ხურციძე მინსკში, კილაძე დონეცკში

AutoSharing Option

დღეისათვის საქართველოს საუკეთესო პროფესიონალ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ისევ რინგზე ვიხილავთ - შაბათს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში "ჩაქუჩა" მასპინძელ სერგეი ხომიცკის შეხვდება. საშუალოწონოსანთა (72,6 კგ-მდე) ეს ორთაბრძოლა კლუბ "რეაქტორის" საღამოს მთავარი დაპირისპირებაა, თუმცა ჩვენებურებს სხვა ორთაბრძოლებშიც ვიხილავთ: ქვემძიმე წონაში (79,4 კგ-მდე) გიორგი ადუაშვილი 8-რაუნდიან მატჩს გამართავს ბელარუსის სახელით მოასპარეზე მაგომედ არიპგაჯიევთან. მსუბუქ წონაში (59 კგ) გიორგი მჭედლიშვილი 6-რაუნდიან ორთაბრძოლაში ევროპის ყოფილ ჩემპიონ სერგეი გულიაკევიჩს (ბელარუსი) დაუპირისპირდება. საშუალო წონაში მიხეილ ხუციშვილი მინსკელ სერგეი რაბჩენკოს შეხვდება (6 რაუნდი, 69,9 კგ).

ხურციძისა და ხომიცკის ორთაბრძოლა

10-რაუნდიანი იქნება და ის საღამოს დაასრულებს. ავთანდილ ხურციძე ვბა-ს ინტერკონტინენტური ქამრის და ება-ს ევროპული ქამრის მფლობელია. პროფესიონალებში მან 24-დან 21 შეხვედრა მოიგო (12 ნოკაუტით), ორი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ წააგო. ხომიცკი 35 წლისაა, მან 30-დან 21 ბრძოლა მოიგო (9 ნოკაუტით), ერთი ფრედ დაასრულა და 7 წააგო. საშუალო წონის მსოფლიო რეიტინგში ბელარუსი მოკრივე 22-ე პოზიციაზეა, ხოლო ქართველი - 29-ეზე. ხომიცკის 204 ქულა აქვს, ხურციძეს - 188. მატჩისწინა პრესკონფერენცია და აწონვა მინსკის სასტუმრო "ქროუნ პლაზაში" დღეს გაიმართება.

პარასკევს კიდევ ერთი ჩვენი მოწინავე მოკრივე ავა რინგზე, კრეისერის წონაში მოასპარეზე იაგო კილაძე დონეცკში ვბს-ს ვერსიით ახალგაზრდული ინტერკონტინენტური სარტყლისთვის იბრძოლებს. 10-რაუნდიან დაპირისპირებაში იაგოს მეტოქე ლატვიელი არტურს კულიკაუსკისია (11 ბრძოლა: 7 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება). შეგახსენებთ, რომ კილაძე პროფესიონალებში დაუმარცხებელია - 14-დან 14 მოგება (10 ნოკაუტით!). ახალგაზრდა ქართველი უკვე 83-ეა კრეისერის წონაში მსოფლიო რეიტინგში.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული