- რუსეთის დედაქალაქში პლანეტის უძლიერესი მოფარიკავეები შეიკრიბნენ, რადგან ეს შეჯიბრება ლონდონის ოლიმპიადისთვის ჩასათვლელ ქულებს იძლეოდა.
ამდენად, ასეთ ტურნირში თითოეული გამარჯვება დიდად ფასობს, მით უმეტეს - ჩვენთვის, რადგან ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, - გვითხრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ. - მიხეილ მარდალეიშვილი 17 წლისაა, სანდრო ბაზაძე - თვრამეტისა, ბექა ბაზაძე და კახაბერ მაღრაძე, შესაბამისად, 22-23 წლისანი,
ჰონგკონგის გუნდის ძლევის (45:34) შემდეგ აპენინელებთან 29:45 დავთმეთ. არადა, სტარტზე სანდრომ 38 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ლუიჯი ტარანტინოს 5:1, ბექამ კი 9:4 მოუგო. არბიტრებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, შესაძლოა, საბოლოო ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.
მომდევნო ეტაპზე კორეელები კი დავჯაბნეთ 45:43, მაგრამ კანადელებმა და უნგრელებმა გვაჯობეს. ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 50 ქვეყანას შორის მე-20 ადგილზე ვართ, რაც საგრძნობი წინსვლაა.
პირად პირველობაში ჩვენი გუნდიდან სხვებზე უკეთ სანდრომ იასპარეზა: ქვეჯგუფში 6-იდან 5 შეხვედრა მოიგო, პლეი ოფებში ჩინელი ჰეი ვეი და უკრაინელი ევროპის პრიზიორი დმიტრი ჰუნდიკი დაამარცხა, მერვედფინალში კი 2010 წლის რუმინელ მსოფლიოს ჩემპიონ რარეს დიმიტრესკუსთან ვერაფერს გახდა და მე-14 ადგილს დასჯერდა. იგი 32 საუკეთესო მოხმალავეს შორის ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ.
- ალბათ, მოსკოვში მსოფლიოს პირველობაზე უკეთ გამოვა...
- რუსეთის დედაქალაქი 30 მარტიდან უმასპინძლებს ახალგაზრდა მოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას. ჩვენი სპორტსმენები ორ დისციპლინაში მოსინჯავენ ძალებს. კადეტ მოხმალავეებს გაეჯიბრება თბილისელი საბა სულამანიძე, იუნიორებში კი ქუთაისელები - სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და დავით უკლება იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის. გუნდურ პირველობაში ამ სამეულს სულამანიძე დაემატება. რაპირაში თეონა გოგლიძე და ლუკა ღაღანიძე ჯერ კადეტებს გაუწევენ მეტოქეობას, შემდეგ კი არჩილ უგულავასთან ერთად ახალგაზრდებში იასპარეზებენ. იმედია, ჩვენი გოგო-ბიჭები თავს არ შეირცხვენენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"