დავით სახვაძე: გახარებულნი ვართ სანდრო ბაზაძის ჩემპიონობით

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქში დასასრულს მიუახლოვდა კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი.

როგორც გაუწყეთ, ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა მოხმალავე სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ახალგაზრდებში ყველა მეტოქე დაამარცხა და ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველად ევროპის ოქროს მედალი მოიპოვა.

თანაგუნდელს სათანადოდ ვერ აუბეს მხარი კადეტებში 2010 წლის მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოსპრიზიორმა მიხეილ მარდალეიშვილმა და საბა სულამანიძემ, თუმცა ჯგუფურ ტურნირში ურიგოდ არ უასპარეზიათ.

სულამანიძემ, რომელიც ორი წლით უფროსებს ეპაექრებოდა, ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია - იან ფუჩიკს (ჩეხეთი, 5:1), კონსტანტინ ვორონოვს (უკრაინა, 5:4. არა
და, ამ უკანასკნელმა მერე პლეი ოფში იყოჩაღა და მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო სანდრო ბაზაძესთან), რუვენ რედვანზს (გერმანია, 5:3) და ვლადიმირ კერნიხინს (სერბეთი, 5:1), ორი შეხვედრა კი წააგო - კრისტიან ბიტუკასთან (რუმინეთი, 4:5) და ალექსანდრ ტრუშაკოვთან (რუსეთი, 0:5). პლეი ოფში პირველივე შეხვედრა მაქსიმილიან ქინდლერთან (გერმანია) დათმო - 10:15 და 23-ე ადგილს დასჯერდა.

ერთი საფეხურით მაღალი ადგილი დაიკავა მიხეილ მარდალეიშვილმა, რომელმაც ქვეჯგუფში ასევე ოთხ მეტოქეს დააყრევინა ფარ-ხმალი: დანიელ როდს (პორტუგალია, 5:0), მაქსიმილიან ქინდლერს (გერმანია, 5:2), დიეგო დე ლა ფუენტეს (ესპანეთი, 5:4) და ნიკოლაი ზაპოროჟენკოს (მოლდოვა, 5:3), ხოლო ფრანჩესკო დარმიენტოსთან (იტალია, 4:5) და ენვერ ილდირიმთან (თურქეთი, 3:5) დამარცხდა.

პლეი ოფის პირველ წრეში რუვენ რედვანზის (გერმანია, 12:15) ვერ გასცდა.

6 მარტს ბუდაპეშტიდან შეგვეხმიანა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო არბიტრი დავით სახვაძე, რომელიც ევროპის პირველობაზე მსაჯად არის მიწვეული.

- გახარებულნი ვართ სანდრო ბაზაძის ჩემპიონობით, - გვითხრა მან. - შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია. ველოდით მისგან საპრიზო ადგილს. სხვებმაც გაიზიარეს ჩვენი წარმატება.

ერთ-ერთმა პირველმა სახელოვანმა უნგრელმა მოფარიკავემ, წინა თაობის ქართველ მუშკეტერთა მეგობარმა ენო კამუტიმ მოგვილოცა გამარჯვება.

ტურნირზე არც მარდალეიშვილსა და სულამანიძეს უასპარეზიათ ურიგოდ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოხმალავენი შვიდ მარტს გუნდურ შეჯიბრებაშიც იყოჩაღებენ.

საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში 11 ნაკრები ჩაებმება. პირველ წრეში თავისუფალნ
ი ვართ, მეორეში იტალიელებს დავუპირისპირდებით. ტურნირის დამთავრების შემდეგ ჩვენები ბუდაპეშტში დარჩებიან და 9-10 მარტს მოხმალავეთა გრანპრიში მოსინჯავენ ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული