ტურნირისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპი 1996-1997 წლებში დაბადებულთა საქართველოს პირველობაც იყო, რომელიც თბილისის ფარიკაობის დარბაზში გაიმართა.
შეჯიბრებაში პირველი მოხმალავენი ჩაებნენ. გოგონებში ისევ თბილისელმა ქრისტინე ნოზაძემ (122-ე საჯარო სკოლა) იყოჩაღა, რომელმაც ჩემპიონობა შეინარჩუნა.
ნახევარფინალში მან დედაქალაქელ ანა აფრასიძეს აჯობა - 15:14, გადამწყვეტ პაექრობაში კი ელენე ნანობაშვილის (თბილისი) მძლეველი (15:13) ანა სინატაშვილი (ქუთაისი) დაამარცხა - 15:10.
ვაჟებში უძლიერესი იყო, ასევე, თბილისელი საბა სულამანიძე (162-ე სკოლა): ნახევარფინალში ნიკა შენგელიას მოუგო
რაპირით მოფარიკავეებმა ამას წინათ ევროპის თასის გათამაშების მორიგ ეტაპზე მოსინჯეს ძალები. ვარშავაში ლუკა ღაღანიძემ (177-ე სკოლა) ჯგუფში ოთხ მეტოქეს სძლია, პლეი ოფშიც ამდენივე მეტოქე ჩამოიცილა გზიდან და საბოლოოდ 173 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავა.
საქართველოს პირველობაზე კი მას ტოლი ვერავინ დაუდო (შეგახსენებთ, რომ ლუკამ შარშანწინ უფროსებშიც მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა).
ნახევარფინალში რუსთაველ ნიკა ვეფხიაშვილს 15:6 მოუგო, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გიორგი გელაშვილს (თბილისი) აჯობა - 15:5, ამ უკანასკნელმა 13 წლის გივი ხართიშვილი (თბილისი) დაჯაბნა - 15:1. არადა, ნახევარფინალამდე გივი ორ მეტოქეს იოლად გაუსწორდა.
გოგონებში პირველობა არავის დაუთმო თეონა გოგლიძემ (35-ე სკოლა), რომელმაც ორიოდე კვირის წინათ ბუქარესტში ევროპის თასის ეტაპზე მხოლოდ მერვედფინალური პაექრობა დათმო მასპინძელ მოფარიკავესთან და 23-ე ადგილს დასჯერდა.
საქართველოს პირველობის ფინალში თეონამ მარიამ ცუხიშვილს (რუსთავი) აჯობა - 15:6. მესამე ადგილებზე ლიკა ჯიჯეიშვილი და ანა მელია (ორივე - თბილისი) გავიდნენ.
შვიდ თებერვალს ლუკა ღაღანიძე, თეონა გოგლიძე, გიორგი გელაშვილი და მარიამ ცუხიშვილი იტალიურ პიზაში კადეტთა შორის ევროპის თასზე იასპარეზებენ.
3 თებერვალს გამარჯვებულები და პრიზიორები დაშნით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. კვარცხლბეკზე ავიდნენ: გოგონები. 1. მარია ზაკირჩენკო, 2. ქრისტინე მიქაძე, 3. ანა ბიბიჩაძე (სამივე - ქუთაისი) და ანა მელია (თბილისი); ბიჭები. მიქაელ მიქაელიანი (თბილისი), 2. ირაკლი ფანცხავა, 3. ანრი სიმსივე და გიორგი ყურაშვილი (სამივე - ქუთაისი).
თბილისის ფარიკაობის დარბაზში 14-16 თებერვალს 20-წლამდელ მოფარიკავეთა საქართველოს პირველობა გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა ევროპის პირველობაზე წამსვლელ კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების შემადგენლობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"