- ბავშვობისას მოხეტიალე სპორტსმენი ვიყავი, - გვითხრა თათიამ. - მშობლებმა ჯერ ცურვაზე მიმიყვანეს "ლაგუნა ვერეზე". ხშირად
ჩემი და ფარიკაობაზე დადიოდა. ერთ დღეს მეც გავყევი დარბაზში. მწვრთნელმა ლაშა სულამანიძემ საფარიკაო ბილიკზე გამიყვანა. მომეწონა ხმალაობა და წყალხტომა მივატოვე.
ფიზიკური დატვირთვებისთვის ძალოსნობის დარბაზში დავდიოდი, სადაც მწვრთნელი გელა მახარაშვილი გავიცანი. პატარებს ავარჯიშებდა. ერთ დღეს მითხრა, აბა, ამ შტანგას თუ მოერევიო. არ ვიცოდი, რამდენი კილო იყო, თურმე 35 კილოგრამი ყოფილა. ცხადია, ეს წონა ახლა სასაცილოა, მაგრამ მაშინ ჩემთვის დიდი გამოცდა იყო. იოლად რომ დავძლიე, ბატონმა გელამ შემომთავაზა, შტანგაზე იარეო. მე ვუთხარი, ეს ქალის საქმე არ არის-მეთქი. მერე, რატომღაც, თავად მომინდა შტანგასთან გაჯიბრება და ძალოსნობის დარბაზს გავუშინაურდი.
ორი თვის შემდეგ ბიჭებს გავეჯიბრე თბილისის ღია პირველობაზე: 45 კილო ავიტაცე და 59 კილო ავკარი. ცხადია, მეტოქეებმა მეტი ასწიეს და მაჯობეს. საკუთარ თავზე გავბრაზდი, მათ თუ შეუძლიათ, მე ხელს რა მიშლის-მეთქი. მონდომებით დავიწყე ვარჯიში. უკვე მომდევნო შეჯიბრებაზე ჩემი შედეგები ატაცში 60 და აკვრაში 77 კილომდე გავზარდე. ეს იყო შარშანწინ.
- ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი შეჯიბრება იყო?
- 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატი დუშეთში, სადაც 70 კილო ავიტაცე და 90 კილო ავკარი, რითაც აპრილში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოვიპოვე. ამ შეჯიბრებას თბილისმა უმასპინძლა. B ჯგუფში მოვხვდი. საბოლოოდ ორჭიდში 168 კილოგრამით (74+94) საუკეთესო ათეულში მოვხვდი, რაც დებიუტისთვის ურიგო არ ყოფილა.
- სამაგიეროდ, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ხომ გააუმჯობესეთ შედეგი...
- დიახ, 2015 წელს კლაიპედაში 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე 177 კილოთი (79+98) მეხუთე ადგილი დავიკავე, მაგრამ საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული და რასაც ველოდი, ის შედეგი ვერ ვაჩვენე.
იმედები გამიცრუვდა ამერიკულ ჰიუსტონში მსოფლიოს ჩემპიონატზეც, სადაც ატაცსა და აკვრაში მხოლოდ თითო ცდა გამოვიყენე. ტრავმას ხელი რომ არ შეეშალა, ალბათ, უკეთ გამოვიდოდი. სამაგიეროდ, ლაშა ტალახაძემ იყოჩაღა და გვასახელა: მართალია, მსოფლიოზე მეორე იყო, მაგრამ რუსი ალექსეი ლოვჩევი დოპინგზე ჩავარდა და ლაშას სამართლიანად გადაეცა ოქროს მედალი. დღეს ის რომ მსოფლიოში უძლიერესია, ეს რიოს ოლიმპიადაზეც დაამტკიცა. არადა, ჯერ მხოლოდ 23 წლისაა.
2015 წლის დეკემბერში ბაქომ მსოფლიოს თასს უმასპინძლა. იქ კარგად ვიასპარეზე - 78 კილო ავიტაცე, 98 კილო ავკარი და 176 კილოთი მთავარი პრიზი მოვიპოვე.
- შარშანდელი წელი რით იყო მნიშვნელოვანი?
- საქართველოს ჩემპიონატში ორჭიდის ჯამში 200 კილოგრამი მოვაგროვე (90+110), ორი კვირის შემდეგ კი ეილათში 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე გავედი. სამწუხაროდ, იქ ექვსიდან მხოლოდ ორი ცდა გამოდგა შედეგიანი. პირველი მისვლისას 84 კილო ავიტაცე, მაგრამ 88-კილოიანი შტანგა ვერ დავიმორჩილე. აკვრაში 103 კილოს მოვერიე, 109-ს კი - ვერა, არადა, ვარჯიშებზე, ვინ იცის, უფრო მეტი წონაც რამდენჯერ დამიძლევია. თუმცა მესამე ცდაზე 109 კილო ავკარი, მაგრამ მსაჯებმა არ ჩამითვალეს. ეს უიღბლობა რომ არა, მესამე ადგილზე გავიდოდი და ბრინჯაოს მედალს მოვიპოვებდი. საბოლოოდ ორჭიდში მე-6 ვიყავი. გული დამწყდა.
წლის ფინიში მაინც წარმატებული გამოდგა: კახი კახიაშვილის საერთაშორისო ტურნირზე ორჭიდში 188 კილო მოვაგროვე (81+107) და სინკლერის სისტემით პირველი ადგილი დავიკავე, მეორე-მესამე ადგილები თურქ და სომეხ სპორტსმენებს ერგოთ.
- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
- ცხადია, ინტენსიურად ვივარჯიშებ და მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის მოვემზადები. აპრილში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ქომაგები გავახარო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"