სრული შემადგენლობითა და ახალი ეკიპირებით

AutoSharing Option
თურქეთის დედაქალაქში 17 ივნისს დაიწყება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 10-კაციანი ნაკრებიც იასპარეზებს მთავარი მწვრთნელის - რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით. ანკარაში გამგზავრების წინ გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დასახელდა გუნდის შემადგენლობა ახალი ეკიპირების პრეზენტაციაც მოეწყო, რომელსაც კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პეტრე ცისკარიშვილი და სპორტის მინისტრის მოადგილე გია გალდავაც დაესწრნენ.

- წლეულს იანვრიდან შვიდი საწვრთნელი შეკრება გავიარეთ, - გვითხრა რამაზ ფალიანმა. - ამ ხნის განმავლობაში ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ - მონდომებით ვარჯიშობდნენ და, ვფიქრობ, მზად არიან საიმისოდ, თურქულ რინგზე წარმატებისთვის
იბრძოლონ. შედეგს ნაკრების თითოეული წევრისგან ველოდები. იღბლიანი წილისყრა და მსაჯების ობიექტურობაც არ არის მეორეხარისხოვანი. თუმცა ბოლო დროს ჩვენი ფედერაციის ავტორიტეტი იმდენად გაიზარდა, რომ არბიტრები იოლად ვერ შემოგვიტევენ. მთავარია, ქართველმა მოკრივეებმა შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინონ.

ანკარის რინგზე ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ ავთანდილ ჭუბაბრია (49 კგ), გიორგი კილანავა (52), ნიკოლოზ იზორია (56), კობა ფხაკაძე (60), ბაკურ გოგოჭური (64), ზაალ კვაჭატაძე (67), ჯაბა ხოსიტაშვილი (75), იაგო კიზირია (81), ლევან გულედანი (91) და მიხეილ ბახტიძე (+91).

ვლადიმერ ახალკაცი, კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომისა და მსაჯთა კოლეგიის წევრი, AIBA-ს ტექნიკური დელეგატი: ქართულ კრივს სახელმწიფოსგან ამგვარი მხარდაჭერა არასდროს ჰქონია: სპორტის სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შარშანდელთან შედარებით დაფინანსება გაგვიორმაგეს. შვიდი საწვრთნელი შეკრებიდან ოთხი ერთობლივად ბულგარელებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან და ყაზახებთან, ოთხ საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზეთ და სხვადასხვა სინჯის 12 მედალი მოვიპოვეთ. ყოველივე ეს კი გვაძლევს საფუძველს, ოპტიმისტურად განვეწყოთ და ვიფიქროთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალს მაინც მოვიპოვებთ. სახელმწიფოს ზრუნვამ ბიჭების პასუხისმგებლობაც საგრძნობლად აამაღლა. ორიოდე დღის წინათ თითოეულმა მათგანმა პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილის მეთვალყურეობით სამედიცინო შემოწმება გაიარა. ყველანი მზად არიან ანკარის რინგზე ბოლომდე დაიხარჯონ.

- მსოფლიო კრივში ხშირია არბიტრებისგან სპორტსმენთა დაჩაგვრის შემთხვევები...
- სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ოფიციალურ შეჯიბრებებში არცთუ იშვიათად მედლების ბედი რინგს მიღმა წყდება. ამ უსამართლობის წინააღმდეგ დიდი ხანია, ვიბრძვით საერთაშორისო სარბიელზე. ბოლო დროს ამ საქმეში აქტიურად გვიჭერს მხარს მსოფლიო ფედერაციის ტაივანელი პრეზიდენტი ჩინ კუ ვუ, რომელიც შარშან სეოკ-ის მოწვევით თბილისში იმყოფებოდა. დღესაც საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებებითაა და ყოველ შეჯიბრებაზე თანადგომას გვიცხადებს. ამას სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც გრძნობენ და ხედავენ. ბოლო დროს ჩვენდამი გამოჩენილი სიმპათიების გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ანკარაში მსაჯადაა მიწვეული AIBA-ს არბიტრი ზურაბ ტიბუა, რომელიც მოკრივეთა ოჯახში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. კარგა ხანს ცხოვრობდა თურქეთში რამაზ ფალიანი, რომელსაც ჩვენი ნაკრების ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ძალღონე არ დაუზოგავს. ფალიანსაც უდიდეს პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. ყოველივეს მიუხედავად, გამორიცხული არაფერია, თუმცა გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ ჩვენი ბიჭების უსამართლოდ დაჩაგვრას თუ ვინმე მოინდომებს, ევროპის ჩემპიონატი უსკანდალოდ არ ჩაივლის. ჩვენ რინგზე სამართლიანობისთვის ვიბრძვით.

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებს გზა დაულოცა და წარმატება უსურვა სპორტის მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ. "ვიმედოვნებ, რომ ანკარაში ყველაფერი კარგად ჩაივლის. თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატია. საამისოდ კი ევროპის პირველობა გენერალურ რეპეტიციად უნდა ჩაითვალოს", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული