U20. ძალოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: გაცუდებული ცდები და დაკარგული მედლები

AutoSharing Option
თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში გრძელდება ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი. გუშინ, 27 ივნისს, ასპარეზობის მესამე დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა.

დაძაბული და საინტერესო გამოდგა ვაჟთა პაექრობები 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ქომაგებმა ჭაბუკების ორი მსოფლიოს რეკორდი იხილეს. დღის გმირად იქცა 16 წლის ამერიკელი კლარენს კამინგს-უმცროსი: ოკეანისგაღმელმა ძალოსანმა აკვრაში აზერბაიჯანელი ფირიდუმ გულიევის რეკორდი (173 კგ) გააუმჯობესა, შემდეგ კი ორჭიდში ერაყელი მუჰამედ კარარის მაჩვენებელს (312) გადაამეტა.

ამერიკელს აკვრაში თუ ტოლი არ ჰყავდა (მცირე ვერცხლი და ბრინჯაო, შესაბამისად, იაპონელ მისანორი მიამოტოს - 170 და ეგვიპტელ ვაჰიდ
შაბან იბრაჰიმს - 168 ერგოთ), ატაცში მას სამმა კონკურენტმა გაუსწრო: აჰმედ თურან ოქაიმ (თურქეთი, 139), მიცუნორი კონაიმ (იაპონია, 138) და ხოსე დავიდ მოსკერა ლოზანომ (კოლუმბია, 137). მართალია, კამიგსმაც 137 კილო აიტაცა, მაგრამ პირადი წონით კოლუმბიელზე ორი კილოთი მძიმე აღმოჩნდა და მე-4 ადგილს დასჯერდა.

ამ წონაში მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გოგა ჩხეიძე. მან 132 კილოგრამი აიტაცა, აკვრაში პირველივე ცდაზე 167-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, მაგრამ მერე 173 კილოზე ორივე ცდა გაუცუდდა, არადა, ამ წონის დაძლევის შემთხვევაში, როგორც ამ მოძრაობაში, ისე ორჭიდში მედლებს მოიპოვებდა. საბოლოოდ კი 299 კილოგრამით მე-6 ადგილს დასჯერდა.

ძალოსნობა. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი.
კვარცხლბეკი
ვაჟები (69 კგ)
1. კლარენს კამინგსი (აშშ) 317 (137+180)
2. მიცუნორი კონაი (იაპონია) 305 (138+167)
3. მასანორი მიამოტო (იაპონია) 305 (135+170)
6. გოგა ჩხეიძე (საქართველო) 299 (132+167)

გოგონები (53 კგ)
1. ლინგლონგ იუ (ჩინეთი) 206 (91+115)
2. რატანაფონ პაკარატჰა (ტაილანდი) 201 (85+116)
3. სუპატა კაევკონგი (ტაილანდი) 195 (88+107)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული