საევროპოდ ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ამას წინათ ყაზახეთში მასპინძლებთან ერთად გაიარა საწვრთნელი შეკრება და იქვე საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზა. ჩვენმა ბიჭებმა 3 მედალი მოიპოვეს, ნაკრების მთავარი მესაჭე რამაზ ფალიანი კი ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ალმათიდან დაბრუნების შემდეგ ტყავის ხელთათმანის ქართველმა ოსტატებმა დუშეთის ოლიმპიურ ბაზას მიაშურეს და ახლა იქ ვარჯიშობენ. გუშინ რამაზ ფალიანს შევეხმიანე.

-დუშეთში უფროსებისა და ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან შეკრებაზე, სულ 21 მოკრივე, რომლებსაც ჩემთან ერთად თემურ ოჩიგავა და ბეჟან ჭიჭინავა ავარჯიშებენ. ამჯერად ჩვენი მიზანია, ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოვემზადოთ. ამ შეჯიბრებას თურქეთის
დედაქალაქი ანკარა 15-23 ივნისს უმასპინძლებს. უკვე დაკომპლექტებულია ეროვნული გუნდი. კონტინენტის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ: ალექსანდრე ჭუბაბრია (48 კგ), ლევან კილანავა (52), ნიკოლოზ იზორია (56), კობა ფხაკაძე (60), ბაკურ გოგოჭური (64), ზაალ კვაჭატაძე (69), ჯაბა ხოსიტაშვილი (75), იაგო კიზირია (81), ლევან გულედანი (91) და მიხეილ ბახტიძე (+91). ნაკრების წევრი კახა ჟვანია (69) ჯერ კიდევ ხელის ტრავმას იშუშებს და მხოლოდ ევროპის პირველობის შემდეგ შემოგვიერთდება.

ამ ეტაპზე ბიჭები ურიგოდ არ არიან მომზადებული, რადგან ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები ჩავატარეთ სომხეთში, აზერბაიჯანში, ბულგარეთსა და ყაზახეთში და იმავე ქვეყნებში საერთაშორისო ტურნირებზეც მოვსინჯეთ ძალები. თითოეული შეჯიბრებიდან 3-4 მედალი წამოვიღეთ. რაც შეეხება თურქულ ბატალიებს, ორი მედლის მოპოვებას იქაც ვგეგმავთ. მძაფრ კონკურენციასთან ერთად, მოგეხსენებათ, ასეთ დიდ ასპარეზობებზე მიკერძოებულ მსაჯობასაც ვებრძვით, ხოლმე. ანკარაში უფრო იმედიანად ვიქნებით, რადგან იქ ტექნიკურ დელეგატად არის მივლინებული საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი და მისი ობიექტურობის იმედი გვაქვს...

საუბრის დასასრულს რამაზ ფალიანმა გვითხრა, რომ ნაკრები 2 ივნისიდან თურქეთში გამგზავრებამდე თბილისში განაგრძობს წვრთნას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული