საახალწლო საჩუქარი: რუსს ოქროს ართმევენ და ლაშა ტალახაძეს აძლევენ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს, რუს ალექსეი ლოვჩევს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის გამო ტიტული ჩამოართვა და ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონად ლაშა ტალახაძე გამოცხადდა.

როგორც ირკვევა, ლოვჩევმა გამოიყენა აკრძალული პრეპარატი იპამორელინი, რის გამოც ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვიცე-ჩემპიონზე გადადის.

შეგახსენებთ, რომ წელს, ნოემბერში, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, +105 კგ წონით კატეგორიაში 22 წლის ქართველი ძალოსანი, ჯამში, 454 კგ-ით (ატაცი 207+აკვრა 247) მეორე ადგილზე გავიდა, ლოვჩევმა კი, რომელმაც რეკორდული შედეგი - 475 კილოგრამი აჩვენა, ოქროს მედალი მოიპოვა.

ლოვჩევის გარდა, აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში
კიდევ 16 სპორტსმენია დადანაშაულებული.

Sportall.ge ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელს, ზურაბ თალაკვაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, რუსებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ, თუმცა, პრაქტიკულად, გამორიცხულია, ამან შედეგი გამოიღოს.

აი, რას წერს ამის შესახებ საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი  გიორგი ასანიძე: "მინდა ლაშა ტალახაძეს მივულოცო მსოფლიო ჩემპიონობა... არავის ცუდი არ მიხარია, თუმცა ჩემი ლაშას ჩემპიონობა ნამდვილად მახარებს... ლოვჩევის ტესტმა დადებითი აჩვენა მსოფლიო ჩემპიონატზე".

თავად რუსი სპორტსმენი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს და ტესტის ხელახალ ჩატარებას ითხოვს.

"გაოგნებული ვარ, საიდან უნდა მოხვედრილიყო ჩემს ორგანიზმში რაიმე აკრძალული? არ ვაპირებ დანებებას და საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ანტისადოპინგო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მეთოდს გამოვიყენებ - მათ შორის, განმეორებითი სინჯების აღებას. ვითარება ძალიან გაურკვეველია. მოდით, მოთმინება გამოვიჩინოთ და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

თავის მხრივ, რუს ძალოსანს თანადგომას უცხადებს ქვეყნის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო, რომელიც ამბობს, რომ ლოვჩევს აკრძალული პრეპარატების გამოყენების უფლება ჰქონდა:

"პრეპარატი დეკლარირებული იყო. ლოვჩევს მხრის მყესები ჰქონდა გაწყვეტილი. ჩვენ ლოვჩევის გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ მას. უნდა ჩატარდეს გამოძიება და განმეორებითი კვლევა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეკითხვა მაქვს: ტალახაძის გაჩემპიონება ხომ არ შეგვმატებს იმდენ ქულას, რომ ოლიმპიადაზე მეოთხე შტანგისტიც წავიყვანოთ?
0

სიახლეები პოპულარული