და აი, ტიტულოვანი მუშკეტერების გალერეას შეემატა 19 წლის სანდრო ბაზაძე.
ქართველმა მოფარიკავემ 5 მარტს ბუდაპეშტში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ქართულ ფარიკაობას მსგავსი წარმატება არასდროს ჰქონია.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვანი შეჯიბრებების კვარცხლბეკისკენ პირველმა
და აი, უმცროსი ძმის ჯერიც დადგა: 5 მარტს სანდრომ (მწვრთნელი მერაბ ბაზაძე) ჯგუფში ოთხი მეტოქე დაამარცხა - ალესანდრო რიკარდო (იტალია, 5:4), პანჩო პაშკოვი (ბულგარეთი, 5:2), სებასტიან ბრიგსტრუპი (დანია, 5:2), საბირ ზეინალოვი (აზერბაიჯანი, 5:2), იაკუბ ოჩინსკი (პოლონეთი, 5:2) და ერთადერთი ორთაბრძოლა ბელორუს ანტონ დავიძენკასთან დათმო - 3:5.
პლეი ოფიდან კი ქართველი მოხმალავის შეჩერება ვერავინ შეძლო: პირველ წრეში მასპინძელთა იმედი მარტინ სინგერი დაჯაბნა - 15:7, მერე დავიძენკას ჯავრი მის თანამემამულე სიარჰეი კისელზე იყარა - 15:4, მის გზას გაუყენა ვიაჩესლავ ისკანდაროვი (რუსეთი) - 15:10, ნახევარფინალში ახალგაზრდებს შორის რუსი მსოფლიოს ჩემპიონი კამილ იბრაგიმოვი დაამარცხა - 15:11 და გადამწყვეტ პაექრობაში ფრანჩესკო დარმიენტოს (იტალია, 15:10) მძლეველ უკრაინელს - კონსტანტინ ვორონოვს დაუპირისპირდა.
შეხვედრა დრამატულად წარიმართა: თავიდანვე უკრაინელი დაწინაურდა და მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში მეწინავეობდა.
12:10-ზე ბაზაძემ არბიტრის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის გამოც ყვითელი ბარათით დაისაჯა და ქულა მეტოქეს წაემატა.
როცა ანგარიში გახდა 14:11 ვორონოვის სასარგებლოდ, მოხდა სასწაული, რომლის მსგავსი ასეთ შეჯიბრებებში, ალბათ, დაუჯერებელიცაა - სანდრო ბაზაძემ ზედიზედ 4 ჩხვლეტა მიაყენა მეტოქეს და 15:14 გაიმარჯვა, რამაც ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოუტანა.
5 მარტსვე ბუდაპეშტში კიდევ ორმა ქართველმა მოხმალავემ მოსინჯა ძალები: მიხეილ მარდალეიშვილმა ჯგუფში ექვსიდან ოთხი ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ პლეი ოფში გერმანელ რუვენ რედვანზთან დამარცხდა - 12:15 და 22-ე ადგილს დასჯერდა.
23-ე ადგილზე გავიდა საბა სულამანიძე. ჯგუფში მანაც ოთხ მეტოქეს აჯობა, თუმცა მეთექვსმეტედფინალში გერმანელ მაქსიმილიან ქინდლერს ვეღარ გასცდა - 10:15.
7 მარტს ქართველი მოხმალავენი გუნდური მედლებისთვის იბრძოლებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"