ჯალათმა ისტორია გადაწერა

AutoSharing Option
შაბათს, კანადის ქალაქ მონრეალის რინგზე კრივის ახალი ისტორია დაიწერა. 46 წლის ამერიკელმა ბერნარდ ჰოპკინსმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა 28 წლის კანადელი ჟან პასკალი და WBC-ის ვერსიით ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ახლა ჰოპკინსი კრივის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოკრივეა, ვინც ერთ-ერთი ძირითადი ვერსიით ტიტული დაიმსახურა. ბერნარდმა ლეგენდარული ამერიკელის ჯორჯ ფორმენის რეკორდი დაამხო და სამუდამოდ შევიდა კრივის ისტორიაში.

აღნიშნული ბრძოლის მესამე რაუნდში პასკალის მარცხენა მოკლე დარტყმამ მიაღწია მიზანს და ჰოკპინსი კინაღამ ნოკდაუნში მოხვდა, მაგრამ ამერიკელმა წონასწორობა შეინარჩუნა და თავად გადავიდა შეტევაზე, რასაც
ერთი უძლიერესი დარტყმა მოჰყვა. ახლა უკვე პასკალი აღმოჩნდა ნოკდაუნის ზღვარზე.

მეოთხე რაუნდის ბოლოს მასპინძელს კიდევ ერთი კარგი დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ მეექვსე რაუნდიდან მოყოლებული აქტივობას უკლო. მეცხრე 3-წუთეულში კანადელი ხელთათმანით რინგს შეეხო, მაგრამ მსაჯებმა ნოკდაუნი არ დააფიქსირეს. ბრძოლის ბოლოს პასკალმა იგრძნო, რომ ქულებით გამარჯვება ჰოპკინსს დარჩებოდა, ამიტომაც საბოლოო შტურმზე გადავიდა, მაგრამ ამერიკელმა ზეწოლას გაუძლო. სამივე მსაჯმა უპირატესობა ჰოპკინსს მიანიჭა - 115:113, 116:112, 115:114.

შეგახსენებთ, რომ ეს მოკრივეები შარშან დეკემბერში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მაშინ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით ფრე დაფიქსირდა, რამაც პასკალს ტიტულის შენარჩუნების საშუალება მისცა. ახლა კი მატჩ-რევანში "ჯალათის" (ჰოპკინსის მეტსახელი) სრული უპირატესობით დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული