მედლები აღთქმული მიწიდან - ქართველი ძალოსნების 9 მედალი ორ დღეში

AutoSharing Option
ეილათში გრძელდება ახალგაზრდა და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით ჩაებნენ ქართველი ათლეტები.

ახალგაზრდებს შორის 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი დოკვაძემ აკვრაში (124 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თანაგუნდელს მხარი აუბა 62 კილოში მოასპარეზე გოდერძი ბერდელაძემ: მან ატაცსა (121 კგ) და ორჭიდში (263 კგ) დაიკავა მესამე ადგილები. საგულისხმოა, რომ ორჭიდში გერმანელმა იონ ლიუკ მაუმაც 263 კილოს (115+148) მოუყარა თავი, მაგრამ ქართველ მეტოქეზე 60 გრამით მძიმე აღმოჩნდა და მე-4 ადგილს დასჯერდა. გოდერძის აკვრაში პირველი ცდა (138 კგ) გაუცუდდა, თორემ, შასაძლოა, უკეთესი შედეგიც
ჰქონოდა.

"ორივე სპორტსმენს მიკროტრავმები აწუხებდა, მაგრამ, ამ პრობლემების მიუხედავად, მათ მაქსიმალურად გამოიყენეს საკუთარი რესურსი და კვარცხლბეკზე ავიდნენ, რაც კარგი შედეგია. მომდევნო დღეებში მეტ მედალს ველით", - განაცხადა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.

"გოდერძი ბერდელიძე ამ ჩემპიონატისთვის მონდომებით ემზადებოდა, მაგრამ ბოლო დროს მხრის ტრავმამ შეაწუხა და სამი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ უვარჯიშია. ეილათში მან ძლიერი ნებისყოფა გამოაჩინა და ორი მედალი დაიმსახურა. გოდერძი გაისად 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში გამოვა და მჯერა, ერთ-ერთი ფავორიტიც იქნება. ისიც ფაქტია, რომ მალე ეროვნულ ნაკრებშიც დაიბევებს ადგილს", - დასძინა საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ.

62 კილოში ფავორიტად მიიჩნეოდა ბულგარელი სტილიან გროზდევი, რომელმაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ნორვეგიულ ფორდეში უფროსების კონტინეტის პირველობაზე დაამყარა 20-წლამდელთა ევროპის რეკორდი ატაცში 124 კილოგრამით. ეილათში მან ეს შედეგი ორჯერ გააუმჯობესა (125 და 126 კგ), ორჭიდში კი რუმინელი ანტონიუ ბაჩის 2007 წლის (ტენერიფე, ესპანეთი) მიღწევა (273 კგ) ხუთი კილოგრამით გააუმჯობესა. საბოლოოდ კვარცხლბეკზე ადგილები ასე განაწილდა:

62 კგ
1. სტილიან გროზდევი (ბულგარეთი) - 278 (126+152)
2. ფერდი ჰარდალი (თურქეთი) - 273 (126+147)
3. გოდერძი ბერდელიძე (საქართველო) - 263 (121+142)

5 დეკემბერს ასპარეზობა დაამთავრეს 23-წლამდელმა ძალოსნებმა 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ორი ქართველი გამოდიოდა.

ჩვენებმა შეჯიბრება რიხით დაიწყეს: შოთა მიშველიძემ 129 კილოგრამი აიტაცა (მესამე ცდაზე 133 კილო ვერ ასწია) და ამ მოძრაობაში ოქროს მედალი დაიმსახურა, რამინ შამილიშვილს 124 კილოთი ბრინჯაოს მედალი ერგო. ქართველმა ძალოსნებმა, სამწუხაროდ, აკვრაში ვერ გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები - შამილიშვილმა 145-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, მიშველიძე კი მხოლოდ საწყის წონას - 140 კილოს დასჯერდა (144 კილოს ორჯერ შეუტია, მაგრამ - უშედეგოდ). სამაგიეროდ, ილიემ 158 კილო აკრა, რამაც ამ მოძრაობასა და ორჭიდში ოქროს მედალი მოუტანა. აკვრაში ვერცხლი და ბრინჯაო ემრე ბუიკუნლუმ (თურქეთი, 147) და იონ ტერნამ (მოლდოვა, 146) გაინაწილეს.

ორჭიდის ჯამში რამინმა და შოთამ 269-269 კილოს მოუყარეს თავი. პირადი წონით შამილიშვილი თანაგუნდელზე 380 გრამით მსუბუქი აღმოჩნდა და ვერცხლის მედალი მას ერგო, მიშველიძე ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა.

62 კგ
1.იონუტ ილიე (რუმინეთი) - 284 (126+158)
2.რამინ შამილიშვილი (საქართველო) - 269 (124+145)
3.შოთა მიშველიძე (საქართველო) - 269 (129+140).

გუშინდელი დღის პაექრობები ახალგაზრდებმა (20-წლამდელები) დაასრულეს 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში. აქ ძალებს ცდიდა გოგა ჩხეიძე. მან 176 კილოგრამი აკრა და ამ მოძრაობაში ოქროს მედალი ერგო. თურქი კელილ ერდოგდუ ჩვენებურს კილოგრამით ჩამორჩა. 167 კილოთი ბრინჯაოს იტალიელი მირკო ზანი დაეუფლა. ატაცში ქართველ ძალოსანს 134-მა კილომ მხოლოდ მე-4 ადგილი მოუტანა, ორჭიდში კი ბრინჯაოს მედალი ხვდა.

69 კგ
1.კელილ ერდოგდუ (თურქეთი) - 310 (141+169)
2.მირკო ზანი (იტალია) - 309 (142+167)
3.გოგა ჩხეიძე (საქართველო) - 304 (134+170)

ორ დღეში ცხრა მედალი - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო: შესანიშნავი შედეგია. ეილათის ფიცარნაგზე კი ჯერჯერობით მხოლოდ ხუთმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული