ფლოიდი სექტემბერში იჩხუბებს

AutoSharing Option
კრივის ისტორიის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა, ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა (41-0, 25KO) სოციალური ქსელის "ტვიტერის" მეშვეობით გამოაცხადა თავისი მორიგი ბრძოლის შესახებ. 2011 წლის 17 სექტემბერს ის რინგზე გავა ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონის ვიქტორ ორტისის (29-2-2, 22KO) წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში სწორედ WBC-ის საჩემპიონო ქამარი გათამაშდება.

მოგვიანებით ბრძოლის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს პრესრელიზი, რომელშიც დაადასტურეს ეს ინფორმაცია. "მზად ვარ რინგზე დავბრუნდე და ჩემს თაყვანისმცემლებს კრივის მორიგი ფანტასტიკური საღამო ვაჩუქო. შევხვდები დღეისთვის უძლიერეს მოკრივეს. სწორედ ასეთად მიმაჩნია ვიქტორ ორტისი,
- განაცხადა მეივეზერმა. - ის მოქმედი ჩემპიონი და ძალიან ნიჭიერი მოკრივეა, რომელმაც მთელი თავისი ოსტატობა გვიჩვენა ანდრე ბერტოს წინააღმდეგ.

ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ასეთი გამოწვევები მჭირდება: ახალგაზრდა, ძლიერი, პერსპექტიული მოკრივე, რომელიც ჩემი დამარცხებით შეეცდება კრივში სახელის შექმნას. უნდა შევაქო იმის გამო, რომ მან ამ ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ 17 სექტემბერს ის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდება, რიგით 42-ე, რომელიც ეცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. დამიჯერეთ, ეს ასე მოხდება".

"პატივს ვცემ მეივეზერს, რადგან ის მრავალი წლის განმავლობაში ჩემპიონი იყო. დარწმუნებული ვარ, სრულ მზადყოფნაში შეხვდება ბრძოლას, მაგრამ მეც კარგ ფორმაში ვიქნები, - ამბობს ორტისი. - ძლიერი მოკრივე ვარ და ყველა ღონეს ვიხმარ ჩემი კრიტიკოსების გასაჩუმებლად. სამართლიანად ვფლობ საჩემპიონო ტიტულს და უახლოეს წლებში არ ვაპირებ მის დათმობას. ეს იქნება დიადი ბრძოლა, მაგრამ ჩემპიონად ისევ მე დავრჩები, თანაც დიდი ხნით".

სავარაუდოდ, ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და ორივე მოკრივე მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მეთოდიკით გაივლიან დოპინგზე შემოწმებას. როგორც ამერიკული პრესა წერს, მეივეზერი ამ ჩხუბისთვის 40 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც ძალიან მაღალი ჰონორარია. იმავე მენი პაკიოამ შეინ მოზლისთან ბოლო ბრძოლაში 20 მილიონი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა მეივეზერმა 2010 წლის მაისში ჩაატარა - მაშინ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო შეინ მოზლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული