- თბილისში პირველად 19 წლისა ჩამოვედი, - მითხრა სერგეი გოლუბიცკიმ, რომელსაც ფარიკაობის დარბაზში შევხვდი. - 1988 წელს საქართველოს დედაქალაქში ახალგაზრდა მოფარიკავეთა საკავშირო პირველობა გაიმართა. ნახევარფინალში მასპინძელ
მომდევნო წელს ოლეგმა დნეპროპეტროვსკში მსგავსი შეჯიბრების გადამწყვეტ ორთაბრძოლაშიც მაჯობა. ჩემთვის მთავარი კი ის იყო, რომ დავუმეგობრდი შესანიშნავ სპეციალისტებსა და პიროვნებებს - ლუდვიგ ღაღანიძეს, ვლადიმერ აფციაურს, მოგვიანებით გავიცანი მერაბ ბაზაძე და დავით სახვაძე. მათთან და სხვა ქართველ კოლეგებთან ურთიერთობას დღემდე განვაგრძობ. სწორედ, მათ მომიწვიეს თბილისში.
მახსოვს, საკავშირო საწვრთნელი შეკრებებისას ბევრი რჩევა-დარიგება მიმიღია ბატონი ლუდვიგისგან, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.
ვლადიმერ აფციაურს საფარიკაო ბილიკზე პირველად 1985 წელს ხარკოვში საბჭოთა კავშირის თასზე შევხვდი. ის ორთაბრძოლა 3:5 წავაგე.
მარცხის მიუხედავად, უაღრესად ბედნიერი ვიყავი, რადგან ბატონი ვლადიმერი მაშინ ცნობილი მოფარიკავე იყო და ალექსანდრ რომანკოვთან ერთად კერპად მივიჩნევდი. ეს გრძნობა მას შემდეგ გამიძლიერდა, რაც ისინი 1988 წელს სეულში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. აბა, მაშინ 16 წლის ბიჭი რას ვიფიქრებდი, რომ დადგებოდა დრო და საკავშირო ნაკრებში მათ გვერდით მომიწევდა გამოსვლა. 1990 წელს მე და აფციაურმა ლიონში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. წინა წელს კი საბჭოთა ნაკრები, რომლის ღირსებასაც ალექსანდრ რომანკოვთან, ბორის კორეცკისთან, დმიტრი შევჩენკოსთან და ილგარ მამედოვთან ერთად მეც ვიცავდი, ჩემპიონი გახდა. იმ წელიწადს გუნდში მოსახვედრად აფციაურს არ უბრძოლია - სეულის თამაშების შემდეგ მცირე ხნით დასვენება არჩია.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- გერმანიის ქალთა ნაკრებს ვწვრთნიდი. ჩემი მეუღლე იქაურია - რაპირაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი. მონდომებით ემზადება ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად და ახლა მხოლოდ მას ვეხმარები.
- ქართველ კოლეგებთან კონტაქტების გაღრმავებას თუ ეცდებით?
- აუცილებლად. დეკემბერში გერმანული დორმაგენი ახალგაზრდა მოხმალავეთა მსოფლიოს თასის ეტაპს უმასპინძლებს. ქართველ კოლეგებთან შევთანხმდით, რომ ამ შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად თქვენი მოფარიკავეები - სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას ჩემს ქალაქში - თაუბერბიშოფსხაიმში გაივლიან. იქ ოლიმპიური ბაზა გვაქვს კარგი სასტუმროთი, საცურაო აუზით, სატრენაჟორო დარბაზებითა და 48 საფარიკაო ბილიკით. კარგი ჭაბუკი რაპირისტი გყოლიათ - საქართველოს ჩემპიონი ლუკა ღაღანიძე. მინდა გამოცდილება გავუზიარო. ფედერაციის მესვეურებს გერმანიაში მისი წამოყვანაც ვთხოვე. თურმე ლუკა ლუდვიგ ღაღანიძის შვილიშვილი ყოფილა. მე კი, როგორც გითხარით, ბატონ ლუდვიგთან ვალში ვარ.
***
მომავალ შაბათ-კვირას პოლონურ სასნოვეცში ახალგაზრდების მსოფლიოს თასის ეტაპზე მოხმლავე სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი იასპარეზებენ, ხოლო ბურსაში (თურქეთი) მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირში საქართველოს 13 წარმომადგენელი ჩაებმება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"