უხვი ალაფი ხმლით და რაპირით

AutoSharing Option
თურქულ ბურსაში ახალგაზრდა მოფარიკავეთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მასპინძლებთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, რუმინეთისა და იორდანიის წარმომადგენლებმაც იასპარეზეს. საპრიზო ადგილებისთვის სულ 316 მუშკეტერი იბრძოდა.

პირად პირველობაში ლუკა ღაღანიძემ რაპირაში 86 მონაწილეს შორის მე-3 ადგილი დაიკავა. ქვეჯგუფში მან 5 მეტოქე დაჯაბნა, მერვედფინალში თანაგუნდელ არჩილ უგულავას აჯობა 15:9, მეოთხედფინალში იორდანელ ომარ ალჰაჰადიდის დააყრევინა ფარ-ხმალი - 15:8, მასპინძელ თურქ ბირენბორასთან კი ნახევარფინალი ორი ჩხვლეტით დათმო. ამ უკანასკნელმა ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვა.

მოხმალავე გოგონებში, ასევე, ბრინჯაოს დასჯერდა თბილისელი თეოდორა კახიანი. მეოთხედფინალში ჩვენებურმა აზერბაიჯანელ ეკატერინა პროხოროვას
სძლია 15:13. თავად კი ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით მასპინძელ ილგინ სარბანთან წააგო. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ტურნირებში კახიანი თურქ მეტოქესთან მეხუთედ დამარცხდა.

- მართალი გითხრათ, ქართველი მოფარიკავეებისგან პირად პირველობებში უკეთეს შედეგებს მოველოდით, - გვითხრა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ლუდვიგ ღაღანიძემ. - სამაგიეროდ, მათ გუნდურ პირველობებში იყოჩაღეს.

რაპირაში ბიჭებმა (ლუკა ღაღანიძე, არჩილ უგულავა, ნიკა ვეფხვიაშვილი) ოთხი შეხვედრა მოიგეს. მათ შორის - დაძაბულ ფინალურ პაექრობაში 45:43 დაამარცხეს თურქეთის პირველი ნაკრები და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. ჩვენს გუნდს წარმატება გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უგულავას გამარჯვებამ მოუტანა. ამავე სახეობაში იყოჩაღეს გოგონებმაც - თეონა გოგლიძემ, ანა მელიამ და ნუცა იაგორაშვილმაც ფინალში მასპინძლებს სძლიეს, თანაც იოლად - 45:27.

ფინალში ოდნავ წაიფორხილეს მოხმალავე ვაჟებმა (შოთა შავგულიძე, საბა სულამანიძე, გიორგი სახვაძე), რომლებიც საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ. ყოველივეს მიუხედავად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდა ქართველ მოფარიკავეებს დიდი პოტენციალი აქვთ საიმისოდ, რომ უფრო მნიშვნელოვან ტურნირებშიც საპრიზო ადგილებისთვის იასპარეზონ.

განსაკუთრებით ანა მელია, ნიკა ვეფხვიაშვილი და საბა სულამანიძე მინდა გამოვყო: ისინი ბრძოლის ჟინით გამოირჩეოდნენ და 5-6 წლით უფროს მეტოქეებს ტოლს არ უდებდნენ. სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ჩვენი გოგო-ბიჭები დიდ სარბიელზეც გვასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული