პროფესიონალებში გადასვლის შემდეგ დაუმარცხებელია 25 წლის ლევან ღვამიჩავა (63,5 კგ), რომელიც ირლანდიაში ვარჯიშობს. 28 მაისს ჩვენებურმა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტის სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართა რიგით მე-4 ბრძოლა პროფესიულ რინგზე. მისი მეტოქე 31 წლის უნგრელი მოკრივე კაროლი ლაკატოში იყო. შეხვედრა 6 3-წუთიანი რაუნდისგან უნდა შემდგარიყო, მაგრამ ლაკატოშს ამდენი ხანი ვინ აცალა - ღვამიჩავამ პირველივე რაუნდის 38-ე წამზე ნოკაუტში გაგზავნა მოწინააღმდეგე. ლევანს 4 ორთაბრძოლიდან 3 ნოკაუტით აქვს მოგებული, ერთი კი ქულებით.
დღეისათვის, ღვამიჩავა საერთო რეიტინგში (1 500-მდე მოკრივე) 151-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ თავიდან
ჩვენებურის მეტოქე ესპანელი დანიელ რასილია (18 მოგება, 3 მარცხი) უნდა ყოფილიყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ევროპის ჩემპიონობის კანდიდატია. ბრიტანული მედია დანანებით წერს, რომ ეს დამაინტრიგებელი ორთაბრძოლა არ შედგა - ესპანელი ქართველს დაემალა. რასილიას შემცვლელმა კი ვერ ივარგა. ბრიტანელები წერენ, რომ უნგრელს დროულად უშველა რეფერიმ, რომელმაც ტექნიკური ნოკაუტი ჩათვალა, თორემ ლაკატოში ასე იოლად ვერ გადაურჩებოდა ქართველის დარტყმებს, თავად კი ჩვენებურს ერთი დარტყმაც არ მიუღია.
მოყვარულებში ყოფნისას ღვამიჩავამ 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 წრეში გააღწია, 2009 წელს კი მეორეში.