ომამდე ებრაული ოჯახიდან გამოსული ბიჭი სალონიკის პორტში მამასთან და ძმასთან ერთად მტვირთავად მუშაობდა, საღამოობით კი კრივში მეცადინეობდა. პირველი ბრძოლა 14 წლის სალამომ მოიგო, არადა, მისი მეტოქე ორი წლით უფროსი იყო. სულ სამოყვარულო კარიერაში არუჰის
1943 წელს, ნაცისტებმა აუშვიცის სიკვდილის ბანაკში სალონიკიდან 70 ათასი ებრაელის დეპორტაცია მოახდინეს. არუჰმა ბოლოჯერ ოჯახის წევრები ჩასვლის დღეს ნახა - საღამოს გერმანელებმა ქალები გაზით მოწამლეს და კრემატორიუმში დაწვეს. მოკრივის მამა მალე გარდაიცალა კატორღაზე აუტანელი შრომისგან, ძმა კი დახვრიტეს იმის გამო, რომ მკვდრებისთვის ოქროს კბილების დაძრობაზე თქვა უარი. სულ ნაცისტებმა სალონიკელი ებრაელების 96 პროცენტი გაანადგურეს, სალამო კი კრივის წყალობით დარჩა ცოცხალი.
* * *
"ჩვენს ქოხს ავტომობილი მიუახლოვდა და იქიდან ბანაკის კომენდანტი გადმოვიდა. ის მოკრივეებს ეძებდა. მე ხელი ავწიე", - 22 წლის სალამოს იმედი ჩაესახა. ბანაკის პრომოუტერს გაეცინა, როცა 165 სანტიმეტრი სიმაღლის ბიჭს შეხედა, მაგრამ მაინც მისცა არუჰს შანსი. გერმანელმა მის წინააღმდეგ უზარმაზარი ჩეხი გამოიყვანა, რომელიც 20 სანტიმეტრით მაღალი იყო და ძალიან გაუკვირდა მესამე რაუნდში სალამოს ნოკაუტით მოგება. ამის შემდეგ, ებრაელი მოკრივე იმ მებრძოლთა სიაში მოხვდა, რომლებიც ბანაკის ოფიცრებს ოთხშაბათობითა და კვირაობით ართობდნენ.
ბრძოლების წინ, გახურებაზე ბოშები და საცირკო არტისტები გამოდიოდნენ. სანამ პატიმრები საწყობში ორგანიზებულ რინგზე ჩხუბობდნენ, ბანაკის მეთაურები სვამდნენ, ბანქოს თამაშობდნენ, ქალებთან ერთობოდნენ და ფსონებს ჩადიოდნენ. პირველი გამარჯვებების შემდეგ, არუჰი გაანთავისუფლეს კატორღისგან, დამლაგებლად მოაწყვეს კანცელარიაში და კარგი კვებით უზრუნველყვეს - გერმანელებს ძლიერი და ჯანმრთელი გლადიატორები სჭირდებოდათ. ყოველი ბრძოლა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იყო - წაგებული გაზის კამერაში მიჰყავდათ ან კატორღაზე უშვებდნენ.
"ყოველი ბრძოლის წინ მაკანკალებდა, - ყვებოდა არუჰი. - ვხვდებოდი, რომ წაგებული მოკვდებოდა. მოკრივე არ უნდა ჰქონდეს შეცოდების გრძნობა - სწორედ ამის წყალობით გადავრჩი". მოგება უხანგრძლივებდა მოკრივეს სიცოცხლეს, პრემიალურის სახით ერთ პურსა და ერთ თეფშ წვნიანს იღებდა, რომელსაც კამერაში თავის მეზობლებს უყოფდა. აუშვიცში სალაჰომ მოიგო 208 ბრძოლა და არც ერთხელ არ დამარცხებულა. ორი ბრძოლა მისი მონაწილეობით ფრედ დასრულდა - იმ დღეებში დაქანცული არუჰი დიზინტერიით იტანჯებოდა.
ნაცისტები ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს მოკრივეს მას შემდეგ, რაც მან, ერთხელ, 18 წამში გაუშვა ნოკაუტში 125 კილოგრამი წონის მოწინააღმდეგე, მაგრამ ებრაელის მუდმივი მოგებების გამო ცოფდებოდნენ. ხანდახან, ზედმეტად ნასვამი ოფიცრები კრივის ხელთათმანებს იცვამდნენ, რინგზე გადიოდნენ სალამოს წინააღმდეგ და ფხიზლდებოდნენ მეტოქის ზუსტი დარტყმების შემდეგ. ნებისმიერი მათგანს შეეძლო მოკრივის ჩაცხრილვა - მათ მხოლოდ კომენდანტის მრისხანება აკავებდათ.
არუჰის არაკეთილისმსურველები არ წყნარდებოდნენ და ღირსეული ოპონენტი მოუნახეს - გერმანელი ებრაელი კლაუს სილბერი, რომელიც ომამდე წარმატებით ჩხუბობდა სამოყვარულო რინგზე (44 მოგება - 0 წაგება). სალამოსთან შეხვედრამდე, კლაუსმა ასზე მეტი ბრძოლა მოიგო აუშვიცში და მათი ჩხუბი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა საკონცენტრაციო ბანაკის ისტორიაში. მეტოქეები რამდენჯერმე მოხვდნენ ნოკდაუნში, მაგრამ აგრძელებდნენ ბრძოლას. "იმ დღეს ოფიცრებმა ფსონი ასწიეს - ფრის შემთხვევაში კრემატორიუმში გამიშვებდნენ", - მებრძოლმა ძალების სრული მობილიზება მოახდინა. გადამწყვეტ რაუნდში "ბალერონმა" გამოსტაცა ნოკაუტით გამარჯვება და სიცოცხლე შეინარჩუნა, სილბერი კი კატორღაზე გაუშვეს.
* * *
"რთულია მთელი ამ ჯოჯოხეთის მოთმენა, გაქცევაზე ვფიქრობდი. მალე გერმანელებმა 10 პოლონელი დაიჭირეს, რომლებიც გვირაბს თხრიდნენ და ყველას დასანახად ჩამოახრჩვეს ისინი. მეც გადავიფიქრე. ასეა თუ ისე, ბრძოლებში მქონდა გადარჩენის შანსი", - თავს იზღვევდა მოკრივე, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკი 1945 წლის იანვარში, აუშვიცის განთავისუფლების შემდეგ დატოვა. არუჰმა ოჯახის ყველა წევრის სიკვდილის შესახებ არ იცოდა და მათ ერთი წელი ეძებდა. სწორედ ამ ძიების დროს შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს და მასთან ერთად, ისრაელში გაემგზავრა.
1947 წელს, სალომო არაბო-ისრაელის ომში მოხალისედ გაემგზავრა და ორი წლის შემდეგ დაბრუნებულმა, საკრივო კარიერა განაახლა. "ბალერონმა" ოთხი ბრძოლა ჩაატარა, რომელთგანაც ერთი წააგო და სამუდამოდ წავიდა კრივიდან. მან სახელი შლომოთი შეცვალა, ფული დააგროვა და წარმატებული გემთსაშენი კომპანია გახსნა.
1989 წელს, არუჰის ისტორიის მოტივებზე ჰოლივუდმა გადაიღო ფილმი - "სულის ტრიუმფი", რომელშიც მოკრივე კონსულტანტად გამოდიოდა. შლომომ მძიმედ გადაიტანა აუშვიცში დაბრუნება, სადაც ძირითად სცენებს იღებდნენ - კრემატორიუმის ატმოსფერომ, რომელშიც მისი ოჯახის წევრების გარდა, დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი დაიღუპა, ცუდად იმოქმედა მოკრივის ჯანმრთელობაზე. რამდენიმე წლის შემდეგ, ის ინსულტით გარდაიცვალა.
ჭაბუკობაში ოლიმპიურ ოქროზე მეოცნებე არუჰი ჰელსინკის ნაცვლად, აუშვიცში აღმოჩნდა, მაგრამ ამგვარი ბედის გამო არასოდეს დაუჩივლია. ფაშისტებისგან განადგურებული მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, ის ყოველ ოთხშაბათსა და კვირას იღებდა შესაძლებლობას ებრძოლა მთავარი ჯილდოსთვის - სიცოცხლისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"