- დი-მას! დი-მას! დი-მას!
ზანზარებდა "ნიკეას" ექვსათასიანი სპორტის სასახლე.
ტრიბუნები საბერძნეთის დროშების ტყეს დაეფარა.
ელინელები თავიანთ კერპ პიროს დიმასისგან მეოთხე ოლიმპიურ "ოქროს" ელიან, გამაყრუებელი ყიჟინითა და შეძახილებით ამხნევებენ. თუმცა შიშიც აქვთ - მრისხანე მეტოქეები ჰყავს პიროსს: რუმინელი ვალერიუ გალანჩეა, ჩინელი აიჯუნ იუანი, ბელარუსი ალექსანდრ ონიშჩენკო... "ნიკეას" დარბაზს "გეორგიელი" გიორგი ასანიძის ეშინია ყველაზე მეტად. მათი ვარაუდი გამართლდა: ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში 382,5 კილოგრამი მოაგროვა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. ვერცხლის მედალი ბელარუს ანდრეი რიბაკოვს ერგო, ბერძენთა კერპი
ეს იყო 2004 წლის 21 აგვისტოს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე.
მას შემდეგ 11-მა წელიწადმა განვლო. გიორგი ასანიძე ახლა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია და თავად აფრთიანებს ჩემპიონებს. მისმა შეგირდებმა 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სამი საგზური მოიპოვეს, მძიმე წონაში კი ლაშა ტალახაძემ ამას წინათ ჰიუსტონში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჭიდსა და ატაცში ვერცხლის ჯილდოები, აკვრაში კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
- საქართველოს ნაკრებს ორ-ნახევარი წლის წინათ ჩავუდექი სათავეში, - გვითხრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც გუშინ რედაქციაში გვეწვია. - ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და უარის თქმა არ შემეძლო. რიო დე ჟანეიროს საგზურებისთვის მზადებაც მაშინვე დავიწყეთ, რადგან სალიცენზიო ქულები 2014 წლის ალმათისა და 2015 წლის ჰიუსტონის მსოფლიოს ჩემპიონატებს უნდა მოეცა.
შარშან ნაკრები რიგ მიზეზთა გამო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო - რამდენიმე მოწინავე სპორტსმენს დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ამგვარ სიტუაციაში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, მაგრამ უკან დასახევი გზაც არ გვქონდა.
აქ შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ის უდიდესი თანადგომა, რომელიც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისა და სახელმწიფოსგან ვიგრძენით. ვეცადეთ, ჩავარდნების მიუხედავად, გუნდი დაგვებალანსებინა.
- და პირველი დიდი გამოცდა ალმათის მსოფლიოს ჩემპიონატზე გელოდათ.
- ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქში ის შედეგები ვერ ვაჩვენეთ, რასაც ჩვენგან ქომაგები ელოდნენ. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. დისკვალიფიკაციის გამო გუნდში ოთხი წამყვანი სპორტსმენი გვაკლდა. მტყუან-მართალზე არაფერს ვიტყვი. მთავარი ის არის, რომ დაზარალდა ფედერაცია, დაზარალდნენ ის ათლეტები, რომლებსაც ორი წელი გაუცდათ. ფაქტობრივად, გადახალისებული ნაკრებით ვიასპარეზეთ.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის - კახი კახიაშვილის თხოვნითა და მოთხოვნით, უმოკლეს ვადაში დავძლიეთ ნეგატიური სიტუაცია და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ის რესურსი, რომელიც ჩვენს ხელთ იყო. მსოფლიოს ჩემპიონატი 33 სალიცენზიო ქულით დავასრულეთ. უდიდესი წვლილი შეიტანა მძიმეწონოსანმა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც მე-6 ადგილი დაიკავა და ნაკრებს 20 სალიცენზიო ქულა მოუტანა. დანარჩენმა ხუთმა სპორტსმენმა გუნდს 13 ქულა შესძინა.
ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, რომ არა გიორგი ლომთაძისა და ალბერტ კუზილოვის ჩავარდნა: ორივემ შეჯიბრება ნული შეფასებით დაასრულა. არადა, ოთხი ლიცენზიის მომპოვებელთა შორის ვიქნებოდით. მართალია, ეს უკვე წარსულია, თუმცა მან გვასწავლა, თუ რა უნდა გამოგვესწორებინა.
უპირველესად, ვიმუშავეთ ანტიდოპინგურ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამის მიუხედავად, დავით გოგიას მდგომარეობა მაინც დღემდე გაურკვეველია. ძიება არ არის დამთავრებული, ამიტომაც ეს ნიჭიერი სპორტსმენი წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გამოვიყვანეთ. ამით კი მან კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო.
- ქართველი სპორტსმენების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს...
- გეთანხმებით. ამ შეჯიბრებას თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა. მაღალ დონეზე იყო ყველაფერი ორგანიზებული. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ირაკლი მეძმარიაშვილმა,ზურაბ ბოქოლიშვილმა, დავით ყიფშიძემ, რამაზ გურგენიძემ და სხვებმა კახი კახიაშვილის ხელმძღვანელობით. ჩინებულად გაართვეს თავი ყველა სიძნელეს. ჩვენმა სპორტსმენებმაც იყოჩაღეს - მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძე ჩემპიონი გახდა. თავი არავის დაუზოგავს. ამიტომაცაა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2016 წელს ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა გვანდო.
- ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე რას იტყვით?
- ალმათიში მოპოვებული 33 ქულა, ცხადია, ბევრი არ იყო, მაგრამ არც მცირე ეთქმოდა, რადგან გუნდურ 27-ე ადგილზე ვიყავით და ჰიუსტონში 24-ე ადგილზე მოსახვედრად შვიდი მეტოქისთვის უნდა გვეჯობნა. აქედან გამომდინარე, ყველა სპორტსმენს უნდა შეეტანა თავისი წვლილი წარმატების მისაღწევად.
შეჯიბრების პირველ დღეს რაფიელ შამილიშვილმა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ წარმოაჩინა. 69 კილოში შოთა მიშველიძეს ურიგოდ არ უასპარეზია, მაგრამ დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად გამოვიდა საერთაშორისო ფიცარნაგზე და საშეჯიბრო გამოცდილების ნაკლებობამ მის შედეგებზე თავისებური ზეგავლენა იქონია. მას ქრონიკულად აქვს მხრის პრობლემა, წლეულს ოპერაციაც გავუკეთეთ. ეტყობა, იარა ჯერ კიდევ მოუშუშებელია.
77 კილოში გიორგი ლომთაძემ იასპარეზა და სამი სალიცენზიო ქულა შესძინა გუნდს. რაულ ცირეკიძემ 94 კილოში მოსინჯა ძალები. იგი 85 კილოში ევროპის ჩემპიონია. ახალ წონაში ჯერ კიდევ ვერ მოასწრო შეგუება. თან ტრავმებიც ხელს უშლის. დრო სჭირდება ჩვეული ფორმის აღსადგენად.
105 კილოში გია მაჭავარიანმა ვერ იასპარეზა უწინდელი შემართებით. მან ჰიუსტონის მსოფლიოს ჩემპიონატით, ფაქტობრივად, აქტიურ სპორტში გამოსვლა დაასრულა.
გაგვაოცა 18 წლის გიორგი ჩხეიძემ. მან 168 კილო აიტაცა, 207 კილო აკრა და 9 სალიცენზიო ქულა მისცა გუნდს. ასპარეზობის ბოლო დღეს ირაკლი თურმანიძემ ატაცში 202-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა და ბრინჯაოსმედალოსან სომეხ სპორტსმენს კილოგრამით ჩამორჩა. საბოლოოდ მე-12 ადგილი დაიკავა. რომ არა ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა, მედალზეც შეიძლებოდა ფიქრი.
შესანიშნავად იასპარეზა ლაშა ტალახაძემ. მისგან მედალს ველოდით, იმის მიუხედავად, რომ გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდა და დისკვალიფიკაციის გამო ორი წელიწადი გაუცდა. დიდ ფიცარნაგზე დაბრუნება სამი მედლით აღნიშნა. მომავალში მისგან უფრო დიდ წარმატებას ველით. კონკურენტებიც ძლიერი ჰყავს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მიზნის მიღწევა არ გაუჭირდება.
ჰიუსტონისთვის მზადების პერიოდში ჩვენი ფედერაციის აქტიური თანადგომით ცხრა საწვრთნელი შეკრება ჩავატარეთ, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.
მიღწეულით კმაყოფილი ვარ, მაგრამ აქ შეჩერებას არ ვაპირებთ და სამომავლოდ ვეცდებით, ქომაგები ახალ-ახალი წარმატებებით გავახაროთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"