დღეისათვის საქართველოს საუკეთესო პროფესიონალ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ისევ რინგზე ვიხილავთ - შაბათს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში "ჩაქუჩა" მასპინძელ სერგეი ხომიცკის შეხვდება. საშუალოწონოსანთა (72,6 კგ-მდე) ეს ორთაბრძოლა კლუბ "რეაქტორის" საღამოს მთავარი დაპირისპირებაა, თუმცა ჩვენებურებს სხვა ორთაბრძოლებშიც ვიხილავთ: ქვემძიმე წონაში (79,4 კგ-მდე) გიორგი ადუაშვილი 8-რაუნდიან მატჩს გამართავს ბელარუსის სახელით მოასპარეზე მაგომედ არიპგაჯიევთან. მსუბუქ წონაში (59 კგ) გიორგი მჭედლიშვილი 6-რაუნდიან ორთაბრძოლაში ევროპის ყოფილ ჩემპიონ სერგეი გულიაკევიჩს (ბელარუსი) დაუპირისპირდება. საშუალო წონაში მიხეილ ხუციშვილი მინსკელ სერგეი რაბჩენკოს შეხვდება (6 რაუნდი, 69,9 კგ).
ხურციძისა და ხომიცკის ორთაბრძოლა
პარასკევს კიდევ ერთი ჩვენი მოწინავე მოკრივე ავა რინგზე, კრეისერის წონაში მოასპარეზე იაგო კილაძე დონეცკში ვბს-ს ვერსიით ახალგაზრდული ინტერკონტინენტური სარტყლისთვის იბრძოლებს. 10-რაუნდიან დაპირისპირებაში იაგოს მეტოქე ლატვიელი არტურს კულიკაუსკისია (11 ბრძოლა: 7 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება). შეგახსენებთ, რომ კილაძე პროფესიონალებში დაუმარცხებელია - 14-დან 14 მოგება (10 ნოკაუტით!). ახალგაზრდა ქართველი უკვე 83-ეა კრეისერის წონაში მსოფლიო რეიტინგში.
ლელო