ქართველი მოფარიკავეები ბუდაპეშტში ევროპის პირველობაზე გამოვლენ

AutoSharing Option
წლეულს, მარტის მიწურულს, კადეტი და ახალგაზრდა მოფარიკავეები ხორვატიაში მსოფლიოს პირველობაზე გამოვლენ. მანამდე კი, 25 თებერვლიდან, ბუდაპეშტში ევროპის პირველობაზე მოსინჯავენ ძალებს.

ამ შეჯიბრებებისთვის მონდომებით ემზადებიან ქართველი მოფარიკავეებიც. მსოფლიო და ევროპის თასების ეტაპების მრავალგზის გამარჯვებულმა და პრიზიორმა სანდრო ბაზაძემ იტალიურ უდინეში მსოფლიოს თასის ეტაპზე იასპარეზა.

ქვეჯგუფიდან პლეი ოფში 21-ე ნომრით გავიდა. იქ პირველი შეხვედრა რუს დანიილ ბუბენჩიკოვს მოუგო - 15:9, შემდეგ გერმანელ მაქსიმილიან კინდლერს სძლია - 15:12, მესამე წრეში კი უნგრელ მარტინ შინგერთან დათმო პაექრობა - 12:15 და საბოლოოდ მე-13 ადგილს დასჯერდა,
თუმცა ეს შედეგიც საკმარისი აღმოჩნდა, თანატოლთა შორის მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე გადაენაცვლა.

უდინეს ახალგაზრდა მოხმალავეთა ტურნირი გერმანელმა რიხარდ ჰუებერმა მოიგო, რომელმაც ფინალში თანამემამულე რობინ შროედერს აჯობა.

ბრინჯაოს მედლები ანდრაშ ზატმარსა (უნგრეთი) და მაქსენს ლამბერტს (საფრანგეთი) ერგოთ. იტალიაშივე გაიმართა რაპირით მოფარიკავეთა შეჯიბრება, რომელშიც თბილისელმა ლუკა ღაღანიძემ პლეი ოფის პირველივე ორთაბრძოლა ალესანდრ ბერტოლაზისთან წააგო და 37-ე ადგილი ხვდა.

19 იანვარს სანდრო ბაზაძე პარიზთან ახლოს მდებარე დურდანს ესტუმრება და მიხეილ მარდალეიშვილთან ერთად მსოფლიოს თასის ეტაპზე გამოვა.

მომდევნო მსგავს შეჯიბრებაზე ქართველი მოხმალავენი თანატოლებს 16 თებერვალს უნგრეთის დედაქალაქში გაუწევენ მეტოქეობას.

მსოფლიო და ევროპის პირველობებისთვის ემზადება მოხმალავე საბა სულამანიძეც, რომელიც უნგრეთის დედაქალაქში კადეტებსა და ახალგაზრდებშიც გამოვა (მსაჯად არის მიწვეული საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე).

გასულ უქმეებზე იგი ლონდონში კადეტთა ევროპის თასის ეტაპზე სცდიდა ძალებს, სადაც კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნის 76 წარმომადგენელი ეცილებოდა ერთმანეთს პირველობაში.

ჩვენებურმა მერვედფინალამდე დაუმარცხებლად განვლო გზა, იქ კი ფრანგ მეტოქეს დანებდა - 14:15 და მე-16 ადგილზე გავიდა. 15 წლის ნიკა შენგელიამ ლონდონში 48-ე ადგილი დაიკავა.

ოთხი იანვრიდან კიევში იმყოფება და უკრაინის ნაკრებთან ერთად ემზადება ბექა ბაზაძე, რომელიც 18 იანვარს ბულგარულ პლოვდივში მოხმალავეთა გრანპრიზე იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული