ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ჰიუსტონში დასრულებული ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღე წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის - ლაშა ტალახაძე (+105) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ამავე წონაში ირაკლი თურმანიძე XII ადგილზე გავიდა და გუნდს ჩასათვლელი ქულები მანაც მოუტანა.

ქალებში ასევე მძიმე წონაში B ჯგუფი მოიგო ანასტასია გოტფრიდმა, საერთო ჩათვლაში კი ისიც XII იყო და მანაც მოიპოვა ქულები.

ტალახაძე A ჯგუფში გამოდიოდა და თავიდან 200 კილოგრამი დაუკვეთა. ალბათ, უფრო ნერვიულობის გამო დისკვალიფიკაციის შემდეგ სპორტში დაბრუნებულმა ქართველმა ათლეტმა ვერ დასძლია ეს წონა იმის მიუხედავად, რომ პირადი რეკორდი გაცილებით მეტია.

სამაგიეროდ, მეორე ცდაზე ადვილად დაიმორჩილა შტანგა, მესამეზე კი 207 კილოგრამიც აიტაცა. თუმცა მაინც მცირე ვერცხლს დასჯერდა, რადგან ჩინებულად გაისარჯა რუსთა მომავალი ტრიუმფატორი ალექსეი ლოვჩევი, რომელმაც 200-ით დაიწყო მერე 206 აიტაცა, გამოსვლა კი 211-ით დაასრულა.

ატაცში ძალიან კარგად გამოვიდა თურმანიძეც, რომელიც B ჯგუფში ჩაება და სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (190, 197, 202), რამაც ამ მოძრაობაში მეოთხე ადგილი მოუტანა.

აკვრაში მსაჯებმა ტალახაძეს მეორე ცდაზე აწეული 247 კილოგრამი არ ჩაუთვალეს და ჩვენებურს თავიდან მოუხდა ამ სიმძიმესთან შეჭიდება... მესამე მისვლაზე ეს სიმძიმე წარმატებით კი აჰკრა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ მსაჯებმა მეორე მცირე ვერცხლი დააკარგინეს, რადგან ესტონელმა მარტ საინმა მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრო.

არადა, ტალახაძემ აკვრაში გამოსვლა 238-ით დაიწყო, მერე კი მკვეთრად მოუმატა სიმძიმეს და 147-მდე გაზარდა... კაცმა რომ თქვას, არც გასჭირვებია, თუმცა მას მეტიც გაუკეთებია და ახლაც მეტს გეგმავდნენ... სავარაუდოდ, ის რომ ჩაეთვალათ, მოვლენებიც სხვაგვარად წარიმართებოდა და ვინძლო, ვეღარც მსოფლიოს რეკორდი გვეხილა - ახლა ისე გამოვიდა, რომ ლოვჩევს მოუსუფთავეს ფიცარნაგი.

თურმანიძე აქ ცუდად გამოვიდა - მხოლოდ პირველ ცდაზე შეკვეთილი 220 ასწია, 228-იანი შტანგა კი ორივეჯერ გაივარდა ხელიდან.

ლოვჩევმა კი 242-ით დაიწყო გამოსვლა და უკვე მეორე ცდაზე გაინაღდა ორჭიდის ჩემპიონობა, როცა 248-იანიც ასწია. ამ დროს ტალახაძეს მეორე ცდა გაფუჭებული ჰქონდა, ხოლო რუსი მესამეზე ბოლო მონაწილედ დარჩა. ამიტომ რეკორდზეც წავიდა და 264 კილოგრამი დაუკვეთა. გასუსული დარბაზის თვალწინ შტანგა საკმაოდ ადვილად დაიმორჩილა და რეკორდით გაიმარჯვა. ორჭიდში მას 475 ქულა (211, 264) დაუგროვდა, ტალახაძეს - 454 (207, 247), ესტონელ საიმს - 438 (190, 248). თურმანიძის ჯამური მაჩვენებელი 422 -ია (202, 220).

ანასტასია გოტფრიდიც B ჯგუფში გამოდიოდა და ატაცი 113 კილოგრამით დაიწყო, მერე კი მიჰყვა და მაჩვენებელი ჯერ 118-მდე, ბოლოს კი 121-მდე გაზარდა. თან სამივეჯერ წარმატებით ასწია შტანგა და ჯგუფიც მოიგო, თუმცა როგორც მერე გაირკვა, ლიდერთაგანაც გაუსწრო რამდენიმეს და ატაცში საბოლოო ჩათვლაში მეშვიდეზე გავიდა. აკვრაში მე-17 იყო - ჯერ 137 კილოგრამი ასწია, მერე 142-იც დაიმორჩილა, მაგრამ მესამე ცდაზე 145-იანი შტანგა ხელიდან გაუვარდა. ორჭიდში მას 243 კილოგრამი დაუგროვდა და XII აღმოჩნდა, რაც 19 წლის სპორტსმენისთვის მაინც მნიშვნელოვანი წარმატებაა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეტიც შეუძლია???...ეს კაცი სავარჯიშოდ იყო ჩასული ჰიუსტონში.
დავითი
11:48 01-12-2015
0
ლაშა ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ მეტიც შეგიძლია. გაიხარე და გაგვახარე
აქვსენტი
12:23 30-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული