![](https://sportall.ge/pictures/image5/09134a7ba251482be1495a88f2faf8e1.jpg)
ჩვენი ახალგაზრდა მუშკეტერები ნელ-ნელა უფროსებშიც წინ მიიკვლევენ გზას. დასტურად წლევანდელი ევროპის ჩემპიონატიც გამოდგება, რომელსაც ხორვატიის დედაქალაქმა ზაგრებმა უმასპინძლა.
გუნდურში ქართველმა მოხმალავეებმა პირველივე შეხვედრა ბოლო სამი ოლიმპიადის მონაწილე ბელორუსებს მოუგეს 45:43 და მეოთხედფინალში გავიდნენ.
ნახევარფინალისკენ ჩვენებურებს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორი რუმინეთის
პირადი პირველობა კარგად დაიწყო ჯგუფში სანდრო ბაზაძემ - სტარტზევე გერმანელ მსოფლიოს ჩემპიონ ბენიამინ ვაგნერს სძლია - 5:2, მერე წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მომავალი ბრინჯაოსპრიზიორი ენრიკო ბუნე (იტალია, 5:1) დაამარცხა, პოლონელ დამიან სკუბიშევსკისა (5:2) და ჩეხ იან ხოსენას (5:0) დააყრევინა ფარ-ხმალი.
თუმცა თავადაც წააგო უკრაინელ ოლეგ შტურბატინთან (1:5) და რუს კამილ იბრაგიმოვთან (4:5), ვისაც წლეულს ევროპის პირველობის ფინალში სძლია. სანდრომ მეთექვსმეტედფინალი ფრანგ ჟულიენ როუსეტთან დათმო - 11:15 და საბოლოოდ 23-ე ადგილს დასჯერდა.
ჯგუფში ასპარეზობა კარგად დაიწყო სანდროს უფროსმა ძმამ ბექამაც - სტარტზე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ვინიამინ რეშეტნიკოვს (რუსეთი, 5:1) აჯობა, მერე ორი შეხვედრაც მოიგო, მაგრამ სამი პაექრობა ერთნაირი ანგარიშით - 4:5 დათმო.
პლეი ოფში გერმანელ რიჩარდ ჰიუბნერს 4:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხებულმა (13:15) დატოვა საფარიკაო ბილიკი და 35-ე ადგილი დაიკავა. 34-ე იყო მიხეილ მარდალეიშვილი, რომელმაც ჯგუფში სამი პაექრობა მოიგო, მაგრამ პლეი ოფში ესპანელ პაბლო მორინოს ვერ გასცდა - 12:15.
სამივე მოხმალავე, როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ გვითხრა, 6-9 ივლისს ყაზანში, მსოფლიოს უნივერსიადაზე მოსინჯავს ძალებს, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადება საბა სულამანიძესთან ერთად.
ამ შეჯიბრებას 5-12 აგვისტოს ბუდაპეშტი უმასპინძლებს. მანამდე კი პოლონეთის, უკრაინის, ამერიკისა და იაპონიის ნაკრებ გუნდებთან ერთად ათდღიან შეკრებას ვარშავაში გაივლიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"