ორ ივლისს, ჰამბურგის "იმტეხ არენაზე" მოწყობილ რინგზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სუპერმძიმე წონაში WBO-ის, IBF-ის, IBO-ისა და IBC-ის ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო და WBA-ის ვერსიით საუკეთესო, ბრიტანელი დევიდ ჰეი. მოკრივეებმა ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის წინ ბოლო პრესკონფერენცია გამართეს.
"ბევრს მიაჩნდა, რომ ამ სტადიამდე ვერ მივაღწევდი, - პირველმა სიტყვა ჰეიმ აიღო. - ფიქრობდნენ ტრავმის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო უარს ვიტყოდი ბრძოლაზე. მაგრამ მე აქ ვარ და შესანიშნავ ფორმაში
მე მას უბრალოდ გავანადგურებ. კლიჩკოს მწვრთნელის ემანუელ სტიუარდის თქმით, ვლადიმერი ბრწყინვალე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაში იმყოფება, რომ ის შესანიშნავად არის მომზადებული, შეისწავლა ჩემი ბრძოლების ჩანაწერები... მაგრამ მე მას სრულიად ახალი რამ მოვუმზადე. სასიამოვნო სანახავი იქნება, როგორ გამოვა მწყობრიდან რობოტი კლიჩკო.
სავსებით ჯანმრთელი ვარ. არანორმალური სისწრაფე და დარტყმის ძალა მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ეს ბრძოლა სწორედ ახლა იმართება და არა ორი წლის წინ. დღეს გაცილებით უკეთესი მებრძოლი ვარ. ბევრჯერ მინახავს კლიჩკოს ბრძოლები. ვფიქრობდი იმაზე, როგორ მოდიოდა ჩემსკენ მისი ჯები ან მარჯვენა პირდაპირი დარტყმა, როგორ ვიცილებ თავიდან მის მარცხენა ჰუკსა და მარჯვენა აპერკოტს. ეს ყველაფერი ათასჯერ მაქვს ნანახი და უბრალოდ ვერ ვითმენ, როდის გავალ რინგზე და გავაკეთებ იმას, რაც დიდი ხნის უნდა გამეკეთებინა. ჩემს მწვრთნელთან ადამ ბუტთან ერთად ბრძოლისთვის იდეალური გეგმა შევადგინე. საქმე ისაა, რომ კლიჩკო იოლად პროგნოზირებადი მოკრივეა. ის ჯერ კიდევ მოყვარულებიდან მოყოლებული ასეთია. თითქოს უფრო დიდი, ძლიერი და სტაბილური ხდება, მაგრამ მაინც არ იცვლება - ყოველთვის ერთნაირია. ეს არის მისი მთავარი ნაკლი. მას არ შეუძლია მოერგოს სიტუაციას ისე, როგორც მე ვაკეთებ ამას. ვფიქრობ, სწორედ ეს განსხვავება ითამაშებს გადამწყვეტ როლს ჩვენს ბრძოლაში.
კომპიუტერულ თამაშში - "დევიდ ჰეის ნოკაუტები", რომელიც ამ ბრძოლისთვის გამოვუშვით, სრულად არის წარმოდგენილი სტრატეგია, რომლის დახმარებითაც ვაპირებ ამ ბიჭის ნოკაუტში გაგზავნას. ასე რომ, შეიძინეთ ეს თამაში და გაერთეთ. იმას, რასაც იმ თამაშში იხილავთ, შაბათს წარმოგიდგენთ "ცოცხლად". როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში. ორი ივლისი დიდ ზეიმად იქცევა, ყველა შესანიშნავად გაატარებს დროს, ყველა ბრიტანელი ბედნიერი იქნება. სამწუხაროდ, იგივე ვერ ვიტყვი კლიჩკოს გუნდსა და გულშემატკივრებზე.
მან ბოლო წლებში ძალიან ბევრი ბრძოლა მოიგო, ასე რომ, დროა იგემოს ნოკაუტით მარცხი".
შემდეგ ტრიბუნასთან კლიჩკო მივიდა. მანამდე უკრაინელმა მისასალმებლად ხელი გაუწოდა ბრიტანელს, მაგრამ უარი მიიღო.
"რატომ არ გინდა ხელის ჩამორთმევა? ყველამ მიიღო ჩემი ჟესტი - უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებმა, ბრაზილიელებმა, გერმანელებმა, მოჰამედ ალიმ, მაქს შმელინგმა, ჯორჯ ფორმენმა, ჯო ფრეზერმა, ლარი ჰოლმსმა, მაიკ ტაისონმა, ლენოქს ლუისმა. და კიდევ, დალაი ლამამ! მათ ხელი ჩამომართვეს, შენ კი არ გინდა ამის გაკეთება. რატომ?" - მიმართა კლიჩკომ ჰეის.
"ხელს ჩამოგართმევ მაშინ, როცა შენს სანახავად მოვალ საავადმყოფოში", - უპასუხა ბრიტნელმა.
"ვხედავ, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფები, საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ და კარგად მოემზადე 2 ივლისის ბრძოლისთვის, - გააგრძელა თავისი სიტყვა კლიჩკომ. - მეც შენსავით მოხარული ვარ, რადგან მაქვს გამოწვევა რინგზე, რასაც ყოველთვის ვეძებ. კრივი ხომ ის არის, რაც ყველაზე კარგად ვიცი ცხოვრებაში. სად არის შენი მაისურა, დევიდ? ეს რაღაც ახალია? რა წერია აქ? "დევიდის ნოკაუტი ტვიტერზეც ხელმისაწვდომია". ახლა "ტვიტერზეც" იმუქრები, რომ თავს მომაძრობ? გასაგებია...
სხვათა შორის, მაისურის შესახებ - გაიძულებ ის შეჭამო.
სინამდვილეში, ჰეი არ არის ცუდი ადამიანი, როგორც მასზე ამბობენ. დიახ, მან დღეს აქ ნახევარი საათი დააგვიანა. ჩვენ ყველანი გელოდებოდით, პრინცესა (მიმართა ჰეის)! ისე იქცევი, თითქოს ჩემპიონი იყო. როგორც მებრძოლს, პატივს გცემ. მჯერა, რომ არც ისე ცუდი ბიჭი ხარ. თუმცა ძალიან თავხედურად იქცევი - მთელი ეს მაისურები და სხვა სისულელეები... ასეთი სტილი მას შემდეგ აირჩიე, რაც ჩემპიონი გახდი. მაგრამ ასეთი საქციელი კარგს არაფერს მოგიტანს როგორც რინგზე, ასევე ცხოვრებაში.
2 ივლისს კარგ გაკვეთილს მიიღებ. მინდა მხოლოდ ის გითხრა, რომ მე მქვია ვლადიმერ კლიჩკო, დოქტორი კლიჩკო. შაბათს მე შენი თერაპევტი გავხდები. გადავწყვიტე შენს მკურნალობას მივხედო. დარტყმებით გადაბრუნებ სიზმრების ქვეყნიდან რეალურ სამყაროში. ეს სასარგებლო იქნება შენი მომავალი ცხოვრებისთვის. უფრო კარგი ადამიანი გახდები, უკეთ მოიქცევი და დაგვიანებას გადაეჩვევი.
წარმატებას გისურვებ ბრძოლაში. 2 ივლისს რინგზე გელოდები. არ დააგვიანო".