მენი პაკიაომ ქულებით მოიგო, ჰოლიფილდმა ნოკაუტით

AutoSharing Option
ფილიპინელმა მენი პაკიაომ შეინარჩუნა მეორე ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ტიტული - მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ამერიკელი შეინ მოზლი.

როგორც მოსალოდნელი იყო, აზიელმა ძალიან იოლად სძლია ვეტერან მეტოქეს, თუმცა ლას ვეგასში შეკრებილმა პუბლიკამ ნოკაუტი მაინც ვერ იხილა.

შეგახსენებთ რომ "პაკმენის" პრომოუტერები ყველანაირად ცდილობენ ფლოიდ მეივერზერთან მოლაპარაკებას, მაგრამ სანამ დაუმარცხებელი ამერიკელი უარს ამბობს რინგზე გასვლაზე, ფილიპინელს უკვე ჩამქრალ ვარსკვლავებთან ბრძოლებში უწევს სპორტული ფორმის შენარჩუნება.

ბრძოლის წინ პაკიაოს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა - MGM Grand Casino-კენ მიმავალ გზაზე მცირე ავარიაში მოყვა მენის
კორტეჟი, კერძოდ, მოკრივის დაცვის მანქანა წითელ შუქზე დამუხრუჭებისას უკნიდან შეეჯახა მანქანას, რომელშიც თავად მოკრივე იჯდა. ავარიის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ინციდენტის მიუხედავად, ფილიპინელს მთელი 12 რაუნდის განმავლობაში მოზლისთვის თუნდაც ფრის იმედი არ მიუცია. პირველ ორ რაუნდში დაზვერვის შემდეგ პაკიაომ ინიციატივა მოიპოვა და მესამე რაუნდში ნოკდაუნში გაგზავნა მეტოქე. მოზლი ცდილობდა მეტოქის მიერ შეთავაზებული ტემპისთვის გაეძლო, ამიტომაც პერიოდულად თავის არეში დარტყმებს ატარებდა. თითქმის მთელი დარბაზი მენის სახელს სკანდირებდა და არაპატრიოტულად ითხოვდა ამერიკელის ნოკაუტში გაგზავნას. მაგრამ მოზლი მყარად იდგა ფეხზე და ერთ-ერთ ბოლო რაუნდში ნოკდაუნშიც (!) კი გაუშვა ფილიპინელი. მსაჯმა წამების ათვლა დაიწყო, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ პაკიაოს უბრალოდ ფეხი დაუცდა.

საბოლოოდ, მსაჯებმა ერთხმად მიანიჭეს გამარჯვება პაკიაოს - 119-108, 120-108, 120-107. ეს იყო მენის ზედიზედ მე-14 გამარჯვება.


* * *
ერთი საინტერესო ბრძოლა ევროპაშიც გაიმართა. დანიაში ძველი დრო გაიხსენეს ვეტერანმა მძიმეწონოსნებმა - ამერიკელმა ევანდერ ჰოლიფილდმა და ადგილობრივმა მოკრივემ ბრაიან ნილსენმა.

აღსანიშნავია, რომ დანიელმა კარიერაში 67 ბრძოლა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. დიდ სპორტიდან ის რვა წლის წინ წავიდა, მაგრამ ახლა ჰოლიფილდის ხათრით გადაწყვიტა დაბრუნება. როგორც გაირკვა, დაბრუნდა იმისთვის, რომ მეოთხე ბრძოლა წაეგო კარიერაში.

48 წლის ჰოლიფილდი მასზე გაცილებით ახალგაზრდა მოკრივეებზე უკეთ გამოიყურება და ეს ამ ბრძოლაშიც დაამტკიცა. ამერიკელის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. პირველი ნოკდაუნი მესამე რაუნდში დაფიქსირდა - ნილსენი რინგზე დაეცა. დანიელმა ბრძოლა გააგრძელა და მე-11 რაუნდამდე გაძლო. მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა კუთხეში მიიმწყვდია მასპინძელი და რამდენიმე ზუსტი დარტყმა განახორციელა. რეფერიმ ჩხუბი შეწყვიტა და ამერიკელის ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული