"ასანიძემ დამირეკა, რუსი ჩავარდა და თუ არაფერი იმაიმუნეს, ჩემპიონი ხდებიო"

AutoSharing Option
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ Sportall.ge-სთან მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს, რუს ალექსეი ლოვჩევს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის გამო ტიტული ჩამოართვა და ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონად ლაშა გამოცხადდა.

საახალწლო საჩუქარი: რუსს ოქროს ართმევენ და ლაშა ტალახაძეს აძლევენ! [VIDEO]

- თავიდანვე იყო ეჭვები, რომ ლოვჩევს დოპინგი ჰქონდა, ბერი საუბრობდა ამაზე. შენ თუ გქონდა ეჭვი ან თუ ელოდი მსგავს გადაწყვეტილებას?
- ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რუსები ამ ტექნოლოგიებში საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულს ხარჯავენ, რაც შედეგებზეც ისახება. ეჭვი
მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ დაიჭერდნენ - გასაკვირი იყო ჩემთვის. დოპინგის ჩაბარება ერთად მოგვიწია.

გიორგი ასანიძემ მითხრა, "ლაშ, მგონი ყველაფერი არაა ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანსო" და კიდევაც ახდა.

- რუსები იძახიან არ დავნებდებით, გადაწყვეტილების შესაცვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთო...
- აწი რაც არ უნდა მოხდეს, ვიცი, რომ ღირსეულად მოვიგე და გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში არასამართლიანად მოიქცევიან.

- შენ თვითონ პირველად ვისგან შეიტყე ამის შესახებ?
- გიორგი ასანიძემ დამირეკა, რუსი ჩავარდა და თუ არაფერი იმაიმუნეს, მსოფლიოს ჩემპიონი ხდებიო.

- როგორი რეაქცია გქონდა?
- არ მჯეროდა. გამიკვირდა, არამგონია-მეთქი.

- წინ ოლიმპიადაა...
- ოლიმპიადისთვის მზადება დაწყებულია. დაახლოებით 8 რიცხვიდან რეჟიმში ჩავდგებით და მზადებას გავაგრძელებთ.

- ოლიმპიადაზე მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით მიდიხარ. რას ნიშნავს ეს შენთვის და ოლიმპიადაზე მიზნად რას ისახავ?
- მართალია, მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ ჩემში ეს არაფერს ცვლის - უფრო მეტი მონდომება და ყურადღებაა საჭირო. ფსიქოლოგიურად მომზადება მჭირდება, რადგან იქ ძლიერი კონკურენტები მეყოლება.

ჩემი მიზანი უმაღლეს კვარცხლბეკზე ასვლა და საქართველოს ჰიმნის აჟღერებაა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ლაშას! თავისი მწვრთნელის "წყალი გადასხმოდეს" ოლიმპიადაზე :)
franio
02:44 28-12-2015
0
ლაშა ტალახაძე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენია.......მსოფლიო ჩემპიონი თანაც ყველაზე პრესტიჟულ წონაში.
levan
10:11 27-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული