მათი დაშნა და ჩვენი რაპირა

AutoSharing Option
საქართველოს, რუსეთისა და აზერბაიჯანის 55 მუშკეტერი მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის დარბაზმა უმასპინძლა. 20 წლამდე გოგონები და ვაჟები ორ დისციპლინაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

რაპირაში კვარცხლბეკის სამივე საფეხური მასპინძლებმა დაიკავეს. გოგონებში თბილისელმა ციმი ხარხელაურმა გადამწყვეტი ორთაბრძოლა ქუთაისელ თათია გოქაძეს მოუგო (15:13) და პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ადგილებიც მის თანაგუნდელებს - თეონა გოგლიძესა და ნუცა იაგორაშვილს ხვდათ. ვაჟებში ყველას არჩილ უგულავამ აჯობა. ფინალში მან ლუკა ღაღანიძე დაამარცხა 15:10. მესამე ადგილებზე სანდრო სიხარულიძე (სამივე-თბილისი) და ანზორ ყურაშვილი (ქუთაისი) გავიდნენ.

დაშნაში სრული
უპირატესობა სტუმართა მხარეს იყო. აქ საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

გოგონები. 1. დიანა ხოდოვა, 2. ელიზავეტა ხასცაევა, 3. მადინა ცომაევა (სამივე-ვლადიკავკაზის "ალანია") და ხატია ლელაძე (ქუთაისი). ვაჟები. 1. სერგეი ბუგაევი ("ალანია"), 2. ქენან ალიევი (აზერბაიჯანი), 3. სოსლან კესაევი და ბატრაზ ქოძაევი (ორივე - "ალანია").

გამარჯვებულები და პრიზიორები ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ აფციაურმა, იური ოსიპოვმა და რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ირინა კისაევამ დააჯილდოვეს.

- ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, ვლადიკავკაზში ფარიკაობის მდიდარი ტრადიციები აქვთ, - გვითხრა ვლადიმერ აფციაურმა. - განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ძახოვა, მოურავოვა, დები კარაევები. ჩრდილოელ მეზობლებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება გვქონდა. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უცხო ხელის ჩარევით ეს ურთიერთობები დაირღვა. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ, უდავოდ, დიდი გულისხმიერება გამოჩინა შეჯიბრებაზე ოსების მოწვევით. ორ ერს შორის ურთიერთობის დათბობაში თავისი სიტყვა სპორტსმენებმაც უნდა თქვან.

ირინა კისაევა, საბჭოთა კავშირის პრიზიორი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული: "თბილისსა და ქუთაისში რამდენჯერმე ვყოფილვარ, დღემდე ვმეგობრობ ქართველ მოფარიკავეებთან, რომელიც სათავეს საბჭოურ პერიოდში იღებს. ამიტომ თბილისელმა კოლეგებმა მიხმეს თუ არა, წუთითაც არ დავფიქრებულვარ, რვა შეგირდი ვიახლე და თქვენს დედაქალაქს მოვაშურე. არც შევმცდარვარ. აქ უწინდელი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღეს. ორი დღეა, წამითაც არ გვტოვებენ უყურადღებოდ.

ერთი ცვლილება, რაც ამ მცირე დროის განმავლობაში შევნიშნე, ეს არის თბილისის იერცვალება - თქვენი დედაქალაქი დღეს ბევრად უფრო ლამაზია. მადლობა საქართველოს ფარიკაობის მესვეურებს - არჩილ გოგელიას, იური ოსიპოვს, ზაზა მჭედლიძეს, დავით სახვაძეს, მერაბ ბაზაძეს გულთბილი მასპინძლობისთვის. ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო სარბიელზე ყოველთვის წარმოადგენდნენ ანგარიშგასაწევ ძალას. დღესაც ასეა. მათთან პაექრობა ჩემს შეგირდებს ოსტატობის ამაღლებაში დაეხმარება."





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული