სანდრო ბაზაძე: ისე მივეჩვიე კვარცხლბეკს, რომ არც უმაღლეს საფეხურზე ვიტყოდი უარს

AutoSharing Option
ამას წინათ გაუწყეთ, რომ 19 წლის ქუთაისელმა სანდრო ბაზაძემ კიევში ახალგაზრდა მოხმალავეთა მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა: ჯგუფში ხუთ მეტოქეს სძლია, პლეი ოფში კი ზედიზედ სძლია ჰილმარ ჯონსონს (ისლანდია) - 15:5, არტსიომ კარაბინსკის (ბელორუსი) - 15:12, არტურ ოკუნევს (რუსეთი) - 15:9, რომან სიდორენკოს (უკრაინა) - 15:11 და მხოლოდ გადამწყვეტი პაექრობა დათმო (13:15) ამერიკელ ჯეფრი ლოსთან, რომელმაც ტურნირი მოიგო.

ახალგაზრდა მუშკეტერისთვის ეს არ ყოფილა პირველი წარმატება: საქართველოს ოთხ-ოთხგზის ჩემპიონსა და თასის მფლობელს საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი მშობლიურ ქალაქში ჰქონდა - 2008
წელს გალაქტიონ ჩიქოვანის მემორიალში მესამე ადგილი დაიკავა, მომდევნო წელს კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

2010 წელს თურქეთში 18-წლიანთა ასპარეზობაში აჯობა ყველას. შარშან ჯერ თეირანში მოიგო მსოფლიოს თასის ეტაპი, მერე თბილისში ევროპის თასზე გაიმარჯვა, გუნდურში კი მეორე ადგილი დაიკავა. წლეულს საქართველოს დედაქალაქში მსგავს შეჯიბრებაზე პირველი იყო როგორც პირადში, ისე გუნდურში; "მოსკოვის ხმალზე" 180 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავა.

- ჩემს სპორტულ კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი მოსკოვის ტურნირზე მიღწეული შედეგია, რადგან იქ სახელოვან, 10-12 წლით უფროს მოფარიკავეებს ვუწევდი მეტოქეობას, - გვითხრა უკრაინის დედაქალაქიდან დაბრუნებულმა სანდრო ბაზაძემ.

- კიევურ ბატალიებზე რას იტყვი?
- ჯგუფურ ეტაპსა თუ პლეი ოფებში საკმაოდ იოლად ვძლიე მეტოქეებს. ფინალური პაექრობა დაძაბული და დრამატული გამოდგა. თავიდან ამერიკელი ლოსი დაწინაურდა, მაგრამ შეხვედრის პირველი ნახევარი მაინც მოვიგე - 8:7.

შესვენების შემდეგ ამერიკელმა სამი ქულით გამისწრო, მაგრამ წონასწორობის აღდგენა შევძელი. სწორედ ამ დროს დაუშვა ყაზახმა არბიტრმა ევგენი დიაკოკინმა უხეში შეცდომა - ჩემი შეტევისას ქულა მეტოქეს ჩაუთვალა.

თუ მანამდე აზიელის სუბიექტურ მსაჯობაზე ხმა არ ამოგვიღია, ამჯერად ვეღარ მოვითმინეთ და შევეკამათეთ მე და ჩემი მწვრთნელი (შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძეს მამა - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე ავარჯიშებს - ვ.დ.).

დავამ სამ წუთს გასტანა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ვიდეოკონტროლი არ მუშაობდა. ამდენი ნერვიულობის მერე ლოსის ბოლო შეტევის მოგერიება ვერ შევძელი და 13:15 დავმარცხდი.

ამ წაგების მიუხედავად, შედეგით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან კიევში მოპოვებულმა ქულებმა მსოფლიო რეიტინგში ორი საფეხურით წინ წამწია და ახლა მე-8 ადგილზე ვარ.

- უახლოესი მიზანი?
- გაისად ახალგაზრდებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები გაიმართება. მანამდე საწვრთნელი შეკრებების გავლა და დაგეგმილ ტურნირებში მონაწილეობა თუ შევძელი, ორივე მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე მედლების მოპოვება შეიძლება. ბოლო დროს ისე მივეჩვიე კვარცხლბეკს, რომ არც უმაღლეს საფეხურზე ვიტყოდი უარს...

- შეკრებები აუცილებელია, - ჩაერია საუბარში მერაბ ბაზაძე. - კიევის ტურნირის წინ მინსკში მასპინძლებთან, უკრაინელებთან, ბელგიელებთან და მოლდოველებთან ერთად ვივარჯიშეთ. 10 დღის განმავლობაში დარბაზი სავსე იყო - 50-მდე სპორტსმენი უწევდა ერთმანეთს სპარინგპარტნიორობას.

ამგვარმა წვრთნამ კარგი შედეგი გამოიღო. ერთადერთი გულდასაწყვეტი რუს სერგეი ტალიასთან მიხეილ მარდალეიშვილის წაგება იყო. არადა, ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფში ხუთივე შეხვედრა მოიგო.

ახლა ჩვენი მიზანია, კიევში დაშვებული ხარვეზები მალევე გამოვასწოროთ და ინდივიდუალურთან ერთად, გუნდურშიც ვიბრძოლოთ მედლების მოსაპოვებლად. საამისოდ რესურსი არის. მთავარია, მომზადების ნორმალური პირობები გვქონდეს.

იური ოსიპოვი, მსოფლიოს ჩემპიონი: "გუნდურში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი მარკ რაკიტა ჩვენი მეგობარია, ხშირად უფარიკავია დიდ სარბიელზე ქართველებთან ერთად.

კიევის ტურნირს ისიც დაესწრო. ფინალური შეხვედრის შემდეგ სანდრო ბაზაძესთან მისულა და დაუყვავებია - არბიტრები ჩვენც გვჩაგრავდნენ და გული ნუ დაგწყდება, ტურნირის ფაქტობრივი ჩემპიონი შენ ხარო. მართალი გითხრათ, ეს ჟესტი მესიამოვნა. მთავარი კი ის არის, რომ ხმალში ფარიკაობის უწინდელ ტრადიციებს განვაგრძობთ.

მწვრთნელიც კარგი გვყავს და სპორტსმენებიც. ახლა მთავარია, ხელი შევუწყოთ. ჩვენმა ბიჭებმა, რაც შეიძლება, ხშირად უნდა მოსინჯონ ძალები საერთაშორისო სარბიელზე. არბიტრებიც გაუშინაურდებიან და ნაკლებად დაჩაგრავენ.

კიევური ტურნირისთვის მოსამზადებლად და შეჯიბრებაზე გასამგზავრებლად ფედერაციას ბიუჯეტში თანხა არ ჰქონდა. სპორტის სამინისტროს ვთხოვეთ დახმარება და უარი არ უთქვამთ. გულისხმიერებისთვის ყველას მადლობა მინდა ვუთხრა.

"გაისად 20-წლამდელებში ევროპისა (ბუდაპეშტი, 28 თებერვალი - 9 მარტი) და მსოფლიოს (ხორვატია, 30 მარტი - 7 აპრილი) ჩემპიონატები გაიმართება. ამ შეჯიბრებებს წინ უძღვის მსოფლიოს თასის ეტაპები.

სამი წლეულს ჩატარდება პოლონეთში (18 ნოემბერი), გერმანიასა (1 დეკემბერი) და ირანში (16 დეკემბერი), ოთხ ტურნირს გაისად იტალია (5 იანვარი), საფრანგეთი (19 იანვარი), ამერიკის შეერთებული შტატები (3 თებერვალი) და უნგრეთი (17 თებერვალი) უმასპინძლებენ. იმედია, ჩვენი მოხმალავენი ამ ტურნირებზე გვასახელებენ", - გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული