სხვებზე უკეთ სანდრო ბაზაძე გამოვიდა. ჯგუფში მიღწეული წარმატების შემდეგ მან ფლეი ოფებში ასპარეზობის უფლება მიიღო, სადაც დაუბრკოლებლად განვლო ორი წრე - ჯერ ჩინელ ჰი ვიეს აჯობა 15:9, შემდეგ უკრაინელ დმიტრო პუნდიკს დააყრევინა ფარ-ხმალი - 15:13; აი, მეოთხედფინალში გასასვლელი ორთაბრძოლა კი რუმინელ რარეს დუმიტრესკუსთან დათმო 7:15 და 165 მოხმალავეს შორის საბოლოოდ მე-14 ადგილს დასჯერდა.
დანარჩენი ქართველი სპორტსმენები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ: 87. კახაბერ მაღრაძე, 98. მიხეილ მარდალეიშვილი, 124. ბექა ბაზაძე.
გუნდურ შეჯიბრებაში პირველობისთვის 22 ნაკრები იბრძოდა. ჩვენმა ბიჭებმა სტარტზევე იტალიელებთან წააგეს 29:45. დამამშვიდებელ ჯგუფში კი
45:43 სძლიეს კორეელებს, რომლებიც მხოლოდ ქულით დამარცხდნენ (44:45) მომავალ ჩემპიონ ჩინელებთან. მომდევნო ორი შეხვედრა ქართველებმა კანადელებთან (27:45) და უნგრელებთან (39:45) დათმეს და მე-12 ადგილი დაიკავეს.
ტურნირის გამარჯვებულებმა გადამწყვეტ პაექრობაში მასპინძლებს აჯობეს 45:44, ხოლო ბრინჯაოსთვის პაექრობაში ამერიკელებმა ბელარუსები დაჯაბნეს - 45:41.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"