კარგია, როცა შედეგი მოლოდინს აჭარბებს

AutoSharing Option
თურქეთის დედაქალაქში მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე სამმა ქართველმა სპორტსმენმა (ზაალ კვაჭატაძე, ჯაბა ხოსიტაშვილი, მიხეილ ბახტიძე) ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ანკარაში გამართულ ორთაბრძოლებზე გვესაუბრება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი რამაზ ფალიანი.

- ევროპული ბატალიებისთვის მზადება იანვარში დავიწყეთ ბაკურიანის საწვრთნელი შეკრებით. მას შემდეგ მასპინძლებთან ერთობლივი ვარჯიშები გავმართეთ ბულგარეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყაზახეთში. ამავე ქვეყნებში საერთაშორისო ტურნირებზეც მოვსინჯეთ ძალები და არც ერთი შეჯიბრებიდან უმედლოდ არ დავბრუნებულვართ. თურქეთში გამგზავრების წინ
დასკვნითი შეკრება დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე და თბილისში გვქონდა.

ხუთთვიანმა მომზადებამ და საერთაშორისო რინგზე მიღებულმა გამოცდილებამ დადებითად განგვაწყო. წარმატების თავიდანვე გვჯეროდა, თუმცა, მართალი გითხრათ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. შესაძლოა, ათივე მოკრივემ ბოლომდე ვერ გამოავლინა თავიანთი შესაძლებლობები, მაგრამ, როგორც უფროსი მწვრთნელი, მათი გამოსვლით უკმაყოფილო მაინც არ ვარ. სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არნახული თანადგომისა და დახმარების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ცუდად ასპარეზობის უფლება არც გვქონდა.

49 კილოში ალექსანდრე ჭუბაბრია თურქ მოკრივეს შეხვდა. ფერჰათ ფეხლივანს დიდი ხანია, ვიცნობ, საერთაშორისო სარბიელზე ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქეა. ყოველივეს მიუხედავად, მაინც ვფიქრობდით, რომ სანდრო პირველ ბარეიერს გადალახავდა. მაგრამ, ეტყობა, ახალ წონაში შესაგუებლად დრო არ ეყო - იგი ზედა კატეგორიიდან გადმოვიყვანეთ. რამდენიმე კილოს დაკლებამ, ალბათ, უარყოფითად იმოქმედა მის ფიზიკურ კონდიციებზე. ყოველივეს მიუხედავად, ჭუბაბრიამ ტოლი არ დაუდო გამოცდილ მოწინააღმდეგეს და მხოლოდ ორიოდე ქულით დათმო ორთაბრძოლა.

52 კილოში გიორგი კილანავა გამოდიოდა. ალბათ, იცით, რომ ეს სპორტსმენი პროფესიულ რინგზე ცდიდა ძალებს და ნაკრებს მხოლოდ ბოლო ეტაპზე შემოუერთდა თბილისში. მანამდე საფრანგეთში ემზადებოდა. მართალია, ფიზიკური ძალა არ აკლდა, მაგრამ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები ნაკრების ხელმძღვანელობამ ბოლომდე მაინც ვერ გაარკვია. ფრანგ ელი კონკისთან ისიც ორი ქულით დამარცხდა. უკმაყოფილო მაინც არ დავრჩენილვარ, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გიორგის თავისი უპირატესობის დამტკიცება მოუწევს, რადგან ამ წონაში პერსპექტიული ბიჭები გვყავს და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებისას სპარინგებს მოვაწყობთ. მწვრთნელებისთვის ერთგვარად უხერხული კი არის არჩევანის გაკეთება, მაგრამ ნაკრებისა და ქართული სპორტისთვის ნამდვილად კარგია, როცა თითოეულ წონაში ჯანსაღი კონკურენციაა.

56 კილოში ნიკოლოზ იზორიამ იასპარეზა. ფოთელმა მოკრივემ ისეთი ტრავმა გადაიტანა, რომ რინგზე მის დაბრუნებას ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა. წლეულს ჩვენთან ერთად გაიარა ყველა შეკრება, ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ფინალშიც გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ წონაში მას საქართველოში კონკურენტი არ ჰყავს.

უწინდელ კონდიციებს ბოლომდე თუ აღიდგენს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ლონდონის ოლიმპიადის საგზურსაც გამოკრავს ხელს ბაქოში. არ არის გამორიცხული კვარცხლბეკზე ასვლაც მოახერხოს. იზორიამ ანკარაში გზიდან ჩამოიცილა საკმაოდ ძლიერი შოტლანდიელი იოზეფ ჰემი, მეორეში კი ირლანდიელ ჯონ ჯო ნევინთან ხუთი ქულით დამარცხდა. დარწმუნებული ვარ, ბაქოში ისინი კვლავ გადაეყრებიან ერთმანეთს, წარმატება ჩვენებურის მხარეს იქნება. როგორც გითხარით, მსოფლიოზე მისგან შედეგს ველოდებით.

60 კილოში წინა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა კობა ფხაკაძემ იასპარეზა. კილანავას მსგავსად, ისიც ბოლო დროს შემოუერთდა ნაკრებს, რადგან პროფესიულ რინგზე გამოდიოდა ბაქოში. გვეგონა, ამჯერადაც ავიდოდა კვარცხლბეკზე, მაგრამ ობიექტური მიზეზებით ვერ შეძლო საუკეთესო თვისებების გამოვლენა. ჯოშ ტეილორთან შეხვედრა ფრედ - 12:12 დაამთავრა, მაგრამ არბიტრებმა უპირატესობა შოტლანდიელს მიანიჭეს.

64 კილოში ბაკურ გოგოჭური პირველსავე წრეში ინგლისელ თომას სთელკერთან პაექრობისა რინგზე ყოჩაღად ვერ გამოიყურებოდა, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, მეორე რაუნდის შემდეგ შეჯიბრებიდან მომეხსნა.

69 კილოში იყოჩაღა ზაალ კვაჭატაძემ. პირველი ბრძოლა ბელგიელ მოჰამედ სდერისთან ნოკაუტით მოიგო, მერე უკრაინელთა იმედს - დენის ლაზარევს აჯობა. მესამე რაუნდში მეტოქე ორჯერ ნოკდაუნშიც გაგზავნა. ამგვარმა შედეგმა უკრაინელები გააკვირვა. მესამე წრეში ქართველი მწვრთნელის - ზურაბ ანთიას ირლანდიელი შეგირდი უილიამ მაკლოჰლინი დაჯაბნა. სხვათა შორის, ამ ირლანდიელთან კახა ჟვანიამ მილანში მსოფლიოს ჩემპიონატზე წააგო. ზაალმა რევანში აიღო. სანახაობრივად ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო პაექრობა იყო. ნახევარფინალში უელსელ ფრედ ევანსთან თანაბარ ბრძოლაში დათმო შეხვედრა. კვაჭატაძეს მსოფლიოს ჩემპიონატზეც მედლის ერთ-ერთ კანდიდატად მივიჩნევ.

- ამ წონაში კახა ჟვანიას ფავორიტობას გამორიცხავთ?
- კახა ძლიერი მოკრივეა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, რაც მან ტრავმა მიიღო, არ მინახავს, არც ერთ შეკრებაზე არ ჩამოსულა. კი შემეხმიანა ტელეფონით, ვვარჯიშობო, მაგრამ როგორ სპორტულ ფორმაშია, არ ვიცი. ამიტომ ამ წონაში ფავორიტად კვაჭატაძე რჩება. თუკი ჟვანია ისურვებს ნაკრებში ადგილის დაბევებას, ჩვენ ხელს არ შევუშლით. ოღონდ კვაჭატაძესთან პაექრობაში უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა.

საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი ჯაბა ხოსიტაშვილმა (75 კგ) მოუტანა. პირველ წრეში ინგლისელ ოგოგოს, ოჰ-ოჰ-ოჰ, რომ იცოდეთ, რა კარგად მოუგო. არადა, ძალიან გვეშინდა, რადგან ეს ბრიტანელი ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონი გახდა. მეორე წრეში უნგრელ ზოლტან ჰარკსას უნდა შეხვედროდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელი მოიტეხა და ჯაბა უბრძოლველად გავიდა მეოთხედფინალში. იქ კი ევროპის პრიზიორ სომეხს - არტურ ხაჩატრიანს სძლია. ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორს თურქ ადემ ქლიჩს გადაეყარა. მშობლიურმა კედლებმა მაინც თავისი ქნა და მასპინძელი ფინალში გავიდა, ხოსიტაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა.

81 კილოში იაგო კიზირიამ რვა ქულით წააგო ბრძოლა იტალიელ სიმონე ფიორისთან, 91-ში ლევან გულედანი ირლანდიელ გონორ შეეჰენს შეხვდა. ქართველი მოკრივე 83 კილოა, მეტოქე კი 7-8 კილოთი მძიმე იყო. ამის მიუხედავად, ჩვენებური არაფერს უთმობდა, მაგრამ მე-3 რაუნდის დასაწყისში გულედანმა ხელი გაიბზარა და ბრძოლა ვეღარ განაგრძო, თუმცა საშიში არაფერია - ორ-სამ დღეში თაბაშირს მოიხსნის და ვარჯიშს განაახლებს. გულედანი რინგიდან რომ ჩამოდიოდა, ანთიამ ირლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს გადაულაპარაკა, გადავრჩითო.

მძიმე წონაში მიხეილ ბახტიძემ გვასახელა. წლეულს მან აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირებში მედლები მოიპოვა და თურქეთიდანაც ბრინჯაოს ნადავლით დაბრუნდა. ჯერ პოლონელ მარჩინ რეკოვსკის სძლია 14 ქულით, მერე სლოვენიელი როკ ურბანსი დაამარცხა. ნახევარფინალში რუს მაგომედოვს შეხვდა. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აშკარად ძლიერი მოკრივეა. რომ შევატყვე, უპირატესობა მის მხარეს იყო, ბრძოლის გაგრძელება უაზრობად მივიჩნიე, ამიტომ მეორე რაუნდის დასაწყისშივე ბახტიძე რინგიდან მოვხსენი. ბრინჯაოს მედლის მოპოვება მისთვის მართლაც დიდი გამარჯვება იყო.

ანკარაში მიღწეულ წარმატებაში სპორტსმენებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ შალვა გოგოლაძეს, გენერალურ მდივან ვლადიმერ ახალკაცს, AIBA-ს არბიტრ ზურაბ ტიბუას, ნაკრების მწვრთნელ თემურ ოჩიგავას, რომლებიც უდიდეს დახმარებას უწევდნენ ჩვენს ბიჭებს. ბატონი შალვა მოკრივეებს რინგზე სპარინგპარტნიორობასაც კი უწევდა. ახალკაცი ჩემპიონატის ტექნიკური დელეგატის მოადგილე გახლდათ და ტიბუასთან ერთად ყველა ღონე იხმარა, არბიტრებს არ დავეჩაგრეთ. ანკარაში მსაჯობა რომ ობიექტური იყო, ეს ბატონ ვოვას დიდი დამსახურებაა, გარკვეულწილად - ოთარ რაგიმოვისაც, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, დღეს კი ისრაელის მოქალაქეა.

ერთი საინტერესო ფაქტიც მინდა აღვნიშნო: მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვშორებია ჩვენებური ოუზ ილდრმი-პატარიძე. იგი ანკარაში ცხოვრობს, მამამისი კი საქართველოში ბიზნესმენობს. შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ოუზმა ჩვენი გუნდის წევრები დაასაჩუქრა და ბრინჯაოს მედლების აღსანიშნავად რესტორანში დაგვპატიჟა.

- 16 სექტემბერს ბაქოში მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატი დაიწყება. იქამდე კი არც ისე დიდი დროა...
- დასვენებას არ ვაპირებთ. ორიოდე დღეში სვანეთს გავემგზავრებით და იქ ფიზმომზადებას გავივლით. შემდეგ ერთობლივი შეკრების მოწყობა გვინდა უკრაინელებთან და ყაზახებთან. ალმათიში შუააზიელებთან ერთობლივმა ვარჯიშებმა ჩვენს ბიჭებს დიდი გამოცდილება შესძინა. დასკვნით ეტაპს თბილისში მოვაწყობთ, აზერბაიჯანის დედაქალაქში კი ხუთი დღით ადრე ჩავალთ. ბაქოში პლანეტის უძლიერესი მოკრივეები მოიყრიან თავს. თითოეულ წონაში 8-8 საუკეთესო 2012 წლის ოლიმპიადის საგზურებს დაიმსახურებს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ლონდონში რაც მეტი მოკრივე გვეყოლება, მით უკეთესი. საამისოდ არაფერს დავიშურებთ.

ფოტოზე: რამაზ ფალიანი და ოუზ ილდრიში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული