ასპარეზობა უკვე დაამთავრეს კადეტებმა. ჩვენებურთაგან მოხმალავე საბა სულამანიძე გამოირჩა.
ჯგუფში მან ექვსიდან ოთხი ორთაბრძოლა მოიგო. დაამარცხა ივან მანდოვი (ბულგარეთი), ბაჰადირ სინანი (თურქეთი), ვლადიმირ რუბანი (რუსეთი) და მატეი ბადესკუ (რუმინეთი), ხოლო მარიოს გიაკოლუმატოსსა (საბერძნეთი) და იშტვან კავაჩთან (უნგრეთი) პაექრობები დათმო.
ამის მიუხედავად, პლეი ოფში მე-20 ნომრად შევიდა, იქ კი ორ მეტოქეს აჯობა - ესპანელ მატეო ბერნალსა (15:13) და პოლონელ მათეუშ გოდლევსკის (15:14), მერვედფინალში კი იტალიელ დეონარდო დრეოსისთან
მისი მძლეველი კარპატელი მეოთხედფინალში ბელარუს არსიომ ნოვიკაუსთან დამარცხდა - 9:15, სამაგიეროდ, მისმა თანაგუნდელმა ჩერარო გარანტიმ ფინალში ბოგდან პლატონოვი (უკრაინა) დაჯაბნა - 15:9 და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
რაპირაში ორი წარმომადგენელი გვყავდა. ვაჟებში ლუკა ღაღანიძემ ჯგუფში სამ მეტოქეს მოუგო, პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ავსტრიელი ნიკო რუსი ჩამოიშორა გზიდან (15:7), მერე კი თავადაც დამარცხდა უკრაინელ მიჰაილო აბდულაიევთან (7:15) და საბოლოოდ 27-ე ადგილს დასჯერდა.
საქართველოს ჩემპიონმა თეონა გოგლიძემ ჯგუფში მხოლოდ ორი მეტოქე დაჯაბნა - შვედი ლინ ფოლმარკი და სომეხი ჰასმიკ აგაბაბიანი. მეთექვსმეტედფინალში იტალიელ კამილა რივანოსთან წააგო და 48-ე ადგილზე გავიდა.
დაშნაში ძალებს ცდიდა მიქაელ მიქაელიანი. ჯგუფში მანაც ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა, პლეი ოფში კი ბრიტანელ ჰარი პეკსანს დანებდა - 14:15 და 110 მონაწილეს შორის 83-ე იყო.
3 მარტიდან შეჯიბრებაში ახალგაზრდები ჩაებმებიან. საქართველოს სახელით სამი მოხმალავე გავა საფარიკაო ბილიკებზე: კადეტებში 2010 წლის მსოფლიოს პირველობის მე-3 პრიზიორი მიხეილ მარდალეიშვილი, თბილისის, უკრაინის, ირანისა და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი სანდრო ბაზაძე და საბა სულამანიძე. ისინი ხმალს როგორც პირად, ისე გუნდურ შეჯიბრებაშიც მოისინჯავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"