შეჯიბრებაში 120 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა.
84 კილოში შესანიშნავად იასპარეზა გოგიტა არქანიამ, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა, მათ შორის, ფინალში იაპონიის წარმომადგენელ რიუტარო არაგას 4:1 მოუგო და WKF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იგი პირველი ქართველი კარატისტია, რომელმაც ამ ვერსიით პლანეტის უძლიერესის სახელი დაიმსახურა.
ქართველი კარატისტისთვის საერთაშორისო სარბიელზე წარმატებები არახალია. აი, მაგალითად, 2009 წელს გოგიტამ ათენში შოტოკან კარატეს ინტერნაციონალური ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მე-10 საიუბილეო მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი მეტოქე დაამარცხა და
იქვე "საუკეთესოებს შორის საუკეთესოების" ტურნირზე კი მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი შარშან თურქეთში მსოფლიოს პირველობაზეც ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, თბილისში საერთაშორისო ტურნირი, პრაღაში კი "ბოჰემიის თასი" მოიგო.
ქართველი კარატისტის ბოლო წლების სტაბილური გამოსვლები ორმაგად სასიხარულოა, რადგან გაისად ბაქოში პირველი ევროპული თამაშების პროგრამაში კარატეცაა შეტანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"