ასპარეზობის პირველ დღეს კადეტ მოხმალავეთა პაექრობაში ჩაება საბა სულამანიძე. ჯგუფში მან ხუთივე მეტოქე დაამარცხა: ტუნისელი ფარის ფერჯანი (5:2), დიდიბრიტანელი ვილიამინ დირი (5:2), სერბი ლუკა ტიკვიჩკი (5:4), ვენესუელელი ხოზე ქუინტერო (5:1) და ესპანელი პაბლო როსერი (5:2).
პლეი ოფში ზედიზედ ორ მეტოქეს სძლია - კანადელ ფილიპ პიტურას (15:11) და უნგრელ ვიქტორ ჰაბონის (15:14), რვა საუკეთესოში შესასვლელი პაექრობა უკრაინელ ოლექსანდ კარაკაისთან დათმო 11:15 და საბოლოოდ მე-9 ადგილით დაკმაყოფილდა.
რაპირაში გოგონებს შორის თეონა გოგლიძე ასპარეზობდა. ჯგუფში მან მხოლოდ ერთი მეტოქე დაამარცხა - სამხრეთაფრიკელი ანელინ კოტსი (5:2). დანარჩენი ოთხი ორთაბრძოლა დათმო, თან რუს დარია ავეჩკინასთან და ბელგიელ ვიოლეტა ლებრუნთან - თითო ქულით (4:5).
ჩვენებური პლეი ოფში მომავალ ვერცხლისპრიზიორთან - ამერიკელ საბრინა მასიალასთან დამარცხდა - 8:15 და შეჯიბრებას გამოეთიშა. იმ ორი მოგებით, 73 მონაწილეს შორის 58-ე ადგილი ერგო. კვარცხლბეკი კი ასე განაწილდა: 1. ვიქტორია შმელ-მესტერი (უნგრეთი), 2. საბრინა მასიალასი (აშშ), 3. გაბრიელა კეკჩინი (ბრაზილია) და ერიკა კიპრესა (იტალია).
8 აპრილს საპრიზო ადგილებისთვის დაშნით მოფარიკავენი იბრძოდნენ. ბიჭებში ორი წარმომადგენელი გვყავდა: კადეტებში საქართველოს ჩემპიონმა მიქაელ მიქაელიანმა ოთხ მეტოქეს მოუგო - ბულგარელ სავა სვეტოსლავოვს (5:3), სინგაპურელ ჰელიქსმან პუას (5:4), დიდბრიტანელ ემილ სინგლერს (5:2) და სომეხ არტურ კოჩარიანს (5:1), პორტუგალიელ ფრანჩისკო კარვალიოსთან კი დათმო პაექრობა - 3:5.
ჯგუფში კარგად იასპარეზა ახალგაზრდებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ირაკლი ფანცხავამაც - ედუარდ ნოვიკიანს (სომხეთი, 5:1) , ანტონ კინფორს (შვედეთი, 5:4), მარკ ალმანს ანდრეუს (ესპანეთი, 5:3) აჯობა, ხოლო რუს ივან ლიმარევს (3:5) და უნგრელ გერგელი ტოჩს (4:5) დანებდა.
ირაკლიმ პლეი ოფში მატიკლ დოკლი (სლოვენია) ჩამოიშორა გზიდან - 15:9, მაგრამ გერმანელი ნოე ვალტერის წინააღმდეგობა ვერ გადალახა - 9:15.
სამაგიეროდ, მიქაელიანმა იყოჩაღა: ზედიზედ დაამარცხა იაევონ იოგი (კორეა, 15:9) და იაკობ სტიმნე (შვედეთი, 15:7), ხოლო ლატვიელ ანდრის იაჰიმოვიჩთან დამარცხდა - 6:15. ეს უკანასკნელი ვერცხლისპრიზიორი გახდა.
მიქაელიანს მე-12, ფანცხავას კი 52-ე ადგილი ერგო. საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. არიელ სიმონსი (აშშ), 2. ანდრის იაჰიმოვიჩი (ლატვია), 3. ხესუს ლიმარდო (ვენესუელა), ჯეკ ლეინისი (აშშ).
ამ სახეობაში გოგონათა შორის მარია ზაკირჩენკო გამოდიოდა. ჯგუფში 6 შეხვედრიდან 3 მოიგო (დაამარცხა რუმინელი ალექსანდრა პრედესკუ - 5:4, ესტონელი ლიზა მანაჯენკოვა - 5:4 და ბრაზილიელი კამილა სანტანა - 5:2) და ამდენივე პაექრობა დათმო (თურქ ბეგუნ ატაკერთან - 3:5, ესპანელ სოფია კისნეროსთან - 4:5 და ეგვიპტელ აია მენდისთან - 3:5).
პლეი ოფში ზაკირჩენკომ ზედიზედ სძლია მერილინ პლენტის (კანადა, 15:10), მედილინ კელს (აშშ, 15:14), უედა კაოს (იაპონია, 15:11), ოჰ დაეს (კორეა, 15:9) და მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა: რუსული ბარიერი ვერ დაძლია - მარია ობრაზცოვასთან 7:15 წააგო. საბოლოოდ კი მე-8 ადგილი ხვდა.
შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 106 წარმომადგენელი მონაწილეობდა. კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. ალიონა კომაროვი (ისრაელი), 2. აზა ლინდე (შვედეთი), 3. მარია ობრაზცოვა (რუსეთი), მადინა სტაჰლბერგი (გერმანია).
8 აპრილს კადეტთა მსოფლიოს პირველობაში ჩაება რაპირისტი ლუკა ღაღანიძე. ჯგუფში მან სამ მეტოქეს აჯობა: დაძაბულ ბრძოლაში სძლია ბრაზილიელ ედუარდო გასტელს (5:4), იან ვანს (ტაივანი, 5:4) და ერიკ დინკოვიჩს (ხორვატია, 5:1), არადა, ამ უკანასკნელმა მხოლოდ ლუკასთან წააგო, დანარჩენი 5 მეტოქე კი დაამარცხა.
პლეი ოფში ღაღანიძემ ორი კონკურენტი ჩამოიშორა გზიდან: დანიელ კისი (დიდი ბრიტანეთი, 15:11) და ედვარდ ფიტჯერალდი (ავსტრალია, 15:7). 9 აპრილს ქართველი მოფარიკავე მერვედფინალში შესასვლელად ამერიკელ აქსელ კაიფერს დაუპირისპირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"