კმარა დასვენება, ახლა მუშაობის დროა

AutoSharing Option
ცნობილი გორელი მწვრთნელი ავთანდილ შოშიაშვილი, სამ ათეულ წელიწადზე მეტია ქართული კრივს ემსახურება. მისი მუშაობის შთამბეჭდავი შედეგი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოკრივის, გიორგი კანდელაკის მიერ მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობა იყო. ერთხანს ბატონი ავთო საქართველოს ნაკრებსაც ედგა სათავეში.

დაახლოებით ორი წლის წინათ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რატომღაც იგი საერთოდ ჩამოაცილა მის მიერვე დაფუძნებულ გორის კრივის სკოლას. ქართული კრივის მესვეურების, კერძოდ, ფედერაციის პრეზიდენტ პეტრე ცისკარიშვილის თანადგომით წლეულს იანვარში შოშიაშვილი კვლავ დაინიშნა გორის კრივის სკოლის დირექტორად.

- საქმეს მოწყურებეულმა შემართებით განვაახლე მუშაობა. განახლებას მწვრთნელთა ცვლილებები არ მოჰყოლია, მაგრამ
მნიშვნელოვნად შეიცვლა სასწავლო პროცესი. გაიზარდა დარტვირთვები, გავაძლიერეთ ფიზიკური მომზადება. მარტში ჩვენმა კადეტებმა საქართველოს ჩემპიონატზე სამ-სამი პირველი, მეორე და მესამე ადგილი მოიპოვეს, რამაც გუნდური პირველობაც განაპირობა. შემდეგ ისევ კადეტებში სამცხე-ჯავახეთის ღია პირველობაზეც საუკეთესო გუნდური შედეგი ვაჩვენეთ -გვითხრა ავთო შოშიაშვილმა.

- ამას წინათ უნივერსიადაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმაც პირველობა მოიპოვა...
- უნივერსიტეტის გუნდიც ჩვენი და ვარიანის კრივის სკოლების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

- მიუხედავად ამისა, გორიდან საქართველოს პირველ ნაკრებში არცერთი წევრი არ არის ...
- მაქსიმალურად შევეცდებით ადგილების დაბრუნებას მთავარ ნაკრებში, კადეტთა და 15 წლამდელთა ნაკრებებში კი სამ-სამი მოკრივით ვართ წარმოდგენილი. ახალგაზრდული ნაკრებში ნიკა სეხნიაშვილი (75 კგ), წლეულს ბალტიისპირეთში საერთაშორისო ტურნირზე ფინალისტი გახდა. ნიგი ამჟამადაც შეკრებაზეა დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე და ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება. 22 - 31 ივნისს კი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების რიგებში, გორელი ალეკო ლურსმანაშვილი (50) ყაზახეთში გაემგზავრება მსოფლიოს პირველობაზე, სადაც მას პირადი მწვრთნელი გელა სხირტლაძეც გაჰყვება.

- გელა სხირტლაძის ჯგუფი ადრე ხომ გორში სხვა დარბაზში ვარჯიშობდა?
- დღეს ისიც ჩვენთანაა, ისევე როგორც სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდ მოკრივეთა ჯგუფის მწვრთნელი მერაბ მაისურაძე. სხვათა შორის, ჩვენთან ვარჯიშობენ უკვე პროფესიულ კრივში გადასული ადგილობრივი მოკრივეებიც. მათთან სპარინგი ორივე მხარეს წაადგება სასიკეთოდ.

- გორში ღია შეჯიბრებებს თუ გეგმავთ?
- ივნისში ვარიანის დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდება გიორგი კანდელაკის სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირი უმცროს ასაკში. შემოდგომით კი გიორგი კარელიძის ტრადიციულ ტურნირს გავმართავთ ახალ, ოლიმპიურ რინგზე, რომელიც შარშან სპორტის სამინისტრომ და კრივის ფედერაციამ გორს გადასცეს. 2008 წლიდან სპორტსმენთა წასახალისებლად დამკვიდრდა პრემიების სისტემაც. შეუძლებელია ასეთმა მიდგომამ შედეგი არ გამოიღოს.

- უწინ კარგი კონტაქტები გქონდათ თურქეთის თუ კავკასიის ქვეყნების საკრივო წრეებთან და არაერთხელ წაგვიყვანიათ გუნდი ამ ქვეყნებში საასპარეზოდ. აღდგება ტრადიცია?
- სამწუხაროდ, მე რომ დამაბრუნეს წლევანდელი ბიუჯეტი უკვე გაწერილი იყო და ვერაფერს შევცვლიდი. მომავალ წელს კი ძველ კონტაქტებს აუცილებლად განვაახლებთ მეზობლებთან.

- არდადეგების დრო თქვენთანაც დგება?
- სულ ორიოდე დღით თუ შევისვენებთ. სპორტმა არდადეგები არ იცის. მზადების გეგმა უნდა შესრულდეს. ჩემთვისაც კმარა, რაც "დავისვენე", ახლა ინტენსიური მუშაობის დროა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული