მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ ძმებმა სანდრო და ბექა ბაზაძეებმა ჩვენი სპორტის ისტორიაში ახალი საინტერესო ფურცელი ჩაწერეს. წარმატება ორმაგად სასიამოვნოა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მსგავსი რანგის ტურნირი ჩვენთან არასდროს გამართულა: 19 წლის სანდრომ პირველი ადგილი დაიკავა, 21 წლის ბექა ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა. ახლა კი უფრო დაწვრილებით.
ორგანიზატორებმა მოასპარეზენი რამდენიმე ჯგუფში გაანაწილეს. სანდრო
თბილისურ ტურნირზე, მარინოს მსგავსად, ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევდნენ 20 წლის გერმანელ მატიაშ საბოს, რომელიც ახალგაზრდებში სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია - ორჯერ გუნდურსა და ერთხელ პირადში. ბექა ბაზაძემ მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მისცა: პირველ ტურში 5:2 სძლია, მეორეში უფრო დაძაბული პაექრობა მოუგო - 5:4 (საგულისხმოა, რომ ასეთივე ანგარიშით დაამარცხა თასის ეტაპის ფინალისტი გაბრიელე ფოსკინი). მესამედ მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და ბექამ ამჯერადაც აჯობა (15:12) უნგრული წარმოშობის გერმანელს (მანამდე მარინო დაამარცხა 15:11). სანდრომ კი ამ ეტაპზე უკრაინელი დმიტრიო რასკოსოვი დაჯაბნა - 15:12.
ქუთაისელი ძმებისთვის, რომლებსაც მამა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე ავარჯიშებს, ნახევარფინალური შეხვედრები ბევრად დაძაბული აღმოჩნდა. სანდროს 19 წლის უკრაინელი ევგენი სტაცენკო დაუპირისპირდა. იგი კადეტებში 2009 წლის მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს მედალოსანია, ხოლო წლეულს მოსკოვში იუნიორთა ევროპის გუნდურ პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა.
სადრო ბაზაძესთან შეხვედრა უკრაინელმა აქტიური იერიშებით დაიწყო და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ქართველმა მუშკეტერმა მალევე ხელთ იგდო ინიციატივა და ორთაბრძოლის მეორე ნახევარში ზედიზედ ოთხი უპასუხო ჩხვლეტა მიაყენა მეტოქეს. საბოლოოდ 15:12 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა; გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ გადამწყვეტ პაექრობაში ძმები შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
საბაბს ის იძლეოდა, რომ ბექამ ჯერ კიდევ მე-2 ტურში დაამარცხა (5:4) ფოსკინი. მოლოდინი არ გამართლდა - ჩვენებურმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია იტალიელს. მას შემდეგ, რაც ანგარიში გახდა 4:4, აშკარად გამოიკვეთა გაბრიელეს უპირატესობა, რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც - 15:8. ბექა და მისი უმცროსი ძმისგან ძლეული სტაცენკო ბრინჯაოს დაყაბულდნენ.
გადამწყვეტი პაექრობის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა წუთშესვენებამდე სანდრომ მაინც შეძლო დაწინაურება - 8:6. ასპარეზობის ქართველმა მუშკეტერმა მეორე ნახევარში აშკარად დაჯაბნა რომაელი (15:9) და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ფოსკინს ვერცხლი ერგო.
სანდრო ბაზაძე 1993 წლის 29 ივლისსაა დაბადებული ქუთაისში, ამჟამად თბილისის 35-ე სკოლის მე-12 კლასში სწავლობს. მეოთხე წელიწადია, ფარიკაობაში ვარჯიშობს. უფროსებში საქართველოს ორ-ორგზის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა 2009 წელს იუნიორებში ევროპის თასი მოიგო, მსოფლიოს პირველობაზე კი მე-8 ადგილით დაკმაყოფილდა. გუნდურში 2001 წლის თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ფარიკაობის გარდა, გატაცებულია ფეხბურთით, კალათბურთით და ცურვით, ჰობი - მუსიკა და კომპიუტერი, კერპი - გერმანელი 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლას ლიმბახი, მიზანი - მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა.
- ძმები ბაზაძეები წლეულს იტალიაში ერთობლივი შეკრებისას გავიცანი, - მითხრა გაბრიელემ. - სპარინგპარტნიორობასაც ვუწევდით ერთმანეთს. თითქოს შევისწავლე მათი ორთაბრძოლის მანერა, მაგრამ სანდრომ მაინც მაჯობა - ათლეტური აღნაგობისაა და ჭკვიანი მოხმალავეა, კარგი ტექნიკაც აქვს. ბექა უფრო ფიზიკურადაა ძლიერი, ამის მიუხედავად, მისი ძლევა არ გამჭირვებია. ჩემპიონი ვერ გავხდი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი და თქვენი ლამაზი დედაქალაქი ვნახე.
ძმებმა ბაზაძეებმა მიხეილ მარდალეიშვილთან და კახაბერ მაღრაძესთან ერთად გუნდურ პირველობაშიც იყოჩაღეს. ნახევარფინალში ჩვენმა ბიჭებმა გერმანელი, ბელარუსი და სომეხი მოფარიკავეებით დაკომპლექტებული ინტერნაციონალური გუნდი დაამარცხეს დაძაბულ პაექრობაში - 45:42 და ფინალში იტალიელთა მძლეველ (45:37) უკრაინელ მოხმალავეებს (დმიტრიო რასკოსოვი, ევგენი სტაკენცო, იური ცაპი) შეხვდნენ. ბოლო ორთაბრძოლამდე აქაც გაურკვეველი იყო, ვინ ავიდოდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. დრამატული დაპირისპირება ჩვენებმა 41:45 დათმეს და მეორე ადგილზე გავიდნენ, მთავარი პრიზი უკრაინელებს ხვდათ.
- სამი წელიწადია, ქართველ მოხმალავეებს ვაკვირდები. შესამჩნევი წინსვლა ეტყობათ. სათანადო ხელშეწყობა თუ ექნება, სანდრო ბაზაძეს ელიტაში შეუძლია ადგილის დამკვიდრება. საამისოდ ყველა მონაცემი აქვს. კარგა ხანია, ქართველ და უკრაინელ მოფარიკავეებს ახლო ურთიერთობა გვაქვს. ბოლო დროს გახშირდა ორმხრივი ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები, რაც ორივე ქვეყნის სპორტსმენებს ოსტატობის ამაღლებაში ეხმარება.
მომავალ შაბათ-კვირას კიევში იუნიორთა ტრადიციული მსოფლიოს თასი გათამაშდება სახელწოდებით "ოქროს კარები". მთავარი პრიზისთვის სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილიც იბრძოლებენ. მსიამოვნებს, რომ ჩვენი ფედერაციების მეგობრული ურთიერთობა გრძელდება, - გვითხრა უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სახელმწიფო მწვრთნელმა პიოტრ აზარჩენკოვმა. - მადლობა თბილისს გულთბილი მასპინძლობისთვის.
დავით სახვაძე, ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი:
- შედეგებითაც კმაყოფილი ვართ და შეჯიბრების ორგანიზაციითაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუმარ-მასპინძელთა იმედები გავამართლეთ. რადგან ასეთი დონის შეჯიბრი ფარიკაობაში პირველად გაიმართა ჩვენთან, მისი ჩატარების დონეზე იყო დამოკიდებული, ევროპის თასის ეტაპი ტრადიციული გახდება თუ არა თბილისში.
ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტის ფრანტიშეკ იანდას (ჩეხეთი) მაღალი შეფასება იმის დასტურია, რომ ევროპის თასს გაისადაც ვუმასპინძლებთ და იგი უფრო წარმომადგენლობითი იქნება. ეს ჩვენი ფედერაციის დიდი გამარჯვებაა. სპორტის სამინისტრომ, ქუთაისის ხელმძღვანელობამ, იმერეთის ფარიკაობის ფედერაციამ და სხვა ორგანიზაციებმა დიდად შეგვიწყვეს ხელი შეჯიბრების მაღალდონეზე ჩატარებაში. მალე ჩვენი საფარიკაო დარბაზი ჩადგება მწყობრში და მერე ვარჯიშისა და ტურნირების გამართვის მეტი შესაძლებლობა გვექნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"