მოხმალავეთა შედეგები "ლელოს" წინა ნომერში გაგაცანით. შაბათს სპორტსმენები რაპირით გაეჯიბრნენ ერთმანეთს. გოგონათა ფინალში თეონა გოგლიძემ (თბილისი) იოლად სძლია მარიამ ცუხიშვილს (რუსთავი) - 15:8.
მესამე ადგილებზე დედაქალაქელები - ანა მელია და ნუცა იაგორაშვილი გავიდნენ. ვაჟთა პაექრობაში არჩილ უგულავამ იყოჩაღა, რომელმაც ყველა მეტოქეს მოუგო, მათ შორის ფინალში - ლუკა ღაღანიძეს (15:11)
დაშნაში ვაჟთა შორის ოქროს მედლის მფლობელი მხოლოდ ბოლო ჩხვლეტამ გამოავლინა, რადგან მთელი ორთაბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ თბილისელმა ნიკოლოზ ზურაბიშვილმა ქუთაისელ ირაკლი ფანცხავას 15:14 აჯობა.
მესამე ადგილები ირაკლი ამბროლაძემ (ქუთაისი) და დაჩი გალდავაძემ (თბილისი) დაიკავეს. გოგონებში 15 წლის ქუთაისელმა მარიამ კეკუტიამ დაუმარცხებლად განვლო მთელი ტურნირი - გადამწყვეტ შეხვედრაში ოთხი წლით უფროსი თანაქალაქელი ხატია ლელაძე 15:10 დაჯაბნა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა. მხოლოდ ნახევარფინალური პაექრობები დათმეს და მესამე ადგილებს დასჯერდნენ მარიამ ლომიძე (თბილისი) და მარიამ ზაკირჩენკო (ქუთაისი).
- საქართველოს პირველობა საინტერესოდ წარიმართა, - გვითხრა შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ვლადიმერ აფციაურმა. - კარგი თაობა გვეზრდება. სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში, ისინი საერთაშორისო სარბიელზეც ისახელებენ თავს.
საგულისხმოა, რომ იმერეთის ფარიკაობის ფედერაციამ (პრეზიდენტი ლევან კირკიტაძე) როგორც ორი კვირის წინათ კადეტთა საქართველოს პირველობაზე, ისე ამ ტურნირზეც სრულად დაკომპლექტებული გუნდები გამოგზავნა. 1-10 მარტს ხორვატიაში კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობა გაიმართება.
საასპარეზოდ 5 სპორტსმენს წავიყვანთ. უმცროს ასაკში თეონა გოგლიძე, ლუკა ღაღანიძე (ორივე - რაპირა) და საბა სულამანიძე (ხმალი) მოსინჯავენ ძალებს. ათიოდე დღის წინათ საბამ იტალიაში კადეტთა ევროპის თასზე მე-7 ადგილი დაიკავა. რომ არა საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ტრავმა, შესაძლოა, პრიზიორებშიც მოხვედრილიყო. იგი საქართველოს პირველობაზე არ გამოსულა - ტრავმის მოსაშუშებლად დასვენების საშუალება მივეცით.
ხორვატიაში კი ორივე ასაკში იასპარეზებს, თანაც ახალგაზრდებს შორის სანდრო ბაზაძესთან და მიხეილ მარდალეიშვილთან (ორივე - ხმალი) ერთად გუნდური პირველობისთვისაც იფარიკავებს. მარდალეიშვილი და ბაზაძე ხორვატიას ბუდაპეშტიდან ეწვევიან. უნგრეთის დედაქალაქში ისინი 3-4 მარტს ბექა ბაზაძესთან და კახა მაღრაძესთან ერთად გრან პრიზე გამოვლენ.
ხორვატიიდან (კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობაზე მსაჯად არის მიწვეული საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე) სანდრო და მიხეილი მინსკში გაემგზავრებიან საწვრთნელ შეკრებაზე და ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო მსოფლიოს თასის ეტაპის - "მოსკოვის ხმლის" გათამაშებისთვის მოემზადებიან. ამ შეჯიბრებას რუსეთის დედაქალაქი 17-19 მარტს უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"