ძმებ ბაზაძეების ტრიუმფი

AutoSharing Option
შარშან თბილისმა 23-წლამდელ მოხმალავეთა ევროპის თასის ეტაპს პირველად უმასპინძლა.

ტურნირის მაშინდელმა ორგანიზაციამ ისე მოხიბლა ევროპის მოფარიკავეთა კონფედერაციის წარმომადგენლები, რომ გამოითქვა სურვილი, ეს შეჯიბრება საქართველოს დედაქალაქში ტრადიციული გამხდარიყო.

და აი, 19 ოქტომბერს სპორტკომპლექს "არენაში" ქართველ მუშკეტერებთან ერთად თავი მოიყარეს უკრაინის, ბელარუსის, გერმანიის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის 23-წლამდელმა მოხმალავეებმა, სულ 58-მა სპორტსმენმა.

ასპარეზობის პირველ დღეს საფარიკაო ბილიკებზე ვაჟები გამოვიდნენ. შესანიშნავად იასპარეზეს ძმებმა ბაზაძეებმა.

ოცდასამწლამდელებში ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა ბექა ბაზაძემ ჯგუფურ ტურნირში წარმატების შემდეგ თანამემამულე დავით მთვარელიძე დაამარცხა (15:8), მეორე წრეში
გერმანელი რიჩარდ ჰუბერსი ჩამოიშორა გზიდან (15:7), მესამეში ირანელი მოჯთაფა აბედინი დაჯაბნა (15:4).

მეოთხედფინალში მის გზას გაუყენა ბელარუსი ალიაქსანდრ აბრამოვიჩი და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თანაგუნდელ მიხეილ მარდალეიშვილს დაუპირისპირდა.

კადეტებში შარშანწინდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა ნახევარფინალამდე უფრო რთული გზა გაიარა: ჯგუფური ეტაპებიდან 12-დან 6 მოგებით გავიდა. ფლეი ოფის პირველ შეხვედრაში უკრაინელი იური ცაპი დაამარცხა - 15:12.

მეორე წრეში ბელარუს ალიაქსანდრ აბრამოვიჩს აჯობა - 15:13, მერვედფინალში უკრაინელ ივან ბომკოსთან წააგო - 5:15, რის შემდეგაც დამამშვიდებელ ჯგუფში მოხვდა. იქ გერმანელ რიჩარდ ჰუბერსს სძლია - 15:12.

დაძაბული პაექრობა ჰქონდა მეოთხედფინალში ბელარუს სიარჰეი შაჩანინთან. ქართველმა მოფარიკავემ ერთი ჩხვლეტის უპირატესობით გაიმარჯვა 15:14 და ბექა ბაზაძესთან დაპირისპირების უფლება მოიპოვა. ეს ორთაბრძოლა ბაზაძის გამარჯვებით დამთავრდა - 15:11.

შარშანდელი ევროპის თასის თბილისური ეტაპი სანდრო ბაზაძემ მოიგო. ამჯერადაც მან დაუბრკოლებლად განვლო გადამწყვეტ შეხვედრამდე ყველა ეტაპი: ჯგუფური ტურნირის შემდეგ ზედიზედ ჩამოიშორა გზიდან ზაზა შენგელია (15:7), არტსიომ კარაბინსკი (ბელარუსი, 15:12), ჰამიდრეზა ტაპერხანი (ირანი, 15:10), იური ცაპი (უკრაინა, 15:12) და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი დაძაბულ პაექრობაში უკრაინელ ივან ბომკოს აჯობა - 15:13.

მთავარი პრიზისთვის ძმების ორთაბრძოლა უმცროსი სანდრო ბაზაძის უპირატესობით წარიმართა და (15:10) მეორედ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. ამდენად მოხმალავე ვაჟებმა საპრიზო ადგილები ასე გაინაწილეს: 1. სანდრო ბაზაძე, 2. ბექა ბაზაძე, 3. მიხეილ მარდალეიშვილი (სამივე პრიზიორი ქუთაისის საფარიკაო სკოლის აღზრდილია) და ივან ბომკო (უკრაინა).

20 ოქტომბერს ბრძოლაში გოგონები ჩაებმებიან (ეს შეჯიბრება თბილისში პირველად გაიმართება), ხვალ კი გუნდურში გამოვლინდებიან საუკეთესოები.

გუშინდელი პაექრობების შემდეგ შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის ტექნიკურმა დელეგატებმა - იულიუს კრალიკმა (სლოვაკეთი) და ევგენი ცუხომ (მოსკოვი).

"უპირველესად ქართულ საფარიკაო სამყაროს მინდა მივუსამძიმრო შესანიშნავი პიროვნებისა და სანიმუშო სპორტსმენის ვლადიმერ აფციაურის მოულოდნელი გარდაცვალება. სამწუხაროდ, შესაძლებლობა არ მომეცა, მეგობრის დასაფლავებაზე ჩამოვსულიყავი.

რაც შეეხება ევროპის თასის თბილისურ ეტაპს, იგი შარშან უმაღლეს დონეზე ჩატარდა, ძლიერმა სპორტსმენებმაც იასპარეზეს, მაგრამ წლევანდელი შეჯიბრება ბევრად აღემატება უწინდელს როგორც ორგანიზაციის დონით, ისე სპორტსმენთა სიმრავლითა და სიძლიერით.

მაყურებელიც მრავლად მოვიდა და სპორტსმენებისთვის დარბაზში სასიამოვნო გარემოა. ვიმედოვნებ, რომ გაისად კიდევ უკეთესი მდგომარეობა იქნება"
- გვითხრა იულიუს კრალიკმა.

ევგენი ცუხო, ახალგაზრდებში მსოფლიოს 1981 წლის ჩემპიონი: "თბილისში ბოლოს 26 წლის წინათ ვიყავი. მანამდე ხშირად ჩამოვდიოდი შეჯიბრებებზე, საწვრთნელ შეკრებებზე.

უამრავ ტურნირზე ვყოფილვარ ქართველ მეგობრებთან ერთად. ჭაბუკობის წლები მაკავშირებდა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ვლადიმერ აფციაურთან, მერაბ ბაზაძესთან.

ბევრჯერ მიფარიკავია ქართველ სპორტსმენებთან. ამიტომ სასიამოვნო იყო ჩემთვის ამ შეჯიბრებაზე მოწვევა.

დიდი ხნის განშორების შემდეგ კვლავ რომ შევხვდი ჩემი ყრმობის მეგობრებს, ვიგრძენი, თუ როგორ მომნატრებია ისინი და საქართველოს დედაქალაქი, რომელიც ბევრად დამშვენებული დამხვდა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული