ოქროს ბიჭის დაცემა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეგენდარული მოკრივე, ამჟამად ერთ-ერთი უმსხვილესი პრომოუტერული კომპანიის შეფი ოსკარ დე ლა ჰოია ნებაყოფლობით გაემგზავრა კლინიკაში, სადაც ნარკოტიკულ დამოკიდებულებას მკურნალობს.

ეს ახალი ამბავი ნამდვილი შოკი გახდა კრივის მოყვარულთა გარკვეული ნაწილისთვის, მაგრამ არა ყველასთვის. ადამიანებმა, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს ახალ ამბებს და ინტერესდებიან სპორტის ამ სახეობის ისტორიით, კარგად იციან, რომ ეს პირველი მაგალითი არ არის, როცა დიადი მოკრივე კარიერის დასრულების შემდეგ ნარკოტიკებს ეძალება. მაგალითისთვის შორს წასვლა საჭირო არ არის: სულ "ცინცხალი" ორი ამბავი
ბრიტანელი მოკრივეების ჯო კალზაგესა და რიკი ჰატონის სახელს უკავშირდება. მათმა "ურთიერთობამ" ნარკოტიკებთან დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ორივე შემთხვევაში მიზეზი თითქმის ერთნაირია. ჰატონის თქმით, კარიერის დასრულების შემდეგ ის დიდი ხანი ვერ ურიგდებოდა იმას, რომ ახალი ცხოვრება ელოდა - ცხოვრება მრავალათასიანი პუბლიკის გარეშე, რომელიც მოკრივის სახელს სკანდირებს და მისგან მხოლოდ გამარჯვებას ელოდება. ზოგიერთი მოკრივე, რომელსაც წინ ასეთი სიცარიელე ხვდება, ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობს და ისევ ადის რინგზე, რასაც უმეტეს შემთხვევაში კარგი არაფერი მოაქვს. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დამღუპველი გზა, რომელიც თითქოს უფრო ნათელს ხდის ცხოვრებას, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი მუქ ფერებშია ჩაფლული. სწორედ ეს გზა აირჩია რიკიმ. თავის მხრივ, უელსელმა ჯო კალზაგემ კოკაინისადმი მიდრეკილება დისციპლინისა და კონცენტრაციის დაკარგვას დააბრალა - უბრალოდ ეს თვისებები აღარ გახდა საჭირო კრივიდან წასვლის შემდეგ.

რა მოუვიდა "ოქროს ბიჭს", ოსკარ დე ჰოიას? რამ გამოიწვია ეს კრიზისი? სხვა მოკრივეებისგან განსხვავებით, ოსკარი ჯერ კიდევ პროფესიულ დონეზე გამოსვლისას ზრუნავდა მომავალზე. მას ველოსიპედის გამოგონება არ უცდია და მომავალი დაუკავშირა იმ საქმეს, რაც ყველაზე კარგად იცოდა - კრივს. ასე რომ, კარიერის დასრულების შემდეგ კომპანია Golden Boy Promotions დე ლა ჰოიასთვის ერთგვარი "მაშველი წრე" გახდა, რომელიც კრივის გარეშე ცხოვრებაში ჩაძირვის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კრივის სამყაროში დარჩა, ოსკარს დააკლდა ის მძაფრი შეგრძნება, რომელსაც მხოლოდ რინგზე გასვლისას იღებ.

დიდი ხანი "ოქრო ბიჭი" უარყოფდა დიდ სპორტში დაბრუნების შესაძლებლობას, ამბობდა რომ ჭორები რიკი ჰატონთან შესაძლო დაპირისპირებაზე - სრული ბოდვაა. მაგრამ მარტის დასაწყისში ოსკარმა სენსაციური ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მზად იყო რინგზე დასაბრუნებლად, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებაში ზურგის ძველმა ტრავმამ შეუშალა ხელი.

სწორედ აქ ამოტივტივდა ზედაპირზე პოტენციური მიზეზი, რის გამოც დე ლა ჰოია კლინიკაში მოხვდა ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე სამკურნალოდ. ის უკვე ზეიმობდა რინგზე დაბრუნებას, როცა ზურგში ლახვარივით ჩაესო ძველი ტარვმა. ამან მის გეგმებს ხაზი გადაუსვა - ამ სიტუაციაში დე ლა ჰოიამ ისეთი სიცარიელე იგრძნო, როგორიც მოკრივეებს კარიერის დასრულების შემდეგ აქვთ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მისი გამოსვლა მაშინ დასრულდა, როცა ჯერ დაწყებულიც არ იყო.

შესაძლოა, ნარკოტიკებისადმი მიძალების სხვა მიზეზიც არსებობს. ზუსტად არავინ იცის, რამ გამოიწვია ეს მავნე ჩვევა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ "ოქროს ბიჭი" სწორედ იმ გზას დაადგა, რომელიც ბევრმა სხვა მოკრივემ აირჩია. ეს ხომ პროფესიულ კრივში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა...

და მაინც, ოსკარ დე ლა ჰოია შექებას იმსახურება იმის გამო, რომ დროულად გააცნობიერა პრობლემა და მიხვდა, რომ თავისი ძალებით ამას ვერ გაუმკლავდებოდა. იმედია, ის სულ მალე გამოჯანმრთელდება და პრომოუტერულ საქმიანობას დაუბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული