ფინალები უჩვენოდ

AutoSharing Option
თურქეთის დედაქალაქში დღეს დამთავრდება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი; ანკარის რინგზე გუშინ ნახევარფინალური ორთაბრძოლები გაიმართა. სამწუხაროდ, ქართველთათვის ისინი უიღბლო გამოდგა.

ჩვენებურთაგან პირველი გავიდა სარბიელზე ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ), რომელიც მასპინძელთა იმედს, 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორსა და 2009 წლის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების პირველობის ფინალისტ ადემ ქილიჩის შეხვდა.

ქომაგთა აქტიური მხარდაჭერით თურქმა ფინალში გასვლის შანსი ხელიდან არ გაუშვა. 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაალ კვაჭატაძემ უელსელ ფრედ ევანსს მეორე და მესამე რაუნდებში თანაბარი ბრძოლა გაუმართა, პირველი სამწუთიანი მონაკვეთი კი ბრიტანელის მხარეს იყო და
საბოლოოდ მან გაიმარჯვა კიდეც.

მძიმე წონაში მიხეილ ბახტიძე რუს მაგომედ ომაროვს დაუპირისპირდა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, რომლისთვისაც ეს ასპარეზობა პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება იყო (იგი რუსეთის ბოლო ორი წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია), ჩვენებური მესამე წუთზე ნოკდაუნში ჩააგდო. მეორე სამწუთიანი მონაკვეთის დასაწყისშივე საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა ბახტიძე რინგიდან მოხსნეს. გამარჯვება, ცხადია, ომაროვს დარჩა.

გუშინდელი მარცხის მიუხედავად, თურქეთში მოპოვებული ბრინჯაოს სამი მედალი ქართველი მოკრივეების აშკარა წარმატებაა და წინსვლის მაჩვენებელიც, რაც გვაიმედებს, რომ წლეულს ოქტომბერში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ბაქო უმასპინძლებს, ჩვენი სპორტსმენები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებითაც გაგვახარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული