ტაისონს ოცნება აუხდა

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ კანასტოტში გაიმართა ცერემონია, რომლის დროსაც კრივის დიდების საერთაშორისო დარბაზში ახალი წევრები შეიყვანეს - კონსტანტინ ცზიუ, მაიკ ტაისონი, ხულიო სესარ ჩავესი, ცნობილი მწვრთნელი იგნასიო ბერისტაინი, რეფერი ჯო კორტესი, აგრეთვე ცნობილი მსახიობი სილვესტერ სტალონე.

ბევრი სპეციალისტის გაკვირვებას იწვევდა ის ფაქტი, რომ ისეთ სახელოვან მოკრივეებს, როგორებიც არიან ტაისონი და ჩავესი, აქამდე არ ერგოთ ეს პატივი. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია. მაგალითად, ლეგენდარული სუპერმძიმეწონოსანი ჯორჯ ფორმენი საპატიო სიაში მხოლოდ 2003 წელს შეიყვანეს. "სიმართლე ითქვას, არ მჯერა მომხდარის. მიძნელდება საკუთარი ემოციების შეკავება. ამაზე ვოცნებობდი",
- განაცხადა საზეიმო ცერემონიაზე ტაისონმა.

საგულისხმოა, რომ კრივის დიდების დარბაზში უკვდავყვეს არა მარტო მოკრივეები, არამედ ის პიროვნებებიც, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კრივის პოპულარიზაციაში. ამ მიმართულებით აღნიშნეს ჰოლივუდის ვარსკვლავის სილვესტერ სტალონეს მიღწევები, რომელმაც სახელი გაითქვა კრივზე შექმნილი ფილმით - "როკი". სურათი ეკრანებზე 1976 წელს გამოვიდა და მომდევნო წლებში მაყურებელმა როკი ბალბოაზე ისტორიის კიდევ ხუთი ნაწილი იხილა.

* * *
ლეგენდარულმა ამერიკელმა ევანდერ ჰოლიფილდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეხუთედ მოგების სურვილი. ცნობილ მძიმეწონოსანს ძმები კლიჩკოებისთვის საჩემპიონო ქამრის (ან ქამრების) წართმევა აქვს განზრახული.

"დღეს ბევრი ლაპარაკია ძმებ კლიჩკოებზე. ვინც რა უნდა თქვას, ისინი - შესანიშნავი მოკრივეები არიან. მაგრამ ძმების პრობლემა იმაშია, რომ მათ არასოდეს ჰყოლიათ ღირსეული მოწინააღმდეგეები.

ამიტომაც არავინ იცის რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ძმები ისეთ მოკრივეებს შეხვდებიან, რომლებსაც პრესინგი და მუდმივად შეტევაში ყოფნა შეუძლიათ. ჩვენ შეიძლება ეს ვერასოდეს გავიგოთ.

მაგრამ მე მზად ვარ. მიმაჩნია, რომ ყველაფერი მაქვს რომელიმე კლიჩკოს დასამარცხებლად. თუ ეს მოხდება, მაშინ ტიტულს მოვიგებ და მშვიდად წავალ პენსიაში", - ამბობს თავის ბოლო ინტერვიუში ჰოლიფილდი.

* * *
ცნობილმა პრომოუტერმა ბობ არუმმა ამა წლის 3 დეკემბრისთვის მორიგი საინტერესო ბრძოლა დაგეგმა. ეს იქნება მატჩრევანში მიგელ კოტოსა და ანტონიო მარგარიტოს შორის.

ცოტა ხნის წინ პირველ საშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონი, პუერტორიკოელი მიგელ კოტო საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონის, მექსიკელი ხულიო სესარ ჩავეს-უმცროსის ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ განიხილებოდა. მაგრამ პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის შეფმა ბობ არუმმა განაცხადა, რომ ჩავესი ჯერ მზად არ არის კოტოს დონის მოკრივესთან საჩხუბრად.

ამიტომაც არუმი პირველად გეგმას დაუბრუნდა: ეს არის რევანში კოტოსა და მსოფლიოს ყოფილ სამგზის ჩემპიონ ანტონიო მარგარიტოს შორის. პუერტორიკოელმა 2008 წლის ზაფხულში წააგო მექსიკელთან. ტექნიკური ნოკაუტი მე-11 რაუნდში დაფიქსირდა.

მატჩრევანშის გამართვა 3 დეკემბერს ნიუ იორკშია დაგეგმილი. თავდაპირველი ჩანაფიქრით ბრძოლის ჩატარების თარიღი იყო 17 სექტემბერი, მაგრამ მარგარიტომ შარშან ნოემბერში მენი პაკიაოსთან ბრძოლისას თვალი სერიოზულად დაიზიანა და ოპერაცია გადაიტანა. მექსიკელი მხოლოდ ივლისის დასაწყისში შეძლებს სპარინგების ჩატარებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული