ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...

AutoSharing Option
ამას წინათ ეილათში (ისრაელი) ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა ათლეტებმა - სხვადასხვა სინჯის 22 მედალი მოიპოვეს. შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს სპორტული დელეგაციის ყულაბას 23-წლამდელებში სამი ოქროს მედალი შესძინა რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც ამ ასაკში სამი რეკორდიც მიითვალა.

- ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: შეუდარებელი ლაშა, ბრწყინვალე ანასტასია

- რიოს ოლიმპიადის შემდეგ ემოციურმა შეხვედრებმა ძალიან დამღალა, - გვითხრა ლაშამ. - თან მაჯის ტრავმა მაწუხებდა და რამდენიმე კვირა არ მივარჯიშია. დასვენება მაინც არ
გამომივიდა, რადგან მოდუნება არ მინდოდა.

- რომ არაფერი ვთქვათ სხვა ტიტულებზე, არ მეგონა, ოლიმპიურ ჩემპიონს 23-წლამდელებში ასპარეზობის ამბიცია თუ ექნებოდა.
- (ეცინება). შეიძლება, ეს ერთგვარი ახირებაც იყო: ექვსი წლის წინათ 17-წლამდელებში მოვიპოვე ჩემპიონობა, მერე 20-წლამდელთა ევროპაზე ისრაელში ტრავმის გამო მხოლოდ მესამე ადგილს დავჯერდი, თუმცა მომდევნო წელს დანაკარგი რუმინეთში ავინაზღაურე და სამი ოქროს მედალი დავიმსახურე. ჩემს სპორტულ კოლექციას მხოლოდ 23-წლამდელთა ჯილდო აკლდა და მისი შევსება მომინდა.

- მერე, მწვრთნელები?
- წინააღმდეგი არ ყოფილან: რადგან ფიცარნაგზე გამოსვლა გწყურია, ნება შენია, ოღონდ თავს გაუფრთხილდიო.

- ატაცში გამოსვლა ამიტომაც დაიწყე 193 კილოგრამით?
- მართალია, ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ მქონია, მაგრამ გამარჯვებაში არ დავეჭვებულვარ - ყველა მეტოქის შესაძლებლობებს ვიცნობდი. ყოველივეს მიუხედავად, რიოში იმდენი არ მინერვიულია, რამდენიც - ეილათში. ხომ წარმოგიდგენიათ, ოლიმპიური ჩემპიონი ხარ და უნებლიე შეცდომის გამო მიზანს რომ ვერ მიაღწიო.

თუმცა ეილათში შეჯიბრების დაბალი წონით დაწყება ამის ბრალი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რიოში მესამე ცდაზე 215 კილო ავიტაცე, რითაც ირანელი ოლიმპიური ჩემპიონის მსოფლიო მიღწევა გავაუმჯობესე. შეუძლებელია, ყველა შეჯიბრებაზე რეკორდებისთვის იბრძოლო, თვითმიზნად გაიხადო. ეილათში რუსმა ანტონ სავჩუკმა, რომელიც წლეულს გაზაფხულზე ჩემთან ერთად გამოდიოდა ნორვეგიაში ევროპის ჩემპიონატზე, ატაცში ასპარეზობა 182 კილოთი დაასრულა. 193 კილოგრამით პირველსავე ცდაზე ამ მოძრაობაში ოქროს მედალი მოვიპოვე, მერე ასპარეზობის ეშხში შევედი და მომდევნო ორ ცდაზე, შესაბამისად, 200 და 205 კილო დავძლიე.

- 23-წლამდელებში ორივე წონა რეკორდად ჩაგეთვალათ... აი, აკვრაში კი მესამე ცდა აღარ გამოიყენეთ. რატომ?
- პირველ ცდაზე 222 კილო ავკარი და ორჭიდში ჩემპიონობა გავინაღდე. მეორე ცდაზე 235-კილოგრამიანი შტანგის დამორჩილებით ორჭიდში რეკორდი დავამყარე და ჩემპიონატზე სინკლერითაც ყველას ვაჯობე. მესამე ცდის გამოსაყენებლად მოტივაცია აღარ მეყო.

- თანაგუნდელთა გამოსვლაზე რას იტყვით?
- ჩვენმა ნაკრებმა მართლაც უნიკალური შედეგი აჩვენა - 22 მედლის მოპოვება ხუმრობაა?! ეს სპორტსმენებთან ერთად ჩვენი მწვრთნელებისა და ბატონი კახი კახიაშვილის ხელმძღვანელობით ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის თავდადებული გარჯის შედეგია.

გარკვეული მიზეზების გამო ზოგიერთ სპორტსმენს მიზნის მიღწევაში ხელი შეეშალა. მაგალითად, 20-წლამდელთა 105 კილოში გიორგი ჩხეიძე 2016 წლის მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულია. ეილათში კი მესამე ადგილს დასჯერდა. წლეულს მან ბევრ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და, ეტყობა, გადაიღალა. თან ხშირად უწევდა წონის დაგდება, რამაც მის შედეგებზე გარკვეული ზეგავლენა იქონია. აი, გოგონებში ანასტასია გოტფრიდი აშკარა ფავორიტი იყო და თავისი რენომე ეილათშიც დაამტკიცა სამი ოქროს მედლის მოპოვებით.

ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ საქართველოში შესანიშნავი ძალოსნები იზრდებიან და ისინი ნებისმიერ შეჯიბრებაში მედლებისთვის იბრძოლებენ.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
- ახლა რამდენიმე დღე დავისვენებ, ჩემს საჩხერეს ვეწვევი, მომენატრა ოჯახის წევრები, ახლობლები, მეზობლები, მეგობრები. მერე ისევ თბილისში დავბრუნდები და ვარჯიშს განვაახლებ, ნაახალწლევს კი საწვრთნელი შეკრებები დაგვეწყება. აპრილში ევროპის ჩემპიონატზე დავამტკიცებთ, რომ რიოსა და ეილათში მიღწეული შედეგები შემთხვევითი არ ყოფილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდი მადლობა საამაყო ქართველო, შენი ჯიშისა და ჯილაგის ღირსეულო შთამომავალო. ჩვენო ლაშა მადლობა ქართველობისთვის, ვაჟკაცობისთვის, გმირობისთვის. შენ უყვარხარ შენს ერს, გისურვებ ულევ წარმატებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას, იხარე და იდღეგრძელე ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილო, ღმერთმა დაგლოცოს.
0
მაგარი კაცი ხარ, ლაშიკო! დიდი მადლობა, რო, რო ესე გვახარებ!
მე ვფიქრობ, რო წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ამ ბიჭს ეკუთვნის.
giglia
15:04 18-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული