფრანგეთი)-367 (165+202)
2. ალექსანდრუ დუდოღლუ (მოლდოვა) -362 (165-197)
3. მიკალაი ნოვიკაუ (ბელორუსი)-361 (166+195).

17 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში პაექრობები 10 საათზე დაიწყება. ფიცარნაგი ჯერ 75 და +75 კილოგრამი წონითი კატეგორიის B ჯგუფის წარმომადგენელ ქალებს დაეთმობათ, 12 და 14 საათიდან 94 და 105 კილოში (B ჯგუფი) მამაკაცები მოსინჯავენ ძალებს.

17 საათიდან 75 კილოში მანდილოსნები, ხოლო 20 საათიდან 94 კილოში ვაჟები გაინაწილებენ მედლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული