ავთანდილ ხურციძე თბილისში უნდა გაჩემპიონდეს!

AutoSharing Option
13 მარტს კრივის ქართველ მოყვარულებს ძალიან საინტერესო საღამო ელით - 20 საათიდან თბილისის სპორტის სასახლეში სარეიტინგო ბრძოლები გაიმართება, 22 საათზე კი დღის უმთავრესი სანახაობა დაიწყება - ავთანდილ ხურციძე IBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის პოლონელ მარიუშ სენდროვსკის დაუპირისპირდება.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მასმედიის წინაშე თავად ხურციძე, მინისტრის მოადგილეები დავით ნამგალაური და გია გალდავა, აგრეთვე უკრაინული საპრომოუტერო კომპანია Elite Boxing Promotion-ის ხელმძღვანელები წარსდგნენ.

ავთანდილ ხურციძე:
- ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ტიტულისთვის საქართველოში,
ქართველი გულშემატკივრების წინაშე ვიბრძოლებ. ბრძოლისთვის სერიოზულად მოვემზადე, მყავდა ძლიერი სპარინგ-პარტნიორები და ოპტიმალურ ფორმაში შევედი. სენდროვსკი საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური სპორტსმენია, ჩემზე გაცილებით მაღალია, მაგრამ გამარჯვების დიდი იმედი მაქვს. შევეცდები, მაყურებელი ლამაზი კრივით ვასიამოვნო.

თავიდან მოლაპარაკება სხვა პოტენციურ მეტოქეებთან მიმდინარეობდა, მაგრამ სამმა მოკრივემ თბილისში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა და ათი დღის წინ კონტრაქტი სენდროვსკის წარმომადგენლებთან გავაფორმეთ.

დავით ნამგალაური:
- ძალიან დიდი ინტერვალის შემდეგ თბილისში გრანდიოზული საკრივო საღამო გაიმართება. კომპანია Elite Boxing Promotion-თან ერთად ამ ღონისძიების მოსაწყობად ორი თვე აქტიურად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. საღამო კი ავთანდილ ხურციძის გამარჯვებით უნდა დაგვირგვინდეს. მის გარდა, გამარჯვებას ვუსურვებ სხვა ქართველ მოკრივეებსაც. ერთი სიტყვით, 13 მაისს თბილისში დიდი საკრივო ზეიმი გაიმართება.


თავის მხრივ, უკრაინელებმა ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და ავთანდილს გამარჯვება უსურვეს. შეგახსენებთ, ხურციძე სწორედ Elite Boxing Promotion-თან თანამშრომლობს. მისმა უკრაინელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ხურციძე მაღალ დონეზეა მომზადებული და საჩემპიონო ქამრის მოპოვების დიდი შანსი აქვს.

რაც შეეხება ხურციძის მეტოქეს, მარიუშ სენდროვსკის თბილისში დღეისთვის ელოდებიან. დღის მთავარი ბრძოლის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ნახვა მაყურებელს პირველი არხის საშუალებით შეეძლება.

უყურადღებოდ არც სხვა ბრძოლები უნდა დავტოვოთ. პროფესიულ კრივში ხურციძესავით გაბრწყინების შანსი ხომ არაერთ ქართველ ახალგაზრდას აქვს.

პირველი ბრძოლა 69,8 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველებს შორის გაიმართება. ერთმანეთს რობინზონ ომსარაშვილი (4 გამარჯვება, 1 ფრე) და ამბროსი სუთიძე (1 მარცხი) დაუპირისპირდებიან.

მეორე შეხვედრაც საქართველოს წარმომადგენლებს შორის შედგება. 62,1 კილოგრამში ბექა საჯაია (22 გამარჯვება, 12 ფრე, 1 მარცხი) რუბენ მოვსესიანს (2 გამარჯვება, 2 ფრე, 1 მარცხი) შეებრძოლება.

ამის შემდეგ რინგზე ბორის მდინარაძე (12 გამარჯვება, 1 ფრე) და უკრაინელი ვალენტინ ვოლოხა (1 ფრე) ავლენ. ეს ბრძოლა 72,6 კილოგრამში გაიმართება.

მომდევნო ორი შერკინება კი ქართველების გარეშე ჩაივლის. 72,6 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსი მარატ კულუმბეკოვი პროფესიულ რინგზე სადებიუტო ორთაბრძოლას უკრაინელ ანდრეი დენიჩკინთან (4 ფრე) გამართავს, რის შემდეგაც 63,5 კილოგრამში უკრაინელი ვიქტორ პოსტოლი (12 გამარჯვება 12 შეხვედრაში) შვედ სამ რუკუნდოს (15 გამარჯვება, 3 ფრე, 1 მარცხი) შეხვდება.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული